ავტორი:

11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანებზე ძალადობაში - ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს

11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანებზე ძალადობაში -  ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია მოხდა.

  • უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, მათ შორის, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.

2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-ის მოქალაქის დაკავების თაობაზე ინფორმაცია 2023 წლის 1-ელ ნოემბერს გავრცელდა. 31 წლის კამერონ ჯაე ლუთერ სტენდჰარტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. აშშ-ს მოქალაქე ორ შტატში 11 დანაშაულში არის ბრალდებული. საქართველოში ის 2023 წლის აპრილში შემოვიდა. მანამ, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ქართველი სამართალდამცავების თქმით, მას საქართველოში ყოფნისას დანაშაული არ ჩაუდენია.