აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავენ. ”ამჟამად, არ ვიცი რაიმე გეგმების შესახებ (გაყვანის გეგმის შესახებ). კვლავაც ძალიან კონცენტრირებულები ვართ ISIS-ის მისიის დამარცხებაზე“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა და დასძინა, რომ აშშ-ის ძალები ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან.
რაიდერის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ ბაღდადმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მისი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.
ცნობისთვის, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაღდადი იწყებს მზადებას ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანისთვის, რადგან მათი ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს. ერაყის პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.