ავტორი:

"ნაილი სტუმრად იყო დეიდასთან, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - ვინ არის ბოლნისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოზარდი?

"ნაილი სტუმრად იყო დეიდასთან, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - ვინ არის ბოლნისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოზარდი?
  • ფოტოზე: ნაილ აბდულაევი

გუშინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის რაიონში, სოფელ ბალახაურში. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ისინი გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ, როცა მოულოდნელად მათ ავტომობილი დაეჯახა და სამწუხაროდ, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, მათგან ერთი მოვაჭრე ქალბატონია, რომელიც მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ორი დაშავებული მანქანაში მყოფები არიან.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები არიან, თუმცა ასე არ არის. ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი მარნეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის ნაილ აბდულაევია, რომელიც ბოლნისში დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

"თავიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაღუპულები ძმები არიან. ისინი დეიდაშვილები იყვნენ. ნაილი დეიდასთან იყო ბოლნისში სტუმრად, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ნაილი ძალიან წყნარი ბავშვი იყო, უკარგესი, მამა არ ჰყავდა. დედა ზრდიდა" - გვიყვებიან მარნეულელები.

"სსიპ -ქ.მარნეულის #1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ნაილ აბდულაევის, ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეორე დაღუპული ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის მოსწავლე იყო. სოფელ მუხნარას სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები პროდუქტებს ყიდულობდნენ.

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ასევე გარდაცვლილია მეორე მოზარდი, მისი თანატოლი, რომელიც მარნეულიდან არის და სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში. ითქვა, რომ თითქოს ძმები არიან დაღუპულები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, გადავამოწმე ინფორმაცია და დავაზუსტე, მეორე დაღუპული მარნეულიდანაა. არც ის არის სიმართლე, რომ ისინი იქ ვაჭრობდნენ, არა, იმ ადგილას ძირითადად მოხუცები დგანან და ვაჭრობენ. პატარა ბაზარივით აქვთ და სოფლის პროდუქტებს, ბოსტნეულს ყიდიან. ბავშვები იქ პროდუქტის საყიდლად იყვნენ მისულები და ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა" - ამბობს ონიანი.

წაიკითხეთ ასევე: