იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
მკვლელობა 8 იანვარს, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, საფოსტო განყოფილებასთან მოხდა. ახალგაზრდა დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა გავრცელდა რამდენიმე ვერსია, მათგან ერთის თანახმად, კონფლიქტი, რასაც მკვლელობა მოჰყვა, ნარკოტიკებს უკავშირდება. ამას კატეგორიულად უარყოფენ მოკლული ილიეს ამრის ძმები, რომლებმაც სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
"ის ცდილობდა მოჩხუბრები გაეშველებინა და ამ დროს მოკლეს. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას. ჩვენი ძმა არც ნარკორეალიზატორი ყოფილა და არც კრიმინალური წარსული ჰქონია", - წერენ ისინი.
როგორ ადგილობრივი მედია წერს, ილიეს ამრი ტუნისიდან იტალიაში, ძმებთან ერთად, 5 წლის წინ ჩავიდა.
მოკლულის ოჯახის თქმით, პარასკევს საღამოს ის ვიტორიო ემანუელეს მოედანზე მდებარე საფოსტო განყოფილების შესასვლელთან, კიბის საფეხურზე იჯდა, როცა ტუნისელების და ქართველების ჯგუფების ჩხუბი ატყდა. ახალგაზრდა შეეცადა ისინი გაეშველებინა. ძმების თქმით, სწორედ ამ დროს მოკლეს ახალგაზრდა კაცი.
მოკლულის ოჯახმა ადვოკატი აიყვანა და სამართლიანობას ითხოვს. წყარო