შობა-ახალ წელს, სასწაულის მოლოდინი და სურვილების ახდენის რწმენა მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. ამასთან დაკავშირებული ემოციებისა და მოგონებების გაზიარება რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ...
მარტა ბარამიძე:
- ახალი წელი მართლა სასწაული, კარგი დღესასწაულია, მაგრამ რაღაცები, რაც ახალი წლის დღესასწაულზე ხდებოდა, ისე სენტიმენტალურად მახსენდება, რომ ხშირად ვცდილობ, ამის შესახებ არავის მოვუყვე, რათა არ დასევდიანდნენ. ამაზე საუბარი ახლაც მერიდება...
-1:27 მოგეხსენებათ, 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათი რომ შესრულდება, ამ დროს შინ მეკვლე უნდა შემოვიდეს. 12 საათის დადგომამდე, ჩემი გამზრდელი სახლიდან გარეთ მიშვებდა - კატის თვალები გაქვს, კარგს არაფერს მოიტან, გადი და დაელოდე, რომ ვინმე შემოვიდეს, შენ კი მერე შემოდიო, ანუ მეკვლე არ უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, სადარბაზოში ვიცდიდი ხოლმე. ერთი სული მქონდა, სახლში ვინმე შესულიყო, რომ შემდეგ მეც შევსულიყავი...
- ლოდინი დიდხანს გიწევდა?
- კი, დიდხანს... ბოლოს ლამის მშიერი ვრჩებოდი - სუფრაზე აღარაფერი იდო ხოლმე (იცინის)... სახლში შემოსული ფანჯარასთან ვდგებოდი, რომ სურვილი ჩამეფიქრებინა. ყოველთვის რაღაც ზოგადი სურვილი მქონდა - მინდოდა, ყველა ჯანმრთელი და ძალიან ბედნიერი ყოფილიყო. პირადი სურვილი არასოდეს ჩამიფიქრებია... წინათ ღია ბარათები იყიდებოდა - გახსნიდი და მუსიკას უკრავდა, გარედან თოვლის ბაბუა ეხატა. იმ პერიოდში ციმციმები, ე.წ. "გლითერები" არ იშოვებოდა. ღია ბარათზე დახატულ თოვლის ბაბუას ასეთი "გლითერები" ჰქონდა დაყრილი. ცოტას მოვაფცქვნიდი და თვალებზე ვისვამდი - ძალიან მომწონდა. შემდეგ დავხურავდი და ვინახავდი, რომ მომდევნო ახალი წლისთვის მქონოდა (იცინის)... ყველაფრის მიუხედავად, ახალი წელი ჩემთვის მაინც ჯადოსნურ დღესასწაულად რჩება. ძალიან მინდა ხოლმე, ამ დროს ის ბავშვები, ვინც ბევრ რამესაა მოკლებული, გახარებულები იყვნენ. დიახ, ყველაზე მეტად მათი ბედნიერება მსურს ამ დღესასწაულზე!
- როგორც ვიცი, ბავშვთა სახლში მცხოვრებთა სურვილების ახდენაზე ზრუნავ...
- ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან მომწერა პატარამ. შემდეგ სურვილები გამომიგზავნეს. მარტო ვერ შევძლებ, მაგრამ სხვების დახმარებითაც, მათ ოცნებას ავუსრულებთ და რამდენიმე ბავშვს მაინც გავახარებთ, სიხარულით თვალებს ავუნთებთ...
- მარტა, თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდა?
- სიტუაციას რეალისტურად ვუყურებდი და ვიცოდი, თოვლის ბაბუა არ არსებობდა. საახალწლოდ ჩემთვის საჩუქარიც არავის დაუხვედრებია და მის არსებობას ვერც დავიჯერებდი, მაგრამ ვისაც სჯეროდა, მათ ამას მაინც არ ვეუბნებოდი (იღიმის).
- შობას როგორ აღნიშნავდი?
- ცოტათი მოზრდილ ასაკში, შობის ყოველ დღესასწაულს ტაძარში ვატარებდი. ჩემთვის შობა უფრო სისუფთავის, სიწმინდის, ადამიანური ღირებულებების დღესასწაულია, ახალი წელი კი - სამხიარულო. შობა მართლაც უმნიშვნელოვანესი და უკეთილშობილესი მოვლენაა, როცა ვფიქრობ, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ყველა წყენას, გაუგებრობას ივიწყებენ და მშვიდად, მეგობრულად ცხოვრებას აგრძელებენ. თუ ასე არ ხდება, ჩემი სურვილი ეს არის, რომ შობის მადლით, ადამიანებმა ცხოვრების გაგრძელება მშვიდ ნოტაზე შეძლონ. განაგრძეთ კითხვა