აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, შესაძლოა, ლიბანში "ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემა იხსენებს ბაიდენის ადმინისტრაციის ათზე მეტი ოფიციალური პირის და დიპლომატების განცხადებებს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა მაღალი რანგის წარმომადგენლები ისრაელში, რათა თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას“ შორის.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე ისრაელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ნაწილი განპირობებულია იმით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 34-ჯერ დაარტყა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის შეიარაღებული ძალების პოსტებს.
გამოცემასთან საუბარში ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბანის არმიის პოზიციებს განზრახ არ უმიზნებს.