შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის თქმით, შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
“ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის დღესასწაულს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ყველა ტაძარში. მოვისმინეთ მისი უწმინდესობის საშობაო ეპისტოლე. ამ დღესასწაულს უკავშირდება,ასევე, ფანჯარასთან ანთებული სანთლის ტრადიცია, რომლის ანთებითაც ადამიანები უფალ იესო ქრისტეს მოუხმობენ მათთან ოჯახში. ასევე, "ალილოს" ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ამ დღეს გროვდება სხვადასხვა სურსათ-სანოვაგე გაჭირვებული ადამიანებისთვის და რაც შეგროვდება, შემდეგი დღეების განმავლობაში მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს დაურიგდება”, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
როგორც მსვლელობის მონაწილეებმა აღნიშნეს, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
"ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.