ჯო ბაიდენის პრესმდივან კარინ ჟან-პიერსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერ ჯონ კირბის, გავრცელებული ინფორმაციით, უთანხმოება აქვთ. მიზეზი კი მათი რეგულარული მედია ბრიფინგების პასუხისმგებლობის განაწილებაა.
კირბი, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მთავარი წარმომადგენელი, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, სულ უფრო ხშირად ჩნდება მედიასთან. ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დე ფაქტო სპიკერის როლის მიუხედავად, კირბის ბრიფინგები მკაცრად კონტროლდება ჟან-პიერის მიერ - სწორედ ის არჩევს ჟურნალისტებს, რომლებმაც კირბის კითხვები უნდა დაუსვან.
დაძაბულობა 2022 წლის მაისში დაიწყო, როცა ჯენ ფსაკიმ თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა მისი ადგილი ჟან-პიერს შესთავაზა და გააფრთხილა, რომ კირბისთან ერთად მოუწევდა მუშაობა.
ამ გადაწყვეტილებამ ადმინისტრაციის შავკანიან წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია - მათ მიაჩნდათ რომ ჟან-პიერს, რომელიც პირველი შავკანიანი პრესმდივანია, კირბის ზედამხედველობა არ სჭირდებოდა.
2022 წლის სექტემბერში, კირბის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა თავს მეორე პრესმდივნად - რაზეც მან უპასუხა, რომ საკუთარი იმჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი იყო:
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ კარინეს ჩამოშორება მინდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ვწუხვარ, რომ ხალს ასეთი შთაბეჭდილება ექმნება. აქ მხოლოდ დროდადრო მოვდივარ და მედიასთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობ. მე სწორედ ეს მევალება. ჩემი ყველა ბრიფინგი ჟან-პიერთანაა შეთანხმებული“ - განაცხადა კირბიმ.
ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, კირბი ჟან-პიერის 30-ზე მეტ პრეს ბრიფინგს ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჟან-პიერსა და კირბის შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს.
"თეთრ სახლში საკმაოდ დიდი დროის გატარება მიწევს და მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის საერთოდ არ არის დაძაბული ურთიერთობა. სიმართლე საპირისპიროა - ისინი მუდმივად საუბრობენ და აქვთ კოლეგიალური ურთიერთობა“ - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას...წყარო