ავტორი:

"ისეთი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არც იმჩნევდა, გადიოდა სცენაზე და მღეროდა" - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის მეგობარი

"ისეთი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არც იმჩნევდა, გადიოდა სცენაზე და მღეროდა" - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის მეგობარი

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში ქართველი ებრაელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ვაჟმა მიშელ გურიელაშვილმა დაწერა. პროდიუსერი გია გოგორიშვილი ბატონი კაკულის ბოლო დღეებს ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს...

გია გოგორიშვილი:

- კაკულის 4 წლის წინ დაუდასტურდა სიმსივნე, პირველი ორი წელი ჩვეულებრივ იყო, უბრალოდ, წონაში დაიკლო, თორემ მუშაობდა. ბოლო პერიოდი ძალიან დაიკლო წონაში, გადაცემებშიც ეტყობოდა. ძალიან ენერგიული ადამიანი იყო, სიცოცხლის მოყვარული, ბოლომდე იბრძოდა, ფარ-ხმალს არ ყრიდა. ასეთი მძიმე ავადმყოფობა ჰქონდა, ტკივილები და გასტროლებზე დადიოდა. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა, ტელევიზიებში იწვევდნენ, გადაცემებში მონაწილეობდა.

საოცარი მეგობარი იყო, ისე უხაროდა რომ ჩავდიოდით, გაიქცეოდა იყიდიდა ნაირ-ნაირ ხორცის ნაჭრებს, თავისი ხელით გაამზადებდა შამფურზე და გვიწვავდა. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა მერაბ სეფაშვილთან, ძმებივით იყვნენ.

- ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვე სუსტად იყო...

- ძალიან სუსტად იყო, იწვა. სამი დღის წინ მერაბი ესაუბრებოდა ტელეფონით და მეც ვესაუბრე. მითხრეს, რომ დღესაც უსაუბრია აქ მეგობრებთან. ორი კვირის წინ, რომ დამძიმდა, მერაბიც ჩავიდა და ინახულა. ისრაელში მკურნალობდა, მედიცინა იქ უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ისეთი ვერაგი დაავადება ჰქონდა, რომ მედიცინაც უძლური აღმოჩნდა. წონაში ძალიან დაიკლო, ისეთი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არც იმჩნევდა, გადიოდა სცენაზე და მღეროდა.

- კაკულის ყოველთვის თან ახლდა ხოლმე მეუღლე... რას გვეტყვით ამ ქალბატონზე?

- ლალი გმირი ქალია, ყველაფერში ხელს იუწყობდა. კაკული ძალიან ძლიერი ადამიანი იყო, მაგრამ ხელშეწყობა ხომ გინდა ოჯახში. გადასარევი ბიჭები ჰყავს, ისე ლაპარაკობენ ქართულად, ისე მღერიან, მისი გოგონაც... სამივე სრულყოფილად ლაპარაკობს ქართულად, ეს სულ ლალის დამსაუხურებაა, რადგან ისიც არის ოჯახიდან, რომელიც ქართულ წეს-ჩვეულებებს ინახავს, ძალიან მაგარი მშობლები ჰყავს. ლალი ყოველთვის თან დაჰყავდა. ერთადაც ვიყავით ესპანეთში, ბელგიაში, თბილისში რომ ჩამოდიოდა, აქაც სულ ჩამოჰყავდა. სიმღერაც ჰქონდა კაკულის "ლალი, ლალი“, სამაგალითო ცოლ-ქმრობა ჰქონდათ.

იცით, როგორი ადამიანი იყო კაკული? - აუცილებლად მინდა დაწეროთ, ებრაელი კაცი, მართლმადიდებლურ ეკლესიაში შედიოდა, ჩვენს სახელზე პირჯვარს უწერდა და სანთლებს ანთებდა.

- სამძიმარზე ჩასვლას თუ ახერხებთ?

- მე და მერაბს გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივდივართ, რადგან რეისი არ არის. იქ ისეთი წესია, რომ იმავე დღეს კრძალავენ, მაგრამ რადგან საღამოს დაიღუპა, ხვალ მზის ჩასვლამდე დაკრძალავენ. შემდეგ საფლავზე გადიან 30-ე დღეს, როგორც ჩვენთან 40-ია. ამ დღისთვის აუცილებლად ჩავალთ. მერაბმა როგორც გითხარით, მოასწრო - 2 კვირის წინ ჩავიდა და ინახულა.

წაიკითხეთ ასევე: