ავტორი:

უელსში აღმოჩენილმა უძველესმა სასაფლაომ არქეოლოგები გაოცებული დატოვა - რატომ კრძალავდნენ ერთსა და იმავე სასაფლაოზე ადამიანებს განსხვავებულად?

უელსში აღმოჩენილმა უძველესმა სასაფლაომ არქეოლოგები გაოცებული დატოვა - რატომ კრძალავდნენ ერთსა და იმავე სასაფლაოზე ადამიანებს განსხვავებულად?

სამხრეთ უელსში აღმოჩენილმა უძველესმა, შუასაუკუნეების სასაფლაომ არქეოლოგები გაოცებული დატოვა. VI-VII სს-ის მიჯნაზე გაკეთებული დაახლოებით შვიდი ათეული სამარხიდან დღემდე დეტალურად მხოლოდ 18 საფლავია შესწავლილი.

  • ჩონჩხები საკმაოდ კარგად იყო შემონახული და ზოგიერთი მათგანი კი უჩვეულო პოზებში იყვნენ დასაფლავებული. საფლავებში აღმოჩენილი იარაღი და სხვა ნივთები, ერთი შეხედვით, არ შეესაბამებოდა დაკრძალვის დროს გატანებულ ნივთებს, რაც ბევრ კითხვას აჩენს არქეოლოგებში.

უძველესი სასაფლაო მდებარეობს ფონმონტის ციხესიმაგრის მახლობლად, არაჩვეულებრივ ადგილას, უელსის დედაქალაქ კარდიფის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გვერდით.

არქეოლოგებს ორი წელი დასჭირდათ უძველეს საფლავებთან მისასვლელად, ნიადაგის თხელი ფენის გამო, მუშაობა მხოლოდ ზაფხულსა და თბილ ამინდში იყო შესაძლებელი.

მეცნიერი სამერ კორტსი უძველეს ჩონჩხებს რედინგის უნივერსიტეტში სწავლობს. მისი თქმით, 1500 წლის ადამიანის ჩონჩხები ძალიან კარგადაა შემონახული, რაც დარგის ექსპერტისთვის ნამდვილი საჩუქარია. ნაშთების შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ სამხრეთ უელსში მცხოვრები ხალხი რომის იმპერიის დაშლის შემდეგ.

”ჩვენ აღმოვაჩინეთ უჩვეულო დეფორმაცია ზოგიერთი თავის ქალის კბილზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კბილებს ხშირად იყენებდნენ სამუშაო იარაღად და არა მხოლოდ საღეჭად”, - ამბობს მკვლევარი.

"როგორც ჩანს, ტყავის ან ნაჭრის ძაფის მსგავსს, ან შესაძლოა, ბალახის ღეროებს ისინი ხშირად წინა კბილების საშუალებით ჭრიდნენ“,- განმარტავს კორტსი.

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ცხედრები სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე იყო დაკრძალული, რომელთა შორის კავშირი ჯერ აღმოჩენილი არ არის.

ზოგიერთი ცხედარი ზურგზე იწვა, ზოგიც გვერდზე. რამდენიმე ადამიანი კი ემბრიონის პოზაში იყო დაკრძალული.

მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რატომ კრძალავდნენ ერთსა და იმავე სასაფლაოზე ადამიანებს ასე განსხვავებულად. შესაძლებელია, რომ დაკრძალვები ხდებოდა ხანგრძლივი დროის მონაკვეთში, რაც იწვევდა განსხვავებას დაკრძალვის პრაქტიკას შორის. მაგრამ შესაძლებელია, რომ პოზა დამოკიდებული იყოს სოციალურ სტატუსზე (ან გარდაცვლილის სხვა მახასიათებლებზე).

უძველესი საფლავების სიახლოვეს აღმოჩენილი არტეფაქტები გვახსენებს, თუ რამდენად განსხვავდებოდა ადრეული შუა საუკუნეების მცხოვრებთა ყოველდღიური ცხოვრება თანამედროვე ცხოვრებისგან.

სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებელი გახდა ჭურჭლისა და დაკლული ცხოველების დამწვარი ძვლების ფრაგმენტების ნახვა. თუმცა, არქეოლოგების უდიდესი ინტერესი გამოიწვია ძვლისგან გამოკვეთილმა ჩიპმა, რომელიც აშკარად გამოიყენებოდა სამაგიდო თამაშებში ქულის შესანახად.

ენდი სიმანის თქმით, რომელიც კარდიფის უნივერსიტეტში ადრეული შუა საუკუნეების ისტორიას სწავლობს და გათხრებს ხელმძღვანელობს, იმ დროისთვის სასაფლაოები სრულიად განსხვავებულ როლს ასრულებდნენ საზოგადოებაში, ვიდრე დღეს აქვთ. თითოეულს ჰქონდა ღრმა სიმბოლური როლი, რომელიც სცილდება მიცვალებულთა ცხედრების დაკრძალვის ფორმალურ ფუნქციას.

"უმრავლესობისთვის სასაფლაო არის ერთგვარი დახურული სივრცე, რომელსაც არც თუ ისე ხშირად ვსტუმრობთ“, - აღნიშნავს ის. „მაშინ, როცა წარსულში მთელი [საზოგადოებრივი] ცხოვრება ფაქტობრივად ორგანიზებული იყო სამარხების გარშემო.

ეს არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მიცვალებულებს ასაფლავებენ, ეს ის ადგილია, სადაც საზოგადოების ყველა წევრი ერთად იკრიბება დაკრძალვაზე. მაგრამ დაკრძალვას აუცილებლად თან ახლავს სხვა რიტუალები – მათ შორის საკვების ერთად მირთმევა და გარკვეული სახის საერთო ზეიმი“ - ამბობს სიმენი.

თუმცა, აღმოჩენილი ნივთებით თუ ვიმსჯელებთ, ძველ დროში აქ დაკრძალული ხალხი ძნელად შეიძლება ჩაითვალოს მათი საზოგადოების ჩვეულებრივ წარმომადგენლებად.

მაგალითად, ერთ-ერთ საფლავში იპოვეს ბოთლის ფრაგმენტი. შუშის სისქის და დათარიღების გათვალისწინებით, იგი ამ ადგილას, დიდი ალბათობით, საფრანგეთის ამჟამინდელი პროვინციის ბორდოს ტერიტორიიდან მოიტანეს.

ასევე აღმოაჩინეს უცხოეთთან ვაჭრობის სხვა მტკიცებულებები, მათ შორის კერამიკის ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთიდან იყო ჩამოტანილი.

საზოგადოების რიგითი წევრები ასეთ ძვირადღირებულ და ხარისხიან ნივთებს ვერ ფლობდნენ.

"ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ მათ ჰქონდათ წვდომა მაღალი ხარისხის იმპორტირებულ საქონელზე, რომლის შემოტანაც მხოლოდ მდიდარ ადამიანს შეეძლო სავაჭრო გზებით“, - ამბობს ტუდერ დევისი, კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერი.

"მაგრამ ვინ არის ეს ხალხი, ვინც აქ არიან დაკრძალული? ” - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

სამარხების უფრო ზუსტი დათარიღებისთვის აუცილებელია აღმოჩენილი ნაშთების დნმ-ის ანალიზის ჩატარება. რაც ხელს შეუწყობს აქ დამარხული ხალხის ისტორიის გარკვევას.

წყარო