აშშ-ის სასამართლო ახალ დოკუმენტებს აქვეყნებს, რომლებშიც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის კავშირებია ნახსენები. დასახელებულ ადამიანებს შორის არაერთი ცნობილი ფიგურაა, მათ შორის პრინცი ენდრიუ, ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპი და მაიკლ ჯექსონიც.
სიაში 100 ადამიანზე მეტი ან ბრალმდებელია, ან პოტენციურ მოწმედ სახელდება. როგორც მედია იუწყება, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია საქმის შესახებ სიახლეები კვლავ გამოქვეყნდეს.
ჯეფრი ეპშტეინი მილიონერი ფინანსისტი იყო, რომელიც ვარსკვლავებთან, პოლიტიკოსებსა და მილიარდერებთან ურთიერთობით გახდა ცნობილი. ის პირველად 2005 წელს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მან 14 წლის გოგონას სექსისთვის ფული გადაუხადა.
მას შემდეგ ათობით არასრულწლოვანმა გოგონამ განაცხადა, რომ ეპშტეინმა მათზე სექსუალურად იძალადა, მაგრამ სასამართლომ მამაკაცს მხოლოდ ერთი დანაშაულისთვის მოახდევინა სასჯელი. ჯეფრი ეპშტეინი 13 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ნასამართლეობის შემდეგ საერთოდ გაწყვიტა ეპშტეინთან კონტაქტი, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და დონალდ ტრამპმა, მაგრამ ბევრმა ეს არ გააკეთა.
მომდევნო წლებში ჯეფრი კვლავ განაგრძობდა მდიდარ და ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობას. საბოლოოდ, 2019 წელს კვლავ იფეთქა მის მიმართ ინტერესმა და პროკურორებმა მას სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალიც წაუყენეს. ჯეფრი სასამართლოს განაჩენს არ დაელოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტები არ შეიცავს სენსაციურ ინფორმაციას თავად ეპშტეინის შესახებ, რომელმაც ცხოვრება 2019 წელს თვითმკვლელობით დაასრულა.
სასამართლოს საბუთებში მოხსენიებულია იოჰანა შობერგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2001 წელს ეპშტეინის მანჰეტენის ბინაში ყოფნისას მას პრინცმა ენდრიუმ მკერდზე ხელი მოჰკიდა. თუმცა ბუკინგემის სასახლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, პრინცი ენდრიუ ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
სასამართლოს დოკუმენტებში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და დონალდ ტრამპიც არიან მოხსენიებულები, თუმცა მათ მიერ ჩადენილი არანაირი უკანონო ქმედება არაა დართული. როგორც კლინტონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბილ კლინტონმა ეპშტეინის დანაშაულების შესახებ არაფერი იცოდა.
ჩანაწერების მიხედვით, ქალბატონ შობერგს ეპშტეინმა უთხრა, რომ კლინტონს "ახალგაზრდა გოგონები მოსწონდა". როგორც ცნობილია, კლინტონს, პრეზიდენტობის წლებში, თეთრი სახლის 22 წლის სტაჟიორ გოგონასთან ჰქონდა რომანი.
შობერგისავე მონაყოლშია ნახსენები მაიკლ ჯექსონი და დევიდ კოპერფილდი. მისი თქმით, სწორედ ეპშტეინმა შეახვედრა ის ჯექსონსა და კოპერფილდს, თუმცა ქალს მათგან არანაირი პროვოკაციული ქცევა არ აღუწერია.
სასამართლოს საბუთებში მოხსენიებულია ალფრედო როდრიგესიც, ეპშტეინის მარჯვენა ხელი. როდრიგესს დავალებული ჰქონდა, რომ ჯიბეზე სულ ჰქონოდა ნაღდი ფული, რათა სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის მიეცა. მოსწავლეები, ფულის სანაცვლოდ, ეპშტეინისთვის არასრულწლოვანი გოგონების რეკრუტირებაში ეხმარებოდნენ.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა