XXI საუკუნეში, სიძულვილის ენას ციფრული საზოგადოების ჭირს უწოდებენ. სიძულვილის ენის საყოველთაოდ აღიარებული იურიდიული დეფინიცია არ არსებობს. ეს არის გამოხატვის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების დამკვიდრებას, საზოგადოებისთვის ცნობილი ჯგუფების თუ კონკრეტული ადამიანების მიმართ.
სოციალურ ქსელებში, ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინტერვიუების კომენტარებში ხშირია უსიამოვნო, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამოხმაურება. საყურადღებოა, რომ ღირსების შემლახავი კომენტარების ავტორები ადრესატებს არც იცნობენ.
როდესაც რესპონდენტებთან ინტერვიუების შესათანხმებლად ვრეკავ, ზოგიერთი იმ პირობით მთანხმდება, რომ ინტერვიუ მხოლოდ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე იქნება და ინტერნეტსივრცეში არ აიტვირთება; ზოგიერთს სურს ატვირთვა, მაგრამ კომენტარების გათიშვას მოითხოვს, რადგან ნეგატიური კომენტარების გამო არ სურს ოჯახის წევრები ანერვიულონ ან თავად გაღიზიანდნენ. ამ სტატიაზე მუშაობის დროს, ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ერთ-ერთი პირისგან ასეთი ფრაზაც მოვისმინე: "ჩემთვის ეს იმდენად მტკივნეული თემაა. ისეთ დღეში ჩამაგდეს, გახსენებაც აღარ მინდა", - და ბოდიშის მოხდით, ინტერვიუზე უარი თქვა.
ციაკო ფიფია, მსახიობი, იუმორისტი:
- ჩემს ინტერვიებზე ცუდი კომენტარები ნაკლებად მინახავს; არც მახსოვს, საერთოდ მინახავს თუ არა ან ვინმესგან რამე მწყენოდა. მაგრამ ცუდი კომენტარები ჩემს სკეტჩებზე არის ხოლმე. თუ დაწერენ; ეს გოგო ვიზუალურად არ მომწონს, დიდი ცხვირი აქვს, პუტკუნაა და ა.შ., მართლა არ მექნება ამაზე რეაქცია, არ შევედავები, არ მეწყინება. ჩავთვლი, რომ მის გემოვნებაში ვერ ვჯდები. არც იმაზე მექნება რეაქცია, ვინმემ რომ დაწეროს უნიჭოაო, მაგრამ ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომელიც მწარედ მახსოვს: ასაკოვანმა ქალმა ზუსტად ასე დაწერა, - "ვაიმე, ეს გოგო ძალიან მეზიზღება". ეს კომენტარი მართლა გულზე მომხვდა, რადგან ავტორი ჩემს პიროვნებას სხვაგვარად შეეხო. ვერაფრით წარმოვიდგინე, სრულიად უცნობმა ადამიანმა ასეთი კომენტარი რატომ უნდა დაწეროს?
- მასთან დაკავშირება ხომ არ სცადეთ?
- როგორ არ ვცადე, მივწერე, - ქალბატონო, თქვენს ნათქვამს ვერ ვხვდები, რატომ გეზიზღებით? მაინტერესებს, ოდესმე ცუდად შეგეხეთ ან გაგიგიათ, რომ ვინმეს ცუდი გავუკეთე? ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება როგორ გაგიჩნდათ-მეთქი? ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სიტუაციაში გარკვევა ვცადე. არც ერთი სხვა შემთხვევა გულთან ახლოს არ მიმიტანია.
- იმ ქალბატონმა გიპასუხათ?
- არა, შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, როლი არ მომწონს, რომელსაც ასრულებო, - სულ სხვა რამე თქვა. ვუთხარი, რომ სათქმელი არასწორად ჰქონდა გადმოცემული. ბევრს დაუწერია, პერსონაჟი არ მომწონსო და ეს გასაგებია, არ მწყინს.
- ოჯახის წევრების რეაქცია როგორია?
- ყველამ იცის, ისეთ სფეროში ვტრიალებ, ცუდიც დაიწერება და კარგიც. მიკვირს, ადამიანებს ცუდის წერა უფრო რატომ სიამოვნებთ? საკუთარ თავზე ძალიან მტკივნეულად არ გამომიცდია, მაგრამ ახლახან ბაბი კირკიტაძის შემთხვევა ძალიან განვიცადე, ვინერვიულე. ამ გოგოს რას გადაეკიდნენ?! რამდენი და როგორი ნეგატივის ტალღა იყო მისი მისამართით, ვეღარ ვითვლი. ამას არ იმსახურებს. ამ კომენტარების დამწერებს წარმოუდგენიათ, ადამიანს ნერვიულობისგან რა შეიძლება დაემართოს?
- ნეგატიური კომენტარები ყალბი პროფილებიდან უფრო ხშირად იწერება თუ...
- ჩემი დაკვირვებით, უმეტესად ტროლები წერენ. მათ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. ადამიანებს არ აქვთ რეალური ცხოვრება, ამ ცხოვრებისგან ვერ იღებენ სიამოვნებას, გაჟღენთილი არიან ბოღმით, ნეგატივით და ინტერნეტსივრცეში ანთხევენ ათასგვარ სისაძაგლეს. ძალიან მინდა, ყველამ იპოვოს საკუთარი ბედნიერება და მერე ნაკლები ღვარძლი დაინთხევა, ნაკლები ცუდი კომენტარი დაიწერება.
- ციაკო, სოციალურ ქსელში შენი პროფილი საჯაროა, ამის გამო უსიამოვნება არ შეგქმნია?
- საჯაროა, ყველას შეუძლია ნახოს ყველაფერი. უსიამოვნება არ შემქმნია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფოტოებს იღებენ და ყალბ გვერდებს ქმნიან. ერთხელ ჩემი ფოტოები დადო ვიღაცამ, მაღაზია გავხსენიო და უნდოდა, ჩემი სახელით ემუშავა. იმას ვერ მიხვდა, რომ ამას მეც მეტყოდნენ? ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვისი ფოტოებით ყალბ გვერდებს აკეთებენ და მერე ვიღაცებს სწერენ, 10 და 20 ლარი ჩაურიცხონ...წაიკითხეთ სრულად