გასულ კვირას ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანა. საქმე, რომელიც მსაჯულებმა განიხილეს, წელს, 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ დღეს 21 წლის კახა კობახიძემ 50 წლის მამა დანით მოკლა. ბრალდებული ძალოვანებმა იმავე დღეს დააკავეს. განსასჯელის სკამზე უმძიმესი ბრალდებით იჯდა კახა კობერიძე. შურისძიების მოტივით მას მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ამ საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები სამი კვირის მანძილზე იხილავდნენ. პროკურატურა ბრალდებულის დასჯას ითხოვდა და ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ სახეზე იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი. ის ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო ჩადენილი, ასაბუთებდა კიდეც ამას და ბრალდებულის გამართლებას ითხოვდა. დიდხანს ჰკითხავდნენ მოწმეებს მსაჯულები, სიმართლეში გარკვევა რომ შესძლებოდათ. ემოციური იყო ბრალდებულის დედის დაკითხვა, რომელიც დეტალურად ჰყვებოდა თავისი ცხოვრების უმძიმეს 22 წელზე. მსაჯულებმა მოუსმინეს ბრალდებულს და მის ძმასაც. 3-კვირიანმა სასამართლო განხილვამ მსაჯულები ერთ აზრამდე მიიყვანა, საბოლოოდ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა თქვა, რომ ბრალდებული უდანაშაულო იყო და კახა კობერიძე სრულად გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ამ ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ ბიჭის ახლობლები. დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელშიც კი გაავრცელეს. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"ჩემი შვილი", "ჩემი შვილი", - დიდხანს იმეორებდა ამ სიტყვებს დედა, რომელსაც გულში ჩახუტებული ჰყავდა ვაჟი. ნათია ჩარბოდაშვილს ვთხოვეთ მოეყოლა, თუ რატომ მოხდა მათ ოჯახში ამხელა ტრაგედია:
- მთელი 7 თვე, რაც ჩემმა შვილმა ციხეში გაატარა, უმძიმესი იყო ჩემთვის. არც მიძინია. ხშირად მოვდიოდი ბატონი ზურაბ როსტიაშვილის ოფისში, ვხედავდი მის თავდაუზოგავ შრომას და იმედს არ ვკარგავდი. როცა ნაფიცებმა უდანაშაულოდ ცნეს ჩემი შვილი, იმის მერე რა ხდებოდა, არაფერი მახსოვს. ჩემი შვილი თავს იცავდა. მანამდე ჯერ მე ვიცავდი თავს ჩემი ქმრისგან, ამიტომ წავედი იმ დღეს სახლიდან და მეზობელს შევაფარე თავი. დანით გამომეკიდა და მეშინოდა, ეს ამბავი ცუდად არ დამთავრებულიყო. ბოლოს მაინც ცუდად დამთავრა ყველაფერი. 22 წელი ვიცხოვრე ამ ადამიანთან და ვიცი, ეს თავდაცვა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა ასე. მამა ძალიან უყვარდა, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ. მოძალადე იყო, როცა თვრებოდა, ფხიზელი კი სულ სხვანაირი ადამიანი გახლდათ. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვეღარ აანალიზებდა, რას აკეთებდა. როცა ბრაზდებოდა, პირველ რიგში დანებისკენ გარბოდა. დაგვდევდა დანით ან ცულით, ან წალდით, რაც ხელში მოხვდებოდა. ხშირად მეზობელთან გავქცეულვარ, იქაც მოვარდნილა, მეზობელსაც დამუქრებია. ძალიან ხშირად ჩემი შვილი გამოქცეულა ჩემთან ერთად და დავმალულვართ. ხშირად აწყნარებდა კახა მამამისს. მეტყოდა, მე დავამშვიდებო და ამას მართლა ახერხებდა, დააძინებდა და მერე ვბრუნდებოდი შინ. რომ გამოფხიზლდებოდა, ჩადენილს ნანობდა. პატიებას, ბოდიშს იხდიდა და ჩვენც ვპატიობდით. გვეცოდებოდა ოჯახის წევრი.
- სიყვარულით შექმენით ოჯახი?
- მე და კობა 22 წლის წინ დავქორწინდით. გამოვიდა, რომ სულ ბრძოლაში ვიყავი. სამი თვის გათხოვილი ვიყავი, 2 თვის ორსული, პირველად რომ იძალადა. მთვრალმა დაიძინა, 20 წუთში გაიღვიძა და საწოლთან რომ ვერ შენიშნა ჩუსტები, ამიტომ დამიძახა. მისვლისთანავე რამდენჯერმე გამარტყა სახეში, თმაზე მომქაჩა და მიყვიროდა, - აქ რატომ არ დამილაგე ჩუსტებიო? ეს იყო პირველი ფიზიკური ძალადობა, რამაც შემდგომ სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველი მისი დათრობა პრაქტიკულად, ძალადობა იყო; ან ვინმე უნდა ჩარეულიყო და დაეძინებინა, როცა გამოფხიზლდებოდა, ნორმალურად გახლდათ. მთვრალს მიზეზიც არ სჭირდებოდა, ელემენტარულზე შეეძლო ეჩხუბა, - ეს აქ რატომ არის და იქ რატომ არ დევს, ან საჭმელი რატომ არის ცივი და არ არის ცხელი?..
- ოჯახი მარტო ცხოვრობდით?
- საჩხერელი იყო ჩემი მეუღლე. როცა საჩხერეში ვცხოვრობდით, იქ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა მამამისი. ისიც ბევრჯერ გამხდარა ამ ჩხუბების მოწმე, თვითონაც ხშირად იყო მსხვერპლი. მამამისზეც უძალადია. მერე წამოვედით საჩხერიდან. ჩემმა მშობლებმა გვიყიდეს ბინა, ჩემს ქმარსაც უყიდეს მანქანა, იქნებ ხელს რომ შევუწყობთ, აღარ მოიქცეს ასე, გამოსწორდესო. დედაჩემმა ფულიც კი ჩადო ბიზნესში, ლილოს ბაზრობაზე აუღო ნივთები, რომ გაეყიდა და მოგება ენახა, მაგრამ ის ნივთები გაყიდა და ფული რესტორანში დახარჯა. ვერაფერი ვუშველეთ. თბილისში ბინა გავყიდეთ და სოფელში გადავედით საცხოვრებლად...
განსაკუთრებით უყვარდა ჩემი გრძელი თმის მოქაჩვა, მერე წონასწორობას ვკარგავდი და ვეცემოდი, მაფორთხიალებდა ძირს - ამ დროს მეორე შვილზე 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი და საათ-ნახევარი ჩამკეტა სოფლის ტუალეტში. თვითონ იჯდა და არაყს სვამდა. თან მაგინებდა, მემუქრებოდა, - მოვრჩები დალევას და უარესს გიზამო... საკმაოდ ხშირად სვამდა. მერე სულ ამბობდა, მაპატიეთ, აღარ დავლევ, ვიცი დამნაშავე ვარო და ვპატიობდით. გვჯეროდა, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ პირობა პირობად რჩებოდა და რამდენიმე დღეში ისევ სვამდა, არაფერი იცვლებოდა.
- ასე იცხოვრეთ 22 წელი. განქორწინება არ გიცდიათ?
- დიახ, 22 წელი არ არის ცოტა დრო. მთელი ახალგაზრდობა ასეთ დღეში გავატარე. თავიდან რომ ვესაუბრე დაშორებაზე, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, დამემუქრა. ამბობდა, სად უნდა წახვიდე, რომ ვერ მოგძებნო? გინდაც დამიჭირონ, გამოგჭრი ყელს, მაინც არ გაცოცხლებო. იმდენად აგრესიული იყო, მჯეროდა, ამას გააკეთებდა. შიში მქონდა, თან ჩემებითაც მემუქრებოდა, - ვისთანაც იქნები, იმათაც დავხოცავ, ერთ ავტომატს ვიშოვი, ყველანი რომ ერთმანეთზე დაგალაგოთ, შენებსაც გავწირავო. იმათაც ვუფრთხილდებოდი. გვეტყოდა ხოლმე, 17 წლისამ ორი პოლიციელი ისე მოვკალი, თვალი არ დამიხამხამებიაო....წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: