ავტორი:

ვინ არის "ანგელოზების მუზეუმის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"

ვინ არის "ანგელოზების მუზეუმის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"

ახალი წლის მოახლოება ყველაზე მეტად იმ სივრცეებში იგრძნობა, სადაც საკუთარი ხელით ქმნიან საახალწლო აქსესუარებს, სათამაშოებს, სამშვენისებს. ანგელოზების დახატვა, სხვადასხვა მასალისგან მათი შექმნა ენდი მეყანწიშვილისთვის უმთავრესი საქმიანობაა და "ანგელოზების მუზეუმში" ამ საახალწლოდაც საოცარი განწყობაა. იქ საახალწლო ელფერის უამრავი ანგელოზია თავმოყრილი.

შემოქმედი ქალბატონი ამბობს, რომ მისმა ქმნილებებმა ფრთაშესხმულ სიმსუბუქესთან ერთად, სიმშვიდე მოუტანა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან დიდი თერაპიაა...

"მანამდეც მშვიდი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ახლა მგონია, რომ უფრო გაწონასწორებული გავხდი. ჩემს გარშემო ჩვენს სივრცეში შემოსული ადამიანებიც ამ ემოციას განიცდიან. ეს არის ყველასთვის ძალიან მყუდრო ნავსაყუდელი. მუზეუმში მოსულებს აქედან გასვლა უჭირთ. ამბობენ, რომ აღმოჩნდნენ ზღაპარში და ამგვარად, ბევრი ადამიანის, მხატვრების, მეგობრების, სტუმრის მასპინძელი ვარ,“ - გვეუბნება ენდი მეყანწიშვილი.

"რატომ ანგელოზები? ალბათ, იმიტომ, რომ ანგელოზები დადებით ენერგიებთან ასოცირდება. მერე ანგელოზების მუზეუმი საქართველოში არ არის და ამ სახელწოდების მუზეუმი საქართველოში მანამდეც არ გვქონდა. ახლა კი 5 წელია არსებობს...

მკითხეთ, ანგელოზების ხატვას რა ენერგია მოაქვს თქვენთვისო? ხატვის პროცესი ყოველთვის ემოციურია. ხშირად შემინიშნავს, რომ ხატვის დროს მეღიმება. გული მიჩქარდება, ბედნიერების შეგრძნება მეუფლება. ორმაგად სასიამოვნოა ამ ემოციას უკვე დამთვალიერებლის სახეზეც რომ ვხედავ,“ - აღნიშნავს მხატვარი.

- ისეთი ნამუშევრები გაქვთ, რომ ადამიანებს ახალი წლის განწყობას თქვენი ნამუშევრებით გამორჩეულად უქმნით...

- ახალი წელი და განსაკუთრებით დეკემბერი ჩემთვის, უსაყვარლესი პერიოდია. ეს ჩემს შემოქმედებაშიც ნათლად ჩანს. როგორც აღნიშნეთ, დამთვალიერებლისგან ყოველთვის ვისმენ გასაოცარ სიტყვებს - "ზღაპარში მოვხვდით", "აქედან გასვლა აღარ გვინდა", "აქ დრო ჩერდება" - ეს ემოცია შეუფასებელია. ამიტომ მუზეუმში მუდამ ამაღლებული განწყობაა და განსაკუთრებით, როგორც ვთქვი, დეკემბერში.

- ნამუშევრებს შექმნის განსაკუთრებული პრეისტორია აქვთ, ხომ?

- ნებისმიერი უკვე შექმნილი ექსპონატი გარკვეული ისტორიის მატარებელია, მაგრამ ეს ანგელოზები კიდევ უფრო მნიშვნელოვან ამბავს გვიყვებიან, რადგან მათი სამოსის მოხატულობა, საუკუნეების წინანდელ, მეფეთა და დედოფალთა სამოსის ორნამენტს აცოცხლებს.

- ფერებს როგორ არჩევთ?

- ფერის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის ფერთა ჰარმონიაა მთავარი - ფერადოვნება და არა სიჭრელე, ზუსტად ეს ფერადოვნება ქმნის ჰარმონიას.

- შექმნის პროცესში მუსიკა ხომ არ გაძლევთ შთაგონებას?

- ჩემთვის მუსიკა ხატვის პროცესის განუყოფელია. რაც შეეხება ინსპირაციას, დაკონკრეტება გამიჭირდება, რადგან რასაც ვხედავ და მესმის, ყველაფერი შესაძლოა ინსპირაციის წყაროდ იქცეს.

- რა მასალებზე მუშაობთ და რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

- რაც შეეხება შესრულების ტექნიკას, მასალებს, ყოველთვის ვცდილობ, ახალი აღმოვაჩინო, რადგან სათქმელი მეტად საინტერესო გახდეს. ვმუშაობ როგორც ზეთით ტილოზე, ასევე მუყაოშერეულ ტექნიკასაც მივმართავ. ჩემი საავტორო ტექნიკაა - აბრეშუმის ღრუბელი ფირფიცარზე, რაც უკვე დაპატენტებულია საქართველოს პატენტში. რა მასალებსაც ვიყენებ, ყველა ერთნაირად მიყვარს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ მიმართულებაზე, რასაც ჯერ ვერ გაგიმხელთ.

- გამოფენა თქვენი საგამოფენო სივრცის გარდა სხვაგან თუ გქონიათ?

- "ხელოვნების სასახლეში", გიორგი კალანდიამ პერსონალური გამოფენის მოწყობა შემომთავაზა. იქ ერთი თვის განმავლობაში 85 ექსპონატი იყო გამოფენილი. "შობის ანგელოზები“ - ამ სახელწოდებით შარშან, საშობაოდ, 17 დეკემბრიდან 19 იანვრამდე "ხელოვნების სასახლე“ ჩემს ნამუშევრებს მასპინძლობდა.

- როგორც მითხარით, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ. მხატვრობა არ გისწავლიათ?

- სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მხატვრობა არ მისწავლია. ხატვის სურვილი ბავშვობიდან მქონდა, ძალიან პატარაობიდან ვხატავ, მაგრამ ეს საქმე პროფესიონალურად (თუ ამას შეიძლება პროფესიონალური დავარქვათ). ცოტა გვიან ასაკში გადავწყვიტე. 2016 წელს გავბედე ტილოზე დახატვა და მას მერე ფუნჯი ვეღარ დავდე.

თუმცა ბავშვობიდან ხატვას უფრო გადახატვის პრინციპი ჰქონდა. კლასიკოსებს ვხატავდი, იმპრესიონისტებს, ოღონდ, ფანქარში ზუსტ ასლებს ვაკეთებდი, მეგონა, ის ჩემი თამაში იყო. ვფიქრობ, რომ უფრო „ჩემი სკოლა“ ყოფილა - შესაბამისად, ახლა გამოიკვეთა, რას ვაკეთებდი ბავშვობაში.

2016-ში დახატვა რომ გავბედე - თითქოს ის ჩემი დამოუკიდებელი ნამუშევარი, შექმნილი ექსპონატი იყო. ანგელოზების ხატვით დაიწყო ყველაფერი...ჩემი ერთ-ერთი სამაგიდო წიგნი, სხვა წიგნებთან ერთად, ნელი ოქროპირიძის „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ იყო. თითქმის ყველა ფიგურა ამ წიგნიდან გაკეთებული მაქვს.

- თქვენი საგამოფენო სივრცე მართლაც შთამბეჭდავია...

- ეს არის გალერეა, წინა სივრცეშია წარმოდგენილი ჩემი შექმნილი ექსპონატები, რამდენიმე სხვა მხატვრის ნამუშევარიცაა. უკანა სივრცეში ჩემი სახელოსნოა, სადაც ვმუშაობ. იქ პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი. ეს პროექტი შემდეგს მოიცავს - ტილოზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ცნობილი მხატვრების კოლაბორაციაა. რამდენიმე ეპიზოდი გადავიღეთ, მაგრამ მერე პანდემიამ შეგვაჩერა, თუმცა ეს უწყვეტი პროცესია და აუცილებლად გავაგრძელებთ. ტილოზე ძალიან ბევრი ანგელოზი დავაგროვეთ. პროექტს ჰქვია „მხოლოდ ანგელოზები“. არ აქვს მნიშვნელობა, მხატვარი ხატავს თუ არა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩვენს სივრცეში მხოლოდ ანგელოზი შეიქმნას.

- რა კარგი პროექტია...

- ეს იმისთვის, რომ შშმ პირების სოციალიზაცია მეტად აქტიური იყოს. გვაქვს რამდენიმე ასეთი სოციალური პროექტიც, მაგალითად, „იქ, სადაც სანტა არ ჩანს, ჩვენი ანგელოზები ჩნდებიან“ - ასეთია ჩვენი სლოგანი. რამდენიმე პროექტი გვქონდა და ამას საშობაოდ და საახალწლოდ ვახორციელებდით. ვაგროვებდით თანხას, რითაც ვყიდულობდით პროდუქტს, სათამაშოებს, ტანსაცმელს და იმ ოჯახებში მიგვქონდა, სადაც სანტა არ იყო, სადაც ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ჩანაფიქრის საბოლოო ხორცშესხმა ამ ყვეაფრით მოხდა?

- ჩანაფიქრები ბევრად მეტია, ვიდრე განხორციელებული პროექტები, იდეები საკმარისად არსებობს, თუმცა იდეა არაფერია, თუ მას ფრთას არ შეასხამ და არ განახორციელებ. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ, ყველაფერი სისრულეში მოვიყვანო. რასაც ჩავიფიქრებ, უნდა გაკეთდეს. რაც საზოგადოებისთვის და ადამიანებისთვის სასარგებლოა, ჩვენზე და სამყაროზეც კარგად აისახება.

- რას უსურვეთ ადამიანებს ამ საახალწლოდ, ვისთვისაც თქვენ ამ პროდუქტს ქმნით.

- სიყვარულს უპირველეს ყოვლისა, რადგან სიყვარულია აბსოლუტურად ყველაფრის მამოძრავებელი. ვუსურვებ ჰარმონია და სიკეთეს. ეს ყველაფერი ერთად იმდენად კარგია, რომ მერე ყველაფერი თავისით მოდის. უნდა ვეცადოთ, რომ სამყარო სიკეთისკენ შემოვაბრუნოთ.