ავტორი:

"ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებით შედგა - ჩანაწერებში ჩანს, როგორ გამოდის ეს პირი იმ ტერიტორიიდან და შეშლილი სახით გარბის" - დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა

"ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებით შედგა - ჩანაწერებში ჩანს, როგორ გამოდის ეს პირი იმ ტერიტორიიდან და შეშლილი სახით გარბის" - დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელის ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებითაა შედგენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ ხუტაშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნების ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ შეადგინა და ის საქმეში დევს.

გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, კონკრეტული პიროვნება შემთხვევის ადგილიდან როგორ გარბის.

"როგორც დაზარალებულს, ყველა მასალასთან მაქვს წვდომა. არასაკმარისი დროითაა ამოღებული საკვანძო ვიდეოკამერებიდან მასალა, თუმცა, გაქცევის მომენტი ჩანს, იმალება ბნელ ადგილზე“, - აცხადებს ხუტაშვილი.

ის ახლა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოლოდინშია.

"ფოტორობოტი თვითმხილველების აღწერილობის მიხედვით არის შედგენილი. ეს პიროვნება ზუსტად იმ ტერიტორიიდან გამოვიდა, სადაც ეს ამბავი მოხდა და შეშლილი სახით გარბოდა. ვინც ეს პიროვნება ნახა, შესაბამის უწყებაში დაჯდა და ეს ფოტორობოტი დახატა.

ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, შსს-ს შესაბამისმა განყოფილებამ შეადგინა ის, საქმეში გვაქვს რამდენიმე თვეა და გადავწყვიტე, ხალხს თხოვნით მივმართო, რომ თუ ვინმეს ეცნობა აღნიშნულ ფოტორობოტზე არსებული პიროვნება, შემეხმიანონ. უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, ჩვენი მიზანია, მხოლოდ დამნაშავე გამოვლინდეს.

ამ საქმის შესაბამისი გამოძიება თავიდანვე არ დაიწყო, თავიდანვე იყო მცდარი ვერსიები "სუპების“. მე-10 თვე დაიწყო, ორი ექსპერტიზაა დანიშნული "სუპზე“ და არც ერთზე პასუხი არ არის მოსული, რადგან ეს თავშივე "ბლეფი“ იყო. მერე დაიწყეს საუბარი, რომ შეიძლება ძაღლმა შეაშინა და ასეთი მცდარი ვერსიებით გათვლა ჰქონდათ, რომ ოჯახი რომელიმე ვერსიას "წამოეკიდებოდა" და დაიჯერებდა, მაგრამ ვიცი, რაც როგორც მოხდა. 39 დაზიანებას ჩამოვთვლი, მრავლობითი დალურჯებები აქვს სხეულზე მიყენებული, ფრჩხილში თმა ჰქონდა ნაპოვნი, რომელიც შემდეგში საეჭვო ვითარებებში გაქრა. მგონია, რომ ამაში ექსპერტიზის ბიუროა ჩართული, საქართველოში არსებულ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს არ ვენდობი, ანაწმენდები დააობეს, თმა გააქრეს, ვერ იპოვეს რიგი ანაწმენდები, ამიტომ ვითხოვ, გამოძიება გაგრძელდეს FBI-ის მიერ და ეს მონაცემები იქ გაიგზავნოს. ეს არის ოჯახის მთავარი მოთხოვნა“, - აცხადებს ხუტაშვილი.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: