ავტორი:

"მსგავსი არასოდეს გვინახავს“ - უპრეცედენტო გვალვა ამაზონის ტყეებში: გამქრალი მცენარეები, დახოცილი ცხოველები... კლიმატოლოგების თქმით, ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

"მსგავსი არასოდეს გვინახავს“ - უპრეცედენტო გვალვა ამაზონის ტყეებში: გამქრალი მცენარეები, დახოცილი ცხოველები... კლიმატოლოგების თქმით, ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

2023 წელს, ამაზონის ტყეები, ტრადიციული სინოტივის ნაცვლად, რეგიონში არსებულმა ძლიერმა სიცხემ დააზიანა. ბევრ სოფლამდე მისვლა მდინარის საშუალებით შეუძლებელი გახდა - დაიწვა ტყეები და დაიღუპა უამრავი ველური ცხოველი. მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი კატაკლიზმები ტყის მსხვილ მასივებს გაქრობისკენ მიაქანებს.

სოფელი სახელწოდებით Bom Jesus de Igapo Grande, სადაც 40 ოჯახი ცხოვრობს, რეგიონში დაფიქსირებული ყველაზე საშინელი გვალვის გამო მძიმედ დაზარალდა. აქ არ იყო წყალი შხაპის მისაღებად. ბანანის, წაბლისა და აკაის მოსავალი განადგურდა, რადგან ის ქალაქში გასაყიდად საკმარისად სწრაფად ვერ წაიღეს.

ხელისუფლება ადგილობრივებს აფრთხილებს, რომ ქალაქისკენ ახლოს გადასახლდნენ, რადგან მათ დასახლებებამდე მისვლა სულ უფრო გართულდება.

BBC-ის გადამღები ჯგუფი შეეცადა ადგილობირივი მკვიდრის, ოლივეირას დახმარებით გაცნობოდა ბუნების გადასხვაფერებას.

"ჩემი 49-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ამ მიდამოებში ასეთი ძლიერი გვალვის შესახებ გაგონილიც არ მაქვს“, - განაცხადა ოლივეირამ.

ამაზონის წვიმების სეზონი ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ცხელი და მშრალი ამინდი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ეს ბუნებრივი მოვლენის, ელ-ნინიოს ციკლის შედეგია, რომელიც კლიმატის ცვლილებით არის გაძლიერებული.

ელ-ნინიო იწვევს წყლის ტემპერატურის მატებას წყნარ ოკეანეში. თბილი ჰაერის მასები იწევს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მხარეს. წელს ჩრდილო ატლანტიკის წყლები ასევე არანორმალურად თბილი იყო და ამაზონის დაბლობი ცხელი, მშრალი ჰაერის მასებით იყო დაფარული.

"როდესაც პირველად იყო გვალვა, ვფიქრობდი, რომ ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება ტემპერატურა და ყოველი გვალვა წინაზე ძლიერია“, - ამბობს ფლავია კოსტა, ამაზონის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ეკოლოგი, რომელიც 26 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამაზონის ტყეებში.

მისი თქმით, ჯერ ადრეა ზარალის დათვლა, მაგრამ მისმა ჯგუფმა უკვე აღმოაჩინა რამდენიმე სახეობის მცენარე, რომელსაც კვდომის ნიშნები აქვს. მითუმეტეს, რომ წინა წლების გვალვებმა არაერთი მაგალითი დაგვიტოვა - მაგალითად, 2015 წელს "გოძილას გვალვამ“ 2.5 მლრდ ხე და მცენარე გაანადგურა ტყის მხოლოდ ერთ ნაწილში. ის გვალვა არ იყო იმდენად მკაცრი, როგორც წლევანდელი.

"ამაზონმა შეწყვიტა ნახშირბადის ჩაძირვის ფუნქცია და ახლა ჩვენ ველით, რომ ეს გაგრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა", - ამბობს დოქტორი კოსტა.

საოცარი ბიომრავალფეროვნების გარდა, ამაზონის ტყეები დაახლოებით 150 მილიარდ ტონა ნახშირბადს ინახავს.

ბევრი მეცნიერი შიშობს, რომ ტყე სწრაფად უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რომლის შემდეგაც ის დაიწყებს გამოშრობას, ნაწილებად დაყოფას და შემდეგ სავანად გადაიქცევა.

ამ დროისთვის ამაზონი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ამინდის საკუთარ სისტემას. უზარმაზარ წვიმიან ტყეში წყალი ორთქლდება ხეებიდან, წარმოიქმნება წვიმის ღრუბლები, რომლებიც მოძრაობენ ტყის ზემოთ და უბრუნებენ ტყეს ნესტს. ამრიგად, ტყე ინარჩუნებს სიგრილეს და ტენიანობას, რომელიც აუცილებელია მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგრამ თუ ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპება, ამ მექანიზმმა შესაძლოა, შეწყვიტოს მუშაობა. და როგორც კი ეს მოხდება, უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ იქნება.

ბრაზილიელმა კლიმატოლოგმა კარლოს ნობრემ პირველად ეს თეორია 2018 წელს წამოაყენა. თავის სტატიაში ის ვარაუდობს, რომ ამ გარდამტეხი წერტილის მისაღწევად საკმარისი იქნება ამაზონის ტყეების 25%-ის გაჩეხვა, პლანეტის ტემპერატურის 2,5 გრადუსი ცელსიუსით მატებასთან ერთად.

”ახლა უფრო მეტად ვღელავ, ვიდრე 2018 წელს,” - ამბობს ის და აგრძელებს:

"ახლახან დავბრუნდი COP28 კლიმატის სამიტიდან და არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ სითბური გაზების ემისია შემცირდება. თუ ტემპერატურა 2,5°C-ს გადააჭარბებს, ამაზონისთვის ეს საშინელი იქნება შედეგი“.

თუმცა, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რომ ამაზონის ტყეები მთლიანად გაქრობის საფრთხის წინაშეა. დოქტორ ფლავია კოსტას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ტყის ტერიტორია დარჩება, განსაკუთრებით კი ის, ვისაც აქვს მიწისქვეშა წყლები, როგორიცაა ხეობები.

თუმცა, სიტუაციის გაუარესების საგანგაშო ნიშნები ყველგან ჩანს. ამაზონის შუაგულში მდებარე ქალაქ კოარიში, ნოემბრის ბოლოს კვამლი ჰაერში სქელდება. წელს ხანძრები ტყის ხელუხლებელ ნაწილებში გახშირდა.

არსებობს სხვა ნიშნებიც იმისა, რომ ეკოსისტემა იბრძვის. ორ ტბაში ასობით მკვდარი დელფინი იპოვეს.

”ეს იყო, აბსოლუტურად, საშინელი სანახავი” - ამბობს დოქტორი მირიამ მარმონტელი მამირაუას მდგრადი განვითარების ინსტიტუტიდან. "თავიდან დავაკვირდით ცოცხალ ცხოველებს, ხუთი დღის შემდეგ კი 70 ლეში გვქონდა“.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ორ ტბაში 276 მკვდარი დელფინი იპოვეს. დოქტორი მარმონტელი მიიჩნევს, რომ მათ წყლის ტემპერატურა კლავს, რომელმაც ზოგან 40,9 °გრადუსს მიაღწია, რაც სამი გრადუსით აღემატება დელფინებისა და ადამიანების სხეულის ტემპერატურას.

ამაზონიაში ცხოვრების 30 წლის განმავლობაში ექიმ მარმონტელს მსგავსი გვალვა არასოდეს შეხვედრია. იგი შოკირებულია იმით, თუ რამდენად სწრაფად იცვლება კლიმატი.

"ეს ყველაფერი სახეში შემოლაწუნებას ჰგავს, იმიტომ, რომ პირველად დავინახე და ვიგრძენი, რაც ხდება ამაზონზე”, - ამბობს ის. "ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ცხოველები მესაზღვრეებს ჰგვანან, რადგან ისინი პირველები გრძნობენ, რა გველოდება... ამაში ძირითადად ჩვენ ვართ დამნაშავე, არ მივაქციეთ ყურადღება, არ დავიცავით დედამიწა. იგი საშველად გვიხმობს. იქნებ ვაღიაროთ, რომ დროა მისი დაცვა დავიწყოთ”.

იხილეთ სპეცპროექტი:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი