ავტორი:

არეულობა ბელგრადში - რატომ უხდიან მადლობას სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურებს?

არეულობა ბელგრადში - რატომ უხდიან მადლობას სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურებს?

არეულობაა სერბეთში - 24 დეკემბერს, ბელგრადის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას შეეცადნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ შენობის კარების მინები ჩაამსხვრიეს. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ მე-7დღეა მართავს. ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბლოკის წარმომადგენლებმა ხელისუფლება ხმების მითვისებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი კოალიციის გამარჯვება ბელგრადის საქალაქო კრებაში "გამორიცხულია".

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ "არანაირი რევოლუცია არ ხდება და პროტესტის მონაწილეებს არაფერი გამოუვათ“. მისი სიტყვებით, სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 2 500 ადამიანი იყო გამოსული და ასევე დასძინა, - ძალადობა მათთვის ბრძოლის ერთადერთი გზა არისო.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ "ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი არ უნდა გაჩერდეს“ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის ძალოვანი უწყებები აქციისთვის მზად აღმოჩნდენ, მათ მყისიერად იმოქმედეს, დააკავეს ზოგიერთი ლიდერი, ხოლო პროტესტი მალევე ჩაახშეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, არეულობის შესახებ ვუჩიჩის მთავრობას რუსულმა სპეცსამსახურებმა აცნობეს. ინფორმაცია სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა გაავრცელა:

"ჩვენ გვქონდა მონაცემები სპეცსამსახურებისგან. პირველ რიგში რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ბრნაბიჩმა. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდათ, თუმცა დასავლური ქვეყნების ელჩები ურჩევდნენ, რომ რუსული ინფორმაცია სანდო არ იყო და არ დაეჯერებინათ

პრემიერმა მომხდარს "მაიდანის“ მცდელობა უწოდა და დაამატა, რომ მთავრობა ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

თავად ვუჩიჩმა არ დააკონკრეტა თავის განცხადებაში თუ რომელ "უცხოურ სპეცსამსახურებს“ ემადლიერებოდა, თუმცა იმავე დღეს, მოგვიანებით რუსეთის ელჩს შეხვდა.

"ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას", - ეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა და სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა მისცა ეროვნულ ინტერესებს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ვუჩიჩის კოალიციამ ხმების 47% მიიღო. მეორე ადგილზეა კოალიცია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - 23%-ით.

  • მოამზდა ანრი კურტანიძემ