ავტორი:

კოშმარული საღამო ნეაპოლელებისთვის, გაძევებული 2 ფეხბურთელი და უშანსოდ დარჩენილი სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი - კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ისევ წააგო, ამჯერად "რომასთან"

კოშმარული საღამო ნეაპოლელებისთვის, გაძევებული 2 ფეხბურთელი და უშანსოდ დარჩენილი სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი - კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ისევ წააგო, ამჯერად "რომასთან"

სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი“ გასვლაზე "რომას“ შეხვდა და მატჩი ანგარიშით 2:0 დათმო.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა ნეპოლელები მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

ყველა ელოდა, რომ "რომა" ტრადიციულად დაცვით და ჩაკეტილ თამაშს შესთავაზებდა მეტოქეს, თუმცა ასე არ მოხდა. გუნდები პირველ ტაიმში, საკმაოდ გახსნილად და გარდამავალი უპირატესობით უტევდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, თუმცა არაფერი გამოვიდა ამისგან შედეგიანი. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას "რომას" ფეხბურთელები ძალიან მჭიდროდ და უხეშად ეთამაშებოდნენ, ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია სერიოზულ ტრავმას გადარჩა როდესაც მას მეტოქე ფეხბურთელმა სახეში ჩაარტყა ხელი. პირველ ტაიმში ხვიჩასთან უხეში თამაშის გამო "რომას" ორმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი.

ხვიჩას წინააღმდეგ ერთ-ერთი მორგი უხეში თამაშის შემდეგ, "რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო კარგა ხანს უკმაყოფილო სახით ელაპარაკებოდა "კვარას", საინტერესოა, რას უხსნიდა პორტუგალიელი ქართველს. პორველ ტაიმში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმი "ნაპოლის" აქტიურობით დაიწყო, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი ნეაპოლელებს არ ჰქონიათ. ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ 66-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა პოლიტანოს. "ნაპოლი" მოედანზე 10 კაცით დარჩა.

რის მერეც "რომა" უტევდა და 76-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხა, მერეტის კარში გოლი შეცვლაზე შემოსულმა პელეგრინიმ გაიტანა.

85-ე წუთზე "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ამჯერად ოსიმენმა მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და დატოვა მოედანი. 86-ზე წუთზე კი მაცარიმ ქართველი შეცვალა. ხვიჩას ნაცვლად მოედანზე რასპადორი გავიდა, თუმცა ბოლო წუთებში განხორციელებულმა ცვლილებებმა "ნაპოლის" ვერაფერი უშველა. ბოლო წუთებში "რომა" ბევრს უტევდა, თუმცა მერეტის თავგანწირულმა თამაშმა არაერთხელ იხსნა "ნაპოლი". თუმცა 95-ე წუთზე "რომამ" მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა. ბურთი ლუკაკუმ გაიტანა.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩი უკიდურესად უხეში გამოვიდა. მაურინიოს შეგირდებმა ჯამში 5 ყვითელი ბარათი, ნეაპოლელებმა კი 2 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს.

"ნაპოლიმ" კიდევ ერთი მატჩი დათმო. ვალტერ მაცარიმ გუნდი 8-ჯერ გაიყვანა მოედანზე, შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა - 3 მოგება და 5 წაგება.