ავტორი:

ცნობილი ხდება ვინ დაგეგმა პრიგოჟინის მოკვლა და დაარწმუნა პუტინი "ვაგნერის" ბოსის ლიკვიდაციის გეგმის განხორციელებაში - WSJ სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

ცნობილი ხდება ვინ დაგეგმა პრიგოჟინის მოკვლა და დაარწმუნა პუტინი "ვაგნერის" ბოსის ლიკვიდაციის გეგმის განხორციელებაში - WSJ სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal იუწყება, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია.

როგორც გამოცემა წერს, პატრუშევი ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულიდან აფრთხილებდა პუტინს პრიგოჟინის მზარდი გავლენის საშიშროებაზე. თუმცა პრეზიდენტმა მას არ დაუჯერა, რადგან "ვაგნერის“ ჯარისკაცები უკრაინაში ბრძოლის ველზე წარმატებებს აღწევდნენ. როგორც WSJ-ის წყარო ამბობს, სიტუაცია 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა.

ნიკოლაი პატრუშევი

  • მაშინ პრიგოჟინმა პუტინს დაურეკა და უხეში ფორმით ჩიოდა საბრძოლო მასალის დეფიციტზე, რაც დიდ დანაკარგებს იწვევდა. WSJ-ს წყაროს ინფორმაციით, რომელიც ყოფილი რუსი მზვერავია, იმ დიალოგის დროს კაბინეტში პატრუშევიც იმყოფებოდა.

პრიგოჟინის მომდევნო ჩივილებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან საჯარო კონფლიქტსაც პუტინი აიგნორებდა. 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინმა ამბოხი წამოიწყო, პატრუშევმა "ვაგნერის“ მეთაურის სამუდამო მოშორების შესაძლებლობა დაინახა და ამის განხორციელება საკუთარ თავზე აიღო.

  • გამოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენოს შუამავლობით "ვაგნერის“ ჯარისკაცები ბელორუსის ტერიტორიაზე გადასვლაში დაითანხმეს, ხოლო პუტინმა პირობა დადო, რომ მეამბოხეების დევნას შეწყვეტდა, პატრუშევი პრიგოჟინის მკვლელობის გეგმის შემუშავებას შეუდგა.

მოგვიანებით, ეს გეგმები პუტინსაც აჩვენეს, რომელსაც პრეტენზიები არ ჰქონდა. დასავლური სპეცსამსახურების თქმით, მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა კერძო თვითმფრინავის Embraer-135-ის ფრთის ქვეშ მოათავსეს. აღნიშნულ კერძო თვითმფრინავს "ვაგნერის“ დამაარსებელი იყენებდა, რომელიც სასტუმრო "შერემეტიევოდან" 23 აგვისტოს გაფრენისთვის ემზადებოდა.

აფრენიდან ნახევარ საათში თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი ემსხვერპლა.

The Wall Street Journal ადრეც წერდა, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი შეთქმულების, ანუ ლიკვიდაციის გეგმის შედეგად ჩამოვარდა. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ბორტი, სავარაუდოდ, ფრენის დროს ააფეთქეს. შესაძლოა, ეს იყო დივერსია. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ჩამოვარდნის ტერიტორია ბულდოზერით მოასუფთავეს, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.

კრემლი ავიაკატასტროფის მომზადებაში მონაწილეობას უარყოფს.

  • ცნობისთვის, 23 აგვისტოს კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი იყენებდა, ტვერის ოლქში ჰაერში აფეთქდა და ჩამოვარდა. ოფიციალური ვერსიით, "ვაგნერის“ დამაარსებელი და მისი რამდენიმე უახლოესი თანაშემწე დაიღუპნენ.

კატასტროფამდე ორი თვით ადრე, პრიგოჟინმა და მისმა ჯარისკაცებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი მოაწყვეს. ამბოხის დროს "ვაგნერმა“ რუსეთის არმიის რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. რამდენიმე ბორტის ეკიპაჟი გარდაიცვალა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაპირველად "ვაგნერი“ სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით, მხარეებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით,მოლაპარაკებები დაიწყეს. შედეგად შეთანხმდნენ, რომ დაქირავებული ჯარისკაცები ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდოდნენ. სანაცვლოდ, პუტინი მათ დევნის შეწყვეტას დაჰპირდა. მოგვიანებით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაზე საუბრობდა, ხაზი გაუსვა, რომ საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, ბორტი საბრძოლო მასალასთან არაფრთხილი მოქმედებების გამო შიგნიდან აფეთქდა. ოფიციალური გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

ავტორი:ანრი კურტანიძე