ავტორი:

მოლაპარაკებები ეგვიპტეში ჯერჯერობით, უშედეგოა - "ჰამასი", ცეცხლის ერთი კვირით შეწყვეტის სანაცვლოდ, მძევლების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს

მოლაპარაკებები ეგვიპტეში ჯერჯერობით, უშედეგოა - "ჰამასი", ცეცხლის ერთი კვირით შეწყვეტის სანაცვლოდ, მძევლების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს
  • ფოტოზე: "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე

20 დეკემბერს, "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისრაელ-პალესტინის ომში ახალი ჰუმანიტარული პაუზის შესაძლებლობაზეც. მოლაპარაკებას "ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ესწრებოდა.

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰანიემ ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, მძევლების გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. ლაპარაკია 40-მდე მძევლის გათავისუფლებაზე, მათ შორის, ყველა იმ ქალისა და ბავშვის, რომლებიც კვლავ რჩებიან "ჰამასის" ტყვეობაში. ჰანიეს თქმით, შეთანხმება მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ისრაელი შეწყვეტს ღაზის სექტორზე თავდასხმას და ღაზის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს. გარდა ამისა, "ჰამასის“ დელეგაციის წევრებმა ისრაელს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოსთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა ერთხელ უკვე მოხერხდა, რა დროსაც მძევალთა ნაწილის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.

დაპირისპირებულ მხარეებს ეგვიპტემ კიდევ ერთი ჰუმანიტარული ზავი შესთავაზა, თუმცა "ჰამასმა“ ეს იდეა ჯერჯერობით, უარყო. პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებამ ეგვიპტელებს განუცხადა, რომ მათი პოზიცია უცვლელი რჩება და "არავითარი გაცვლა არ მოხდება ცეცხლის საბოლოო შეწყვეტამდე”.

BBC-ის კორესპონდენტი იოლანდა კნელი აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის სრულ შეწყვეტას ჯერჯერობით, არ უნდა ველოდოთ, თუმცა ჰანიეს ვიზიტი ეგვიპტეში იმის ნიშანია, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის საომარი მოქმედებების ახალი პაუზა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და შეთანხმება რამდენიმე დღეშია მოსალოდნელი.

  • ვითარება ღაზაში

პარალელურად, ღაზაში ომი უფრო ინტენსიურ ფაზაში შევიდა. სახმელეთო ბრძოლები, რომლებიც ადრე შემოიფარგლებოდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, ახლა თითქმის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

დასავლეთ სანაპიროზე დაფუძნებული პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ალყა შემოარტყეს სასწრაფო სამედიცინო მომარაგების საწყობს ჯაბალიაში, ჩრდილოეთ დასახლებაში, სადაც ბრძოლები ყველაზე მძიმეა. საწყობში 127 ადამიანი იმყოფება, მათ შორის სამედიცინო მუშაკები, დევნილები და დაჭრილები. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ხან იუნისის ცენტრშიც, რომელსაც ისრაელის ჯარები ნაწილობრივ აკონტროლებდნენ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო ბრძოლების შედეგად, დაახლოებით, 20 000 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შევიდნენ სამხრეთ ისრაელში და სასტიკად მოკლეს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომს უცხადებდა „ჰამასს“, საჰაერო და საარტილერიო შეტევების შემდეგ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში "ჰამასის" მებრძოლთა გასანადგურებლად და მძევლების გასათავისუფლებლად.