ავტორი:

"აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე... ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ..." - ჯეიჰუნ მუჰამედალის გზა ჟურნალისტიკაში, პრობლემები და გამარჯვებები

"აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე...  ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ..." -  ჯეიჰუნ მუჰამედალის გზა ჟურნალისტიკაში, პრობლემები და გამარჯვებები

"როგორც მთელი საქართველო, ახლა მეც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენი ქვეყნის ცალსახა არჩევანია ევროპა, ჩვენი ეთნიკური უმცირესობის უმრავლესობაც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, აცნობიერებს რა, რომ ეს ჩვენი უკეთესი მომავალია, წინ ევროპისკენ, გილოცავთ“, - ამ პათოსით ვიწყებთ საუბარს ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალისთან საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მისი პროფესიული საქმიანობა 5 წლის წინ "რუსთავი-2“-დან დაიწყო და ახლა ტელეკომპანია "მთავარში“ გრძელდება. ამბობს, რომ თავი ამ პროფესიაში იპოვა, აბედნიერებს და მისთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკა, რომელიც "ხიდია ხალხსა და რეალობას შორის“. ჯეიჰუნის მეორე საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციას უკავშირდება - 2020 წლიდან ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულში ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია სიმბოლური სახელწოდებით - "წითელი ხიდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ქართველ მეგობრებთან ერთად, ჯეიჰუნიც არის. როგორც მეუბნება, "ორგანიზაციის მიზანი აზებაიჯანელი ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებასა და ინტეგრაციაზე ზრუნვაა. გვინდა, ადამიანებმა ერთმანეთის კულტურის შესახებ მეტი გაიგონ, ორივე ერმა ერთმანეთის თვალსაწიერი და შესაძლებლობები დაინახოს“.

ambebi.ge უფრო ახლოს გაგაცნობთ საქართველოზე შეყვარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელმაც აქამდე არც თუ იოლი გზა გამოიარა.

  • "აქედან გამომდინარე უფრო მიყვარს ქართველები“

- რუსთავში დავიბადე. 5 წლის ვიყავი, როცა, საბედნიეროდ, თუ - საუბედუროდ, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მე და დედა სოლმაზი საცხოვრებლად რუსთავიდან მარნეულში გადავედით და იქ დაიწყო სირთულეებით სავსე ჩვენი ცხოვრება. დედა - ბაქოდან ჩამოვიდა, აქ გათხოვდა და მერე უკან აღარ დაბრუნებულა. მეორე კლასში ვიყავი, როცა დედას მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა, თავი ძლივს გაგვქონდა.

ასეთ მძიმე პერიოდში ქართველების ოჯახი დაგვიდგა გვერდით - დედის ოპერაციის, მკურნალობის ხარჯები მათ დაფარეს, ჩემზე მეურვეობაც აიღეს თავზე, მხარში ამოგვიდგნენ და გვმფარველობდნენ. ეს იყო სასწაული... ასეთი რაღაც ტყუილად არ ხდება, ვამბობ ხოლმე, ღმერთს ვუყვარვარ. იმ ოჯახთან დღემდე იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ის ქალბატონი შვილად მიმიჩნევს და მეც მეორე დედად ვთვლი. ალბათ, აქედან გამომდინარე, უფრო მიყვარს ქართველები, იმ პერიოდში ჩაისახა ეს დიდი სიყვარული. დედა ახლა კარგადაა, ღმერთის შეწევნითა და ქართველების გვერდში დგომით. მადლობა უფალს, რომელმაც მძიმე ცხოვრებით ადამიანობა მასწავლა, ზრუნავდა ჩემზე და არასდროს მივუტოვებივარ. 2003 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა შეიცვალა. დედაჩემს პენსია მოემატა, ცოტა ხანში სოციალურად დაუცველების სტატუსიც მივიღეთ... სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე და დედას ვეხმარებოდი.

  • "მას დავუჯერე და სამი სპეციალობიდან ჟურნალისტიკა ავირჩიე“

- რადგან ქართული ენა კარგად არ ვიცოდი და ქართული სკოლა არ მქონდა დამთავრებული, ეროვნულ გამოცდებს ვერ გავუმკლავდი. მოვინდომე, ვიბრძოლე და მესამე წელს მაინც ჩავაბარე, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ რა უჭირს, სწავლამ ასაკი არ იცის. ყველაფერს ჩემით ვცდილობდი... მიმაჩნია, რომ ენის არცოდნა ბევრ რამეში დამხევდა უკან, წინ ვერ წავიდოდი. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ენა მაშინ უფრო დავხვეწე. არ ვიცი, ახლა რამდენად სუფთა ქართულით ვლაპარაკობ, მაგრამ, ვცდილობ და იმაზე უკეთ შემიძლია, ვიდრე მაშინ. მეოთხე კლასამდე წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მერე დედას პრობლემების და სხვა დაბრკოლებების გამო, სწავლაში ცოტას მოვიკოჭლებდი. დადგა პროფესიის არჩევის დროც... ერთი სასულიერო პირი მეგობარი მყავდა, რომლის რჩევებსაც ვითვალისწინებდი. მასთან მივედი და შევჩივლე - ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და სპეციალობის არჩევანის წინაშე ვარ, ვერ გადამიწყვეტია ფილოსოფოსი გავხდე, იურისტი, თუ ჟურნალისტი-მეთქი. მითხრა, შენი ბუნების გათვალისწინებით, თავს სად უფრო ხედავო. ვუთხარი, რომ ხალხთან კომუნიკაცია, საზოგადოებაში ტრიალი მინდოდა. სასულიერო პირმა მითხრა, შვილო, ფილოსოფოსი რომ გახდე, ცარიელი ტვინი უნდა იყო, სამართალმცოდნე თუ იქნები, ღვთის წინაშე ბევრ შეცდომას დაუშვებ და უსამართლობის ჩადენაც მოგიწევს, აი, ჟურნალისტი თუ გახდები, ყველაფერი კარგად იქნება და შენც ბედნიერად იგრძნობ თავსო. დავუჯერე, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა ავირჩიე. დღეს მართლაც ბედნიერი ვარ, ეს პროფესია რომ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, წერა არ მიყვარდა და არც ახლა მიყვარს, უფრო ტელეჟურნალისტიკა მიტაცებდა. ვიდრე ჟურნალისტად დავიწყებდი მუშაობას, ვიდეობლოგებს ვაკეთებდი ჩემთვის და ჩემებურად...

  • "მანამდე "რუსთავი-2“ ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო“

- ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში "საზოგადოებრივ მაუწყებელში“, "მოამბეში“ ვიმუშავე თარჯიმნად. იმავე ტელევიზიაში ჟურნალისტად გადასვლა და სტაჟირების გავლა მინდოდა, თუმცა, სამწუხაროდ, არავინ ამიყვანა. ამაზე ძალიან დამწყდა გული... სამართლიანობაზე თუ ვლაპარაკობთ, კი უნდა ავეყვანე ვინმეს ქართულის მცოდნე აზერბაიჯანელი, იქაც ხომ უნდა იყოს ერთი აზერბაიჯანელი ვარსკვლავი (იცინის)? პირველად მანდ და მაშინ წავაწყდი უსამართლობას. მათ ბევრი პრობლემა მოიგონეს თავის გასასამართლებლად. მადლობელი ვარ ნიკა გვარამიასი, რომელმაც უარი არ მითხრა დასაქმებაზე. ერთმანეთი პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გავიცანით, სადაც ნიკას საჯარო ლექცია ჰქონდა. მანამდე "რუსთავი-2“ ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო. 2018 წელია, წავედი, დავესწარი ლექციას, მერე მივედი, გავეცანი ნიკას, ერთად ფოტოც გადავიღეთ და მას მერე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ტელევიზიაში ჯერ სტაჟიორად მიმიღეს, მერე გამიშვეს სიუჟეტის მოსამზადებლად და ამის მერე მალევე ამიყვანეს ჟურნალისტად. ეს მოკლევადიანი სტაჟირება იყო... მახსოვს პირველი სიუჟეტი საკმაოდ მძიმე თემაზე მქონდა - სმიტების ოჯახზე ვმუშაობდი, ხადას ხეობაში რომ დახოცეს. ეს ამერიკული ოჯახი საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და საქმიანობდა.

მას შემდეგ დღემდე ამ გუნდთან ვარ და ახლა "მთავარში“ ვაგრძელებ მათთან ერთად ცხოვრებას. აქ ყველაფერი მაქვს, რაც კი ადამიანს სჭირდება - ვიპოვე დიდი სითბო და სიყვარული, ვნახე კეთილგანწყობილი ადამიანები, ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვარ და სამსახურში წასვლა მიხარია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროფესია, ჟურნალისტიკა ხიდია ხალხსა და რეალობას შორის. მედიატორის როლი კი ძალზე საპასუხისმგებლო, თან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის...

  • "დაზარალებულადაც მცნეს, თუმცა დღემდე პასუხი არავის უგია“

პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჯეიჰუნს წინააღმდეგობაც შეხვედრია და და არასასიამოვნო დღეებიც ჰქონია. "როცა ადამიანს დანაშაულში ამხელ, არ მოსწონს, როგორც ჩანს, დისკომფორტი შევუქმენი ზოგიერთებს, ისინი მემუქრებოდნენ და ფიზიკურადაც გამისწორდნენ“, - მეუბნება ჟურნალისტი.

2020 წლის 29 სექტემბერს, მარნეულში, "ქართული ოცნების“ ოფისთან, ჯეიჰუნ მუჰამედალის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ. ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღო თავის, ხელისა და მუცლის არეში. დაპირისპირება მარნეულის ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და "ქართული ოცნების“ საარჩევნო ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. ოპოზიციის განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არ მიიწვიეს.

მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს დაშავდა ჯეიჰუნ მუჰამედალიც. როგორც "მთავარი“ არხის ჟურნალისტი ამბობს, მას "ქართული ოცნების" შტაბთან ათამდე ადამიანი გაუსწორდა.

  • ნახეთ რა ჰყვებოდა ჯეიჰუნი იმჟამად:

მომხდარის გამოძიება ორი მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და 154-ე - ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე). საქმე დღემდე გამოუძიებელია, მეტიც, მოგვიანებით, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ჟურნალისტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და ცემის ინსცენირებაში დაადანაშაულა.

"სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დაზარალებულადაც მცნეს, თუმცა ამის გარდა საქმე წინ არ წასულა, ცემის ფაქტზე არავის პასუხისმგებლობა დამდგარა, დაკავებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ისინი ოპოზიციას ესხმოდნენ თავს და მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი - ვაშუქებდი, რამაც ისინი ძალიან გააღიზიანა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე იყო ასეთი შემთხვევა, როცა ბოლნისის საკრებულოს "ოცნების“ დეპუტატი ვუგარ ისაევი თავის მოჭრით მემუქრებოდა (წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასევე ოპოზიციის აქციას ვაშუქებდი), გადაღებას, კითხვების დასმას და მათი არასწორი ქმედების გაშუქებას მიშლიდა. "ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანე, თუმცა არც ამას მოჰყოლია რეაგირება, ეს ადამიანი დღესაც თანამდებობაზეა“, - ამბობს ჯეიჰუნი.

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, დმანისში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ნახიდურში მოსახლეობას ხვდებოდა "ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, კახა ოქრიაშვილი. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვუგარ ისაევმა მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართა (თავის მოჭრით დაემუქრა) "მთავარის არხის" ჟურნალისტს. 19 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურასთან, ჯეუჰუნ მუჰამედალის მხარდამჭერი აქცია გამართეს სტუდენტებმა და უწყებას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს. სამწუხაროდ, გამოძიება სათანადოდ არ წარმართულა და დეპუტატს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

  • "პრობლემა ისაა, რომ რეგიონში მოსახლეობა დღემდე რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ არხებს უყურებს“

- მიუხედავად ყველაფრისა, არ მეშინია, მთელი ძალებით ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას, ვინც სამხელია, ვამხელ და არაფერზე დავხუჭავ თვალს. რომ ვთქვა, ჩვენს რეგიონში ხელისუფლება მედიას ზღუდავს, მის პოლიტიკაში ერევა და საქმიანობის საშუალებას არ აძლევს, არ იქნება მართალი. რეგიონში სამი აზერბაიჯანულენოვანი მედიასაშუალება გაიხსნა, რომლებიც საქართველოს და ქართულ რეალობას ასახავენ, თარგმნიან ქართულ ნიუსებს და სხვა. დღეს რეგიონში, როგორც ძველად, ინფორმაციული ვაკუუმი აღარ გვაქვს, თუმცა სამივე მედია სხვა ქვეყნებიდან ფინანსდება. ჟურნალისტების უფლებების მხრივაც საგანგაშო არაფერი ხდება, მათ რომ ვინმე ავიწროებდეს, ამის გაშუქებას "მთავარში“ ვინ დამასწრებდა? პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა დღემდე რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ არხებს უყურებს, ამის მიზეზი კი ცენტრალური მედიის მიუწვდომლობა და ენის ბარიერია. ვერ ვიტყოდი, რომ აზერბაიჯანულ თემს უჭირს ქართველებთან ინტეგრაცია, ჩემი აზრით, ინტეგრაციის სურვილი ჩვენი თემის ახალგაზრდებიდან უფრო მეტია და, რა თქმა უნდა, დაინტერესება და ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ისე გამოდის, თითქოს ყოველთვის ვიღაცას "ვეტენები“. როცა შენი თანამემამულე ეთნიკურად ან რელიგიურად განსხვავებულია, აქ დაბადებული და გაზრდილია, როცა შენ, სახელმწიფო ამ ადამიანს არ პატრონობ, არ იცავ, ბუნებრივია, ის სხვაგან ეძებს გზებს, ნუგეშს და სხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ხვდება, რითაც შემდეგ სახელმწიფო ზარალდება. საქართველო ამ კუთხითაც უნდა იყოს მრავალფეროვანი, ყველა თანასწორი უნდა იყოს, არ უნდა გავრიყოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენები ჩვენიანად უნდა მივიღოთ, რადგან აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან სადმე წასვლაზე, პირიქით, ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, ბოლომდე ვიბრძოლებ მის დასაცავად. სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ უნდა შეიცვალოს. რატომ უნდა ვიფიქრო სხვა ქვეყანაში წასვლაზე, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ? მე ვიცი, აქ ქართველებს ვუყვარვარ და ეს მიორმაგებს საქართველოსადმი სიყვარულსა და პასუხისმგებლობას.

  • ორი ეთნოსის დამაკავშირებელი მეორე "წითელი ხიდი“

- დღეს ერთდროულად ორ საქმეს ვაკეთებ - ჟურნალისტობის გარდა, ქართველ უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩვენი იდეალური ურთიერთობა საერთო საქმიანობით გაგვეგრძელებინა და 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "წითელი ხიდი“ შევქმენით. სიმბოლურად დავარქვით ეს სახელი. წითელი ხიდი გარეთ ორ ქვეყანას - საქართველოს და აზერბაიჯანს აკავშირებს, ქვეყნის შიგნით კი, ჩვენი ორგანიზაცია ორი ეთნოსის დამაკავშირებელი ხიდია. ის ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების უკეთ გაცნობა-დაახლოებას ემსახურება. ჩვენი მიზანი ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებასა და ინტეგრაციაზე ზრუნვაა. გვინდა, ადამიანებმა ერთმანეთის კულტურის შესახებ მეტი გაიგონ, ორივე ერმა ერთმანეთის თვალსაწიერი და შესაძლებლობები დაინახოს.

ჩვენი ორგანიზაცია ქართველების დახმარებით შეიქმნა და ამაში წვლილი შეიტანეს: კავკასიის უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა, ფონდმა "იავნანამ", რურუას ფონდმა... თავიდან ოფისიც კი არ გვქონდა და ყველა მხარში ამოგვიდგა - ზოგმა ფულადი დახმარება გაიღო, ზოგმა ინვენტარი გვიყიდა და საბოლოოდ, დავფუძნდით. ჩვენს ორგანიზაციას გაერო აფინანსებს. აზერბაიჯანელებს ავუხსენით, თუ რამხელა რესურსი გამოყვეს ქართველებმა მათი განვითარებისთვის.

  • "დავინახე, მომეწონა, გავეკიდე და "დავიჭირე“

- ერთ დღეს, ილიას უნივერსიტეტში მივედი და შემთხვევით გავიცანი, დავინახე, მომეწონა, მაშინვე გავეკიდე და "დავიჭირე“ (იცინის). დროთა განმავლობაში გრძნობებში გამოვუტყდი... თავიდან ვერა, მაგრამ შემდეგ მაინც დავითანხმე და ჩემი გახდა. ხომ იცით, როგორები არიან კავკასიელი გოგონები - ძნელად დასაყოლიებელნი (იცინის)...მე და ლეკუნა (ჯაფოშვილი) სამი წელია, რაც დავქორწინდით. ჩემი მეუღლე ნახევრად ქართველია. ჩვენი გეგმები გვაქვს როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე, ვფიქრობთ, ფინანსურად მოვძლიერდეთ და შვილებიც ვიყოლიოთ. ლეკუნა პედაგოგია, ორ სკოლაში მუშაობს მასწავლებლად ინკლუზიური განათლების კუთხით, ჟესტური ენის სპეციალისტია. ასევე არის "საზმაუს" თანამშრომელიც - ის გოგოა, ეკრანის კუთხეში რომ მოსჩანს და ინფორმაციას ჟესტების ენაზე გადმოსცემს. ლეკოც ჩემთან მყავს, არასამთავრობო ორგანიზაციაში. ძალიან გვინდა, განვითარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ორგანიზაცია. უბრალოდ, არ მიყვარს შორეული გეგმების დასახვა.

იხილეთ ასევე: