ავტორი:

მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში: წლის მიღწევები და წარმატებული პროექტები - პრემიერის მოხსენების მთავარი გზავნილები

მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში: წლის მიღწევები და წარმატებული პროექტები - პრემიერის მოხსენების მთავარი გზავნილები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგენა.

მან წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული წარმატებებზე ისაუბრა.

  • პრემიერმა მოხსენება ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისადმი მადლობის გადახდით დაიწყო.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს.

ღარიბაშვილმა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის არსებობას გაუსხვა ხაზი და განაცხადა, რომ ეს მმართველი გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგია.

  • პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.

როგორც პრემიერმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, „მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება“.

"აგვისტოს ომი, რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც გვიწევდა. საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ეს არ იყო მოგონილი. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე იყო, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციას ვახორციელებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“,-განაცხადა პრემიერმა.

  • ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო სანქციების გვერდის ავლის საკითხსაც. აღნიშნული ბრალების საპასუხოდ პრემიერმა განმარტა, რომ სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"მინდა სანქციების აღსრულების საკითხს შევეხო - ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა. ძალიან ბევრი უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენიმე თვის წინ, მაღალი დონის დელეგაცია იყო საქართველოში ჩამოსული, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი, ბატონი ობრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. სანქციების გვერდის ავლის, თუ თავიდან არიდების არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, ან არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის გამოყენების. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვენების ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორეს მხრივ, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას და ეს ასეც მოხდა, ჩვენ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც ევროპიდან რუსეთის მიმართულებით იგზავნებოდა. ჩვენ, იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციების შესაბამისად. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • პრემიერმა წლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ ბოლო 11 წელიწადში, "ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა.

პრემიერის თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, ამასთან, მაღალი იყო სიღარიბე.

  • პრემიერის თქმით, თითქმის 7-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი, ერთობლივად, 100 მლნ ლარს შეადგენდა. წელს 600 მილიონზე მეტია და 2024 წელს იქნება მეტი, 688 მლნ ლარი. თითქმის 7-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წლიდან დღემდე 46 000-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

  • ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშის თანახმად, ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 11 წელიწადში დაიხარჯა - 14 მლრდ ლარზე მეტი

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა აქტიურად ავითარებს კურორტებს, ბოლო 10 წელიწადში 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით.

"ბოლო 10 წელიწადში, 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით, 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი 85 000-მდე საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში და ჯამური ინვესტიცია, მინიმუმ 2 მილიარდი ლარი არის განხორციელებული ამ სექტორში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის განვითარებას. ის მეგა შოუები, რომელბიც გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ გაგრძელდება 2024 წელს, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს და არამხოლოდ, ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოვლენ და დაესწრებიან ამ კონცერტებს" - განაცხადა პრემიერმა.

  • ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს - 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რეკორდული მაჩვენებელი იყო ბათუმშიც და წელს ბათუმის აეროპორტი 650 000 მგზავრს მოემსახურება.

"ქუთაისის აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, მიიღებს მეტ ავიარეისს, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავ ოპერირებას.

ჩვენ თელავში უკვე დავიწყეთ და ვიწყებთ აქტიურად უკვე მშენებლობას, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობაც იქნება 50 000-მდე მგზავრი და ოთხივე სეზონის განმავლობაში შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ტურიზმის განვითარების საკითხსაც შეეხო.

  • მთავრობის მეთაურის თქმით, 200 ათასამდე სტუმარს 160-ზე მეტი ქვეყნიდან ჰქონდა საშუალება, რომ გასცნობოდა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ძალიან წარმატებულად ჩაატარა ეს გამოფენა.

"ასევე მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი) გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს უკვე სამ კვარტალში გვაქვს 3.3 მილიარდი დოლარი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 1,4 მილიონ მგზავრს; წელს, არსებული გათვლებით, 6.6 მილიონ მოგზაურს ვუმასპინძლებთ და 4.4 მილიარდ დოლარის შემოსავალს მივიღებთ, აი ამხელა ზრდა გვაქვს ტურიზმშიც ბოლო 11 წელიწადში“, - აღნიშნა პრემიერმა.

  • ღვინის ექსპორტი

11 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებული არის 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.