ავტორი:

300-წლიანი "კარზე კაკუნი" დასრულდა - საქართველოს გზა ევროპისკენ

300-წლიანი "კარზე კაკუნი" დასრულდა - საქართველოს გზა ევროპისკენ

საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ისტორიული გადაწყვეტილება და განვლილი გზა ევროპამდე. ქართველი ხალხისთვის ამ გზის გავლა არ იყო მარტივი, მოლოდინი სამი საუკუნეა გაგრძელდა.

  • სულხან-საბა ორბელიანი - "მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?! - გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება"

300 წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან პირველი მისიონერი ევროპაში გაემგზავრა კავშირების დასამყარებლად. სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობა საქართველოს ისტორიის გამორჩეული და მნიშვნელოვანი თავია. ეს იყო ხაზგასმა, დეკლარირება, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის შესახებ. ელჩად წარდგენილ ორბელიანს რთული დავალება ჰქონდა შესასრულებელი - საფრანგეთის მეფე ლუი XIV და ფრანგი მაღალჩინოსნები უნდა დაერწმუნებინა საქართველოსა საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ. სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში სამოგზაუროდ 1713 წელს ჟან რიშართან და დავით ბერთან (დავით მეგრელი) ერთად წავიდა. მათი მარშრუტი ასე გამოიყურებოდა - კონსტანტინოპოლი, მარსელი, პარიზი, რომი. მათ აგრეთვე, იმოგზაურეს იტალიის სამხრეთ ნაწილში და კუნძულ მალტაზე. 1713-16 წლებში ევროპაში ყოფნის დროს სულხან-საბას ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. მისი მისია მოიცავდა ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI - ის გათავისუფლებას და მისი თბილისში ქრისტიან მეფედ დაბრუნების უზრუნველყოფას, საფრანგეთიდან მისიონერების გაგზავნას მთლიანი საქართველოს ტერიტორიაზე კათოლიკური სარწმუნოების გავრცელების მიზნით. საქართველოსა და საფრანგეთს შორის, პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას, სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ასევე, თბილისში უნდა შექმნილიყო საფრანგეთის საკონსულო.

ელჩად წარდგენილი ორბელიანი მოგზაურობის დროს რომის პაპს და საფრანგეთის მეფე ლუი XIV - ს შეხვდა. ამ უკანასკნელს სულხან-საბა ორჯერ ეახლა. სამწუხაროდ, მეფის კარზე გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდებოდა. საფრანგეთის სამეფო კარზე ქვეყნებს შორის კავშირის დამყარებას ჰყავდა როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მთავარი გამოწვევა და პრობლემა ირანი იყო, რომელიც იმ პერიოდში საფრანგეთთან, როგორც მეგობრული, ისე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობდა. თავის მხრივ, საფრანგეთიც დაინტერესებული იყო ირანთან თანამშრომლობით, რათა აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციები გაემყარებინა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა 1715 წლის 1-ლ სექტემბერს ლუი XIV - ის მოულოდნელი გარდაცვალება. საფრანგეთის სამეფო კარის გეგმები შეიცვალა. ვერსალში ხელმძღვანელობას ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის იდეას იზიარებდა და მხარს უჭერდნენ. ლუი XIV-ის გარდაცვალებამ ცხადყო, საქართველო საფრანგეთიდან დახმარებას ვერ მიიღებდა. დასავლეთ ევროპასთან მოკავშირის ძიებამ კრახი განიცადა.

  • ერეკლე მეორე

2014-2016 წლებში ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერეკლე II-ის შესახებ საინტერესო ცნობები გამოვლინდა. როგორც აღმოჩენილი მანუსკრიპტებით ირკვევა, ბრიტანული და ირლანდიური პრესა რეგულარულად ბეჭდავდა ცნობებს ერეკლე მეორის შესახებ. ევროპული პუბლიკაციები ახლებურად წარმოაჩენენ ერეკლე მეორეს ურთიერთობებს ევროპის სახელმწიფოებთან და საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავინახოთ “პატარა კახის” როლი ევროპასთან დაახლოების საქმეში. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, ერეკლე მეორე ევროპისკენ გზის გაკვალვას ცდილობდა, მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ბრიტანეთის, ავსტრიის, კორსიკის, პრუსიის ლიდერებთან და მათთან პოლიტიკური კავშირების დამყარებას ცდილობდა. დასავლელ ლიდერებთან პირადი მიმოწერის გარდა, ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე 2 წლით ადრე, ევროპაში ელჩობები გაგზავნა. მათ ერეკლე მეორის სახელით მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინათ ევროპელ მეფეებთან და მათთან კავშირები დაემყარებინათ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა. მეფის მიერ წარგზავნილი მოციქულები უცნაურ გარემოებებში იღუპებოდნენ. უკანასკნელი მცდელობა პოლონერი მისიონერი იყო, რომელიც რომის პაპს, ვენეციისა და სარდინიის მეფეებს, ასევე, ავსტრიის იმპერატორს უნდა შეხვედროდა, ელჩი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს. პატარა კახის თავდაუზოგავი მცდელობა, დაკავშირებოდა ევროპას, უშედეგო აღმოჩნდა. არსებობს ვერსია, რომ ელჩების გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების უკან რუსები იდგნენ.

1783 წლის 24 ივლისს გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე “გეორგიევსკის ტრაქტატს” აფორმებს რუსეთთან.

  • ილია ჭავჭავაძე და “თერგდალეულები”

საქართველოს ევროპული გზა პირდაპირ დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძესთან. მას უდიდესი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. ილია ჭავჭავაძე სათავეში ჩაუდგა "თერგდალეულთა" თაობას, რომლებმაც ქართულ საზოგადოებაში ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპელობის და საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ, პირველად, სწორედ ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციებში გამოჩნდა. ილიამ თავის მოძღვრებაში დაასაბუთა, რომ ევროპული ფასეულობები ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ღირებულია. მას მიაჩნდა, რომ ევროპული ღირებულებების განხორციელებით შეძლებდა დაეცვა მთელი ერი, თითოეული ადამიანი და ოჯახი. ფიქრობდა, რომ ევროპულ ოჯახში შესვლით, მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია. ილიას მიაჩნდა, რომ ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ევროპული განათლების მიღება, ევროპული მმართველობა, წესი და რიგი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებდით ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

“ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი..."

“ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია...” - წერდა ილია ჭავჭავაძე.

  • საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 1918-1921

ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად არასდროს შეწყვეტილა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, შესუსტებული რუსული იმპერიის ფონზე, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება აცნობა. საქართველო და თბილისი აღმოსავლეთ ევროპის კულტურულ ცენტრად წარმოგვიდგა, აქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ეროვნების მწერლები, პოეტები, მხატვრები, რევოლუციურ რუსეთს გამოქცეული ხელოვანები. საქართველო ვითარდებოდა როგორც ტრადიციული ევროპული ქვეყანა და ამის დამადასტურებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციაა, რომელიც ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები.

რესპუბლიკის არსებობის მცირე პერიოდში მოესწრო მსოფლიოში დეპუტატად პირველი მუსლიმი ქალის არჩევა. ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის განცხადებით, 1918/21 წლების პოლიტიკური და კულტურული ელიტა წმინდა ევროპული ხასიათის იყო.

- 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გერმანიის მხარდაჭერით გამოაცხადა. ზოგადად, იმ პერიოდში საქართველო იყო ევროპული სტილის სახელმწიფო. იყო გარკვეული მიმართულებები, რომლითაც ევროპის უმეტეს ქვეყანასაც კი ასწრებდა. მაგალითისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა და ა.შ. აქ პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა იმ იდეალებზე იყვნენ აღზრდილი და იმგვარად ჰქონდათ პოლიტიკური ხედვა ჩამოყალიბებული, როგორც იმ დროს ევროპულ საზოგადოებაში. შესაბამისად, მათი სურვილიც იყო, რომ ევროპული სტილის ქვეყანა ჩამოყალიბებულიყო. ამის წინაპირობა იყო ის, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც განათლება მიიღეს ევროპულ უნივერსიტეტებში ან იცნობდნენ იმდროინდელ მოწინავე პოლიტიკურ და ფილოსოფიურ იდეებს. საქართველო აქტიურად იყო ჩართული ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, სადაც მომავალი მსოფლიოს ბედი წყდებოდა და ირკვეოდა ერების მომავალი. 1920 წლის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ აღიარა ძალიან ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ, ხოლო 1921 წლის დასაწყისში დე იურედაც აღიარეს. საქართველოს სურდა ერთა ლიგაში შესვლა, თუმცა კენჭისყრაზე მას მხოლოდ რამდენიმე ხმა დააკლდა. ევროპასთან კონტაქტები ძალიან აქტიური იყო. 1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა ევროპელ სოციალისტთა დიდი დელეგაცია, რომელთაც მოიწონეს აქ მიმდინარე რეფორმები. იმ პერიოდის საქართველო ევროპაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა, თუმცა არ დასცალდა, როგორც იცით, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოვიდნენ, თორემ საქართველო კარგა ხანია იქნებოდა ევროკავშირის წევრი და სრულფასოვანი ევროპული ქვეყანა.

  • 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

დამოუკიდებლობა წართმეული და საბჭოთა კლანჭებში აღმოჩენილი საქართველო დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებას 70 წელი ელოდა. გადამწყვეტ ბრძოლად 1989 წლის 9 აპრილი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია, ამის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. 1991 წლის 31 მარტი - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტარდება რეფერენდუმი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს მიზანი ევროპასთან დაახლოება ხდება. საქართველოს საგარეო კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, რადგან სათავეში დისიდენტი პრეზიდენტი იდგა, რომელიც რუსეთთან დაუნდობელი მებრძოლი იყო. თუმცა მაშინდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროპა და დასავლეთი ძალიან შორი პერსპექტივა ჩანდა. ამის მიუხედავად, ზვიად გამსახურდიას კრედო დასავლეთთან მიმართებაში ასეთი გახლდათ:

“დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ”.

სწორედ გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, 1992 წელს საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ხდება. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა არ გამოდგა ხანგრძლივი.

  • შევარდნაძის ხანა

ხელისუფლებაში მოსული ედუარდ შევარდნაძე დასავლური კურსისკენ სვლას მისი ლიკვიდაციის მცდელობის (1995 წელი) შემდეგ იწყებს. პრეზიდენტი ხვდება, რომ რუსეთის ანაბარა დარჩენა სახიფათოა. ნელ-ნელა მყარდება და ღრმავდება კონტაქტები ევროპულ ქვეყნებთან. შევარდნაძე იყო პირველი, ვინც ნატოს პერსპექტივაზე დაიწყო ლაპარაკი.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ერზრუმის პროექტი, რათა დასავლელი პარტნიორები დაეინტერესებინა. 1996 წელს საქართველო ხელს აწერს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას. 1999 წლის 27 იანვარს კი, საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ხდება. “დღეს აღსრულდა, ყველა დროის, ყველა თაობის, ქართველთა ოცნება, საქართველო დიდი ევროპის ბინადარი გახდა” - ედუარდ შევარდნაძე, ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლის დროს.“მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი” - 1999 წელს ზურაბ ჟვანიას მიერ სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმული ეს სიტყვები, საქართველოს ევროპული გზის სახელმძღვანელოში დიდი ასოებით ჩაიწერა.

  • მიხეილ სააკაშვილი და ყველაზე მკაფიოდ გამოხატული დასავლური კურსი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მის წინამორბედებთან შედარებით, პირდაპირ და მკაფიოდ გამოხატული დასავლური კურსი ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი ევროპასთან მუდმივ ურღვევ კავშირზე ლაპარაკობდა. 2003 წლის შემდეგ საქართველოში აქტიურად დაიწყო “ევროპულ ღირებულებებზე” დაფუძნებული რეფორმების გატარება. ცვლილებები შეეხო, თითქმის ყველა სფეროს - განათლებას, სასამართლოს, კულტურას, სამხედრო სამსახურს საპოლიციო რეჟიმს და ა.შ. 2006 წელს ევროპასთან დაახლოების 5-წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელმაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მისცა.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა ტრადიცია, ოფიციალურ ღონისძიებებსა და დაწესებულებებში საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშას უნდა ეფრიალა.

  • "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფინისას

2012 წელს ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოდის, რომელსაც დეკლარირებული ჰქონდა ევროპული კურსი.

2014 წლიდან საქართველოს ევროპისკენ სვლა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2014 წელს ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.

2016 წელს ასოცირების შეთანხმების და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

2017 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

2022 წელს, მას მერე, რაც რუსეთი ბარბაროსულად შეიჭრა უკრაინაში და შუა ევროპაში ომი გააჩაღა, საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრების თაობაზე განაცხადი წარადგინა.

ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა, რომლის შესრულების პროგრესზე საქართველომ ზეპირი მოხსენება 2023 წლის ივნისში გააკეთა. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, რათა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

14 დეკემბერს კი 300 - წლიანი “კარზე კაკუნი” დასრულდა. დადგა ყველა ქართველისთვის ნანატრი მომენტი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა ევროპული ოჯახის წევრობის შესაძლებლობა წლების განმავლობაში ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა.

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:

- ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, მაგრამ არ უნდა დავიარხეინოთ გული, რაც გვახასიათებს ქართველებს - რაღაცას რომ მივაღწევთ, ამით ადვილად ვკმაყოფილდებით. ასე არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს უფრო დიდი მიზნები და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირის კანდიდატობა. ჩვენი მთავარი მიზანი კი არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კანდიდატის სტატუსიც და დასავლეთთან ინტეგრაციის პოლიტიკაც და ნებისმიერი სხვა საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ამ მიზნის შესასრულებლად გვჭირდება და არა უბრალოდ, პროცესისთვის. ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. კი, მნიშვნელოვანი წარმატებაა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ, ეს არის სამუშაოს ერთი ეტაპის დასრულება, რის მერეც კიდევ უფრო მეტი მუშაობა დაგვჭირდება. ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა შევისვენოთ და ვიზეიმოთ, ეს არის მომენტი, როდესაც უნდა დავსხდეთ და დავგეგმოთ შემდგომი სამუშაო პროცესი. ეს არ არის დასრულებული საქმე, ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ შემდგომი, ძალიან შრომატევადი ეტაპი...

სპეცპროექტის ავტორები:

სოფო კაჭარავა

გიორგი კვიტაშვილი

ნათია დოლიძე

ეკა გადახაბაძე