ავტორი:

"70 ადამიანი დამესხა თავს, წამაქციეს... მანდატურების გმირობაა, რომ ცოცხალი ვარ, შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროცესის შემდეგ სცემეს

"70 ადამიანი დამესხა თავს, წამაქციეს... მანდატურების გმირობაა, რომ ცოცხალი ვარ, შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროცესის შემდეგ სცემეს

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესიდან გამოსულ ბრალდებულის ადვოკატ ანა ჟღენტს თავს დაესხნენ ამ საქმეში დაზარალებული მხარის ნათესავები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატი თვლის, რომ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა და რომ არა სასამართლოს მანდატურების ოპერატიული მოქმედება, შესაძლოა იმ ბრბოს ის იქვე ჩაექოლა.

  • ადვოკატზე თავდასხმის ფაქტს ადვოკატთა კორპუსში დიდი გამოხმაურება მოყვა. იურისტები ფაქტს გმობენ და საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. როგორც ირკვევა იმავე დღეს დაიწყო საქმის გამოძიება, გამოიკითხხა დაზარალებული ადვოკატი, ჩაუტარდა მას ექსპერტიზა.

ფაქტიდან ორი დღის შემდეგ კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. (წაიკითხეთ: "სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ორმა პირმა ადვოკატი სცემა, მათ შორის არასრულწლოვანი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - პროკურატურა)

ადვოკატი ანა ჟღენტი თვლის, რომ საქმის კვალიფიკაცია არასწორია. რადგან საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, პროკურატურა თავს იკავებს სათანადო შეფასებისგან. ადვოკატი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მას თავს დაესხა.

ადვოკატი ანა ჟღენტი:

- განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ვიცავ, მას მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა, ამჟამად შეკვეთილ მკვლელობას ედავებიან. 7 დეკემბერს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა საქალაქო სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება გამოიყენა. დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მეორე სხდომაზე მოსამართლეს გამოეტანა ამ საქმეზე განაჩენი, რადგან ვითვალისწინებდით დაზარალებულების მდგომარეობას, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე მორალურს და ის მკვლელობას აღიარებდა. თუმცა მოსამართლემ არ მიიღო ჩვენი შუამდგომლობა. გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა მოხდება. საქმე ლილოში მომხდარ მკვლელობას ეხება. საქმეში არ არის იმის მტკიცებულებები, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და ვისზეც ეჭვი აქვთ ის პირი რამენაირად დაკავშირებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, თუმცა ამის მიუხედავად ბრალდებულს შეკვეთილ მკვლელობას ედავებიან.

- კონფლიქტი სასამართლო დარბაზში დაიწყო?

- დარბაზშიც იყვნენ ისინი ძალიან აგრესიულები. 4 ადამიანი მოსამართლემ გააძევა კიდეც სხდომის დარბაზიდან. განუმარტა ისიც, დაზარალებულის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა დაარღვიოთო. ისინი გავიდნენ დარბაზიდან. შემდეგ კოლოდორშიც ჩოჩქოლი იყო. სხდომა რომ დასრულდა, ცოტა ხანი ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობდი, ასევე ველოდებოდი სხვა საქმის მოსამართლის თანაშემწეს, რომ დისკები ჩამებარებინა. ამასობაში დიდი ხანი გავიდა, ესეც ადასტურებს, რომ აშკარად ჰქონდათ განზრახული ჩემზე თავდასხმა და იქ მელოდებოდნენ. შემდეგ გავედი ეზოში, ვესაუბრებოდი ჩემს კოლეგას და სწორედ ამ დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა, დაახლოებით 70 ადამიანი პირდაპირ თავს დამესხა.

- პროცესიდან გამოსული პირები დაგესხნენ თავს?

- 70 ადამიანი ყველა ვერ დაეტია სასამართლო დარბაზში, ამიტომ ნაწილი ესწრებოდა სასამართლო პროცესს, ნაწილი პროცესის დასრულებას გარეთ ელოდებოდა. თავდასხმაში ყველა მონაწილეობდა. იყო საშინელი მუქარები ჩემი არასრულწლოვანი შვილის მისამართითაც. რომ არა მანდატურების ოპერატიული მოქმედება, არ ვიცი საქმე როგორ დამთავრდებოდა. თავს დამესხნენ, წამაქციეს, თავში მაქვს დაზიანება. ფაქტობრივად მანდატურებმა გადამარჩინეს. წარმოიდგინეთ პროკურატურამ მხოლოდ ორ პირს წაუყენა ამ დანაშაულისთვის ბრალი, მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა და მაინც არ ისვენებენ, ისევ მოდის მათი მხრიდან მუქარის შემცველი მესიჯები ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე. კიდევ გაბედეს, ეს გამოწვეულია მათი დაუსჯელობით. იმით, რომ საქმეს არ მიეცა სამართლიანი რეაგირება და არ წაეყენათ მათ ბრალი ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად.

დაზიანებები მაქვს, რომ დავვარდი ძირს, თავი დავარტყი, თავში მაქვს დაზიანება, მართლა მანდატურების გმირობაა, რომ მე ცოცხალი ვარ, თორემ შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს. სასამართლოს კარებთან მომვარდნენ, არის ვიდეო მასალაც ამის ამსახველი, რომელიც რუსმა გოგომ გადაიღო. არის მოკლე ტექსტური შეტყობინებები მუქარის შემცველი და დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები. ფოტოებიც კი გავუგზავნე მათი ვინც ამოვიცანი. ვინც ჩემზე ფიზიკურად იძალადა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა მას 3000- ლარიანი გირაო შეუფარდეს, ცალ ცალკე წაუყენეს ორივე პირს ბრალი და არა ჯგუფურად.

ერთ საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული და ჯგუფურად არ წაუყენეს. გარდაცვლილი რომ ჰყავს ახლობელი ამიტომ კანონს არ უნდა დაემორჩილოს? ამიტომ ადვოკატზე თავდასხმისთვის პასუხი არ უნდა აგოს? ეს ჯგუფური თავდასხმა იყო, ერთობლივად მოქმედებდა ყველა, ელოდებოდნენ ჩემს გასვლას შენობიდან. არ ვიცი კონკრეტულად ვინ დაგეგმა, მაგრამ ამდენი ადამიანი რომ დამესხა თავს, ეს ხომ ადასტურებს, რომ იყო ჯგუფური დანაშაული. აზერბაიჯანული მე არ ვიცი. თუმცა ხშირად ისმოდა აზერბაიჯანული სიტყვა და როგორც მერე გავარკვიე ეს სიტყვა ნიშნავს მოგკლავ, მოგკლავ. მათგან იყო მოკვლის მუქარა, ცოტა აქეთ, სასამართლოს ეზოში, საინფორმაციოსკენ თუნდაც რომ მომხდარიყო ეს თავდასხმა, იქ ვერავინ ვერ მიშველიდა. ვერც მოასწრებდნენ მანდატურები ჩემს დახმარებას. ასეთი თავდასხმა წარმოუდგენელია. ვითხოვ სწორი კვალიფიკაციის წაყენებას და ასევე სხვა მონაწილე პირების დასჯას კანონის შესაბამისად, რომ სხვა დროს არავინ გაბედოს ადვოკატზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა.