ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში 3 ისრაელელი მძევალი შეცდომით მოკლეს - შედეგად, თელ-ავივში ასობით მომიტინგე შეიკრიბა. დემონსტრანტები, სანთლებით ხელში, სამხედრო ბაზასთან მივიდნენ. მათ ისრაელის მთავრობას მოლაპარაკებების დაწყებისა და დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, ისრაელის ძალების მიერ შემთხვევით მოკლული მოქალაქეები 28 წლის იოთამ ჰაიმი, 22 წლის სამერ ტალალკა და 26 წლის ალონ შამრიზი არიან.
იოთამ ჰაიმი კიბუც კფარ აზადან 7 ოქტომბერს გაიტაცეს. მისმა დედამ ისრაელის მე-11 არხს განუცხადა, რომ შვილის დაბრუნებას დიდი იმედებით ელოდა.
სამერ ტალალკა ისრაელის ბედუინთა საზოგადოების წევრი იყო. მისი მამა, ფუადი, თვის დასაწყისში შეერთებულ შტატებს ეწვია, რათა მისი შვილის შესახებ საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინა.
"გასულ კვირას იმედი გვქონდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, თუმცა ეს იმედი უკვე აღარ არსებობს" - განაცხადა გარდაცვლილი მძევლის მამამ.
ალონ შიმრიზი ოჯახთან ერთად კიბუც კფარ აზაში ცხოვრობდა. იგი "ჰამასის" მებრძოლებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ღაზას პერიმეტრთან ახლოს, კიბუცებში მცხოვრები ბევრი ადამიანი პალესტინელებთან ერთად თანაარსებობის მომხრეები არიან - ამ აზრს იზიარებდა შამრიზიც.
ისრაელის მთავრობამ მძევლების გარდაცვალების გამო "ღრმა სინანული" გამოთქვა და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, "ჰამასის" ტყვეობაში 100-ზე მეტი მძევალი იმყოფება.