ავტორი:

"დიდი ხანია, ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ... ასეთ დროს დაყოფა არასწორია და ეს ერთხელ უნდა დასრულდეს! არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე ხარ!" - გიორგი უშიკიშვილი

"დიდი ხანია, ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ... ასეთ დროს დაყოფა არასწორია და ეს ერთხელ უნდა დასრულდეს! არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე ხარ!" - გიორგი უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი გუშინ სახალხო ზეიმთან დაკავშირებით პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურა და წერდა, რომ ხელისუფლებას ზეიმში მონაწილეობა ყველასთვის უნდა შეეთავაზებინა... ამბობს, რომ ასეთ დროს დაყოფა არ შეიძლება. როგორც გაირკვა, გუშინდელ ღონისძიებაზე უშიკიშვილი მიწვეული არ ყოფილა.

მისი თქმით, როცა ამ ქვეყნის სიკეთე გინდა, საშუალება უნდა გქონდეს, შენი სიმღერით, შენი საქმიანობით გამოხატო და ამაში ხელს არ უნდა გიშლიდნენ.

"ასეთ დროს დაყოფა არასწორია და ეს ერთხელ უნდა დასრულდეს! არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება დაასრულებს, მაგრამ იმედია, მომავალი ხელისუფლებები შეძლებენ, რომ ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში პოლიტიკური კონტექსტი მოხსნან, ყველა იმ მიმართულებაში, სადაც ადამიანების ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

მე დიდი ხანია, ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ... ზუსტად მაგიტომაც ვთქვი, რომ ეს ის დღეა, როცა არც ახალი წელია, არც რამე კონკრეტული ღონისძიება... მე ვიცოდი, რომ არ მიმიწვევდნენ, მაგრამ აქ ჩემზე არ არის საუბარი. უბრალოდ, გამეხარდება, თუ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც მათ მომხრეებად არ ითვლებიან და აქამდე კონცერტებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ... მაგალითად, დღეს ნინო ქათამაძესთან ერთად ვიყავი და მანაც მითხრა, რომ ღონისძიებაზე შეთავაზება არ მიუღია...

მე რომ მკითხოთ, ყველა ჩვენგანს აქვს მცირედი წვლილი, რასაც ვზეიმობთ... ვის მეტი, ვის ნაკლები, ამას ვეღარ განვსაზღვრავთ. თქვენ თქვენი კალმით, მე - ჩემი სიმღერით, სხვას - თავისი საქმით და ასე შემდეგ... ამიტომ რაღაც ნაბიჯი საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიდგას ურთიერთობის აღდგენისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე ხარ! როცა ამ ქვეყნის სიკეთე გინდა, საშუალება უნდა გქონდეს, შენი სიმღერით, შენი საქმიანობით გამოხატო! ამაში ხელს არ უნდა გიშლიდნენ, პირიქით - ხელს უნდა გვიწყობდნენ!" - ამბობს უშკიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.