ავტორი:

ევროკავშირის ჰიმნი და დროშები, სამახსოვრო "სელფი" და გურამ მაჭარაშვილის მისალმება ჟურნალისტებს: "How are you my dear friends?" - როგორ ხვდებიან დეპუტატები კანდიდატის სტატუსს?

ევროკავშირის ჰიმნი და დროშები, სამახსოვრო "სელფი" და გურამ მაჭარაშვილის მისალმება ჟურნალისტებს: "How are you my dear friends?" - როგორ ხვდებიან დეპუტატები კანდიდატის სტატუსს?

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა და მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადმოფენილია ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

"გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო.

ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება, ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპულ - ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში, ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი. ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია და ბოლოს, ერი, რომელმაც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე.

ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს, გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"How are you my dear friends?" - ამ სიტყვებით მიმართა "ხალხის" ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს. ის და შოთა ხაბარელი საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის დროშებით გამოჩნდნენ.

„დღეს ისეთი დღეა, რა თქმა უნდა, ვერავის დავუშლით ამ ზეიმს, თუმცა ყველამ კარგად იცის, ვინ რა როლი შეასრულა ამ ისტორიული გამარჯვების დღის მოტანაში. ბუნებრივია, რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, როგორც რიგითი მოქალაქე ყველა უნდა ზეიმობდეს ამას, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა ნირწამხდარი, თითქმის ათი წლის დაბერებული სახით, თითქოს რომ ულოცავენ ქვეყანას, არ არის კარგი. ასე რომ, დღეს მაინც გაიღიმეთ, მეგობრებო. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშილმა უმრავლესობის წევრებთან სელფიც გადაიღო.

წაიკითხეთ ასევე: "ამ გოიმმა რუსებმა პარლამენტის დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები... " - რას წერს სალომე სამადაშვილი