დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთანავე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
უკრაინასთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. მისი თქმით, გადაწვეტილების მიღებაში უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, როგორც ირკვევა, ორბანს არც ვეტო გამოუყენებია.
"ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება“, - დაწერა ევროპარლამენტარმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაი ვერჰოფშტადტმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარმა განცხადებით კი,ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა, რაც, მისივე თქმით, დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მსოფლიოსთვის
“ორბანი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, და თავის აზრს არ იცვლის. მაგრამ მან გადაწყვიტა ვეტოს ძალა არ გამოიყენოს, ვინაიდან, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაბლოკვა. მან მიიღო გადაწყვეტილება ეს არ გაეკეთებინა, და პატივს ვცემ, რომ ეს არ ქნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, და უნგრეთმა გადაწყვიტა ის არ დაებლოკა”, - განაცხადა ვარადკარმა.
ამავდროულად, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნა მიღებული, ვიდრე ველოდით.”
“ეს დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. და როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატიას იცავს - ამას ვაკეთებთ, და როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება - ამას ვგულისხმობთ”, - განაცხადა ვარადკარმა.
იხილეთ ასევე: