მე-11 მოწვევის საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მართალია, არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამოანიისთვის აქტიურად ემზადებიან.
მმართველმა პარტიამ არჩევანი ისევ მოშე კლუგჰაფტზე გააკეთა. "ქართულმა ოცნებამ" თავად გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ პარტიამ, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან, მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, კონტრაქტი გააფორმა.
მოშე 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი გახლდათ. ასევე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.
ამჯერად კლუგჰაფტს მირი მიქაელიც შეუერთდა. ვინ არის ქალი, რომელიც მასთან ერთად "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებაზე იზრუნებს, ambebi.ge-მ საინტერესო დეტალები გაარკვია.
მირი მიქაელი ისრაელში ACT NEWS-ის თანადამფუძნებელი და პოპულარული ჟურნალისტია. მას საკუთარი საიტიც აქვს, სადაც ქალის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების ამოკითხვა და ფოტოგალერეის დათავლიერებაა შესაძლებელი.
მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში ჟურნალისტია ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში ამზადებდა სპეციალურ საინფორმაციო გადაცემებს და აშუქებდა არჩევნებს ადგილობრივ მე-13 და მე-12 არხებზე. მას ეკუთვნის არაერთი საგამოძიებო სტატიები და სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.
მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში. ჩაწერილი აქვს არაერთი ინტერვიუ მსოფლიოს ლიდერთან, მათ შორის ბორის ჯონსონთან და ანგელა მერკელთან.
მის ჟურნალისტურ მიღწევებს შორის არის ათობით ექსკლუზიური ამბავი, მათ შორისაა მნიშვნელოვანი ინტერვიუ Tinder-ის თაღლითთან, გამოძიება დაბინძურებულ ხორცზე, რამაც გამოიწვია ცვლილებები ხორცის ზედამხედველობის პოლიტიკაში ისრაელში, და ინტერვიუები ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან, როგორებიცაა მერილ სტრიპი, ვუდი ალენი, ჰელენ მირენი, ბენ სტილერი და სხვა.
მირი მიქაელი კითხულობს ლექციებს საკომუნიკაციო თემებზე ხელოვნური ინტელექტის სამყაროს თემაზე და მართავს კონფერენციებს, ღონისძიებებს და გალა საღამოებს ებრაულ და ინგლისურ ენებზე ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის მთელ მსოფლიოში.
მიქაელი ასევე არის სოციალურად აქტიური და ყურადღებას ამახვილებს ოჯახში ძალადობის საკითხზე. ის ემხრობა ცნობიერების ამაღლებას და ინიციატივების განხორციელებას ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალების დასაცავად და ქალთა უფლებების ხელშეწყობისთვის.
მირი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.
ცნობილი ჟურნალისტის საიტზე ნახავთ მოშე მოშე კლუგჰაფტთან ერთად გადაღებულ ფოტოს. სადაც მოშე კლუგჰაფტზე ვკითხულობთ, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგია. მუშაობდა ათ სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთან, მათ შორის ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, კოსოვოს პრეზიდენტთან, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან. ისრაელში ნეთანიაჰუსთან და ბენეტთან.
ის არჩეული იქნა მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელში რონალდ ლაუდერის, ჯარედ კუშნერისა და ნატან შარანსკის გვერდით და არის შოუს "გაიცანი პრესა" კომენტატორი.
წაიკითხეთ ასევე: