"ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარტიამ, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან, მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, კონტრაქტი გააფორმა.
ამასთან, "ქართული ოცნება" ავრცელებს მოშე კლუგჰაფტის კომენტარსაც, სადაც აღნიშნულია, რომ მოხარულია საქართველოში დაბრუნებით.
"მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“, - აღნიშნავს მოშე კლუგჰაფტი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე, მის ნაცვლად "ქართული ოცნების" ლიდერები გამოჩნდნენ, პარალელურად კი, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.
მაშინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში პიარის ისრაელელ სპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს "ებრაელი აფერისტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ბილბორდები სწორედ "მოშეს დამზადებული იყო".
"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას,“ - განაცხადა იმჟამად სააკაშვილმა.
ვინ არის მოშე კლუგჰაფტი?
რაც შეეხება მოშე კლუგჰაფტს, ის 1980 წელსაა დაბადებული და სტრატეგიული მრჩევლის რანგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ნამუშევარი, მის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კლუგჰაფტის საქმიანობას არაერთი პოლიტიკოსისთვის მოუტანია წარმატება არჩევნებსა თუ სხვა კამპანიებში.
ამავე ვებგვედის თანახმად, ის «Forbes»-ის მიერ დასახელებული იყო ისრაელის ყველაზე გავლენიან 40 წლამდე ასაკის პერსონებს შორის, "The Jerusalem Post" -მა 2020 წელს ის მსოფლიოში 50 ყველაზე გავლენიან ისრაელელთა შორის დაასახელა. ისრაელის წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ Globes -მა კლუგჰაფტი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ექსპერტად მიიჩნია,
ის მუშაობდა რუმინეთში, სადაც მისმა წარმოებულმა კამპანიამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში წარმატება მოუტანა.
ვებგვერდზე klughaft.com ვკითხულობთ, რომ მას ნამუშევარი აქვს, ასევე, გერმანიაშიც, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, მარტინ შულცის პარტიიდან.
ავსტრალიაში კანცლერთან მუშაობის დროს ის უძღვებოდა "მოსმენის კამპანიას“, რომლის ფარგლებში კანცლერი პიცის მიმწოდებელ კურიერად ინიღბებოდა და ფარული კამერით სტუმრობდა ოჯახებს, რომლებიც პიცას უკვეთავდნენ. ეს ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კამპანია იყო.
კოსოვოში მოშე კლუგჰაფტი ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობდა და ბევრად გააუმჯობესა მათი შედეგები. პოლიტიკური მრჩეველი მუშაობდა მილანშიც, იტალიაში, დამოუკიდებელ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ისრაელში კლუგჰაფტი არის ქვეყნის განათლების მინისტრის, ნაფტალი ბენეტის მთავარი მრჩეველი. 2012 წლის არჩევნებში. 2 - თვიანი მუშაობის შედეგად, მისი დახმარებით, ბენეტმა დიდი წარმატება მოიპოვა.
ის უძღვებოდა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის ბოლო კამპანიას. მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნათანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას "ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის" წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
კლუგჰაფტი არის მუსიკოსი, მწერალი, წერს სცენარებს ისრაელური სერიალებისთვის, რომლებიც თემატიკით ცნობილ ამერიკულ შოუს The House of Cards ჰგავს.
მისი ლექსი "გადარჩენილი" 2018 წელს, გაეროს ტრიბუნიდან ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, სამ ენაზე; ებრაულად, არაბულად და ინგლისურად წაიკითხეს.