66 წლის ასაკში ქართველი მწერალი, მთარგმნელი, კულტუროლოგი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მწერალი ლუკა ბაქანიძე - "ბევრი წლის წინ, ჩემი მწერლური საქმიანობის პირველ ხანებში, სიმხნევეს და რწმენას მმატებდა, საუბრით, გვერდში დგომით. ზურა მაქებს-მეთქი ბიჭო, ქარუმიძე, ამის ინტერვიუებს ვაკითხებდი ყმაწვილობაში, როცა მეკაიფებოდნენ რა წერა აგიტყდაო შეჩემა. ავად რომ იყო ვფიქრობდი, რა ვუთხრა ისეთი ან რა ვქნა-მეთქი რომ ცოტა გავუსწორო, ახლო მეგობრობა არ მქონია და მერიდებოდა რავი, თორემ აუცილებლად შევთავაზებდი და წავიყვანდი სათევზაოდ, და წყლისპირზე მაინც ვეტყოდი რამეს ეს დედანაქაჩი, რო ეგ რო არა, ფარჩაკი სიტყვებზე მადევარი მეგონებოდა თავი კაიხ ანს, ან არც არაფერს ვეტყოდი და მიხვდებოდა თავად, ეგ ხო ზურა იყო, ქარუმიძე, თავისისაც და სხვისისაც - ყველაფრის მიმხვედრელი კაცი, მაგარი მწერალი... ვუსამძიმრებ ყველა მის ახლო მეგობარს და ოჯახის წევრს, ჩემს თავსაც ვუსამძიმრებ".
მწერალი ბექა ქურხული - "Მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა!.. Ძალიან დამწყდა გული, ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას...Ძალიან დამწყდა გული, ღმერთმა სული გაუნათლოს!.. Ვუსამძიმრებ მეგობრებს და ოჯახის წევრებს!".
ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებს წერდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები. ქარუმიძე ქართულ და ინგლისურ ენებზე 5 რომანის, ერთი მოთხრობათა კრებულისა და ერთი დოკუმენტური პროზის ავტორია.
წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994–1995 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.
2010 წელს, გაიმარჯვა ლიტერატურული პრემია საბას საუკეთესო კრიტიკის, ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში წიგნისთვის ჯაზის ცხოვრება.
2018 წელს, რომანი, Dagny or a Love Feast გერმანული მაუწყებლის, SWR2 მიერ თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა.
წერდა ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.