ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის "მილიციის" სამმა თანამშრომელმა სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე, თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. სამართალდამცველებმა გალის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, თემურ კარბაია ჩხრეკის მიზნით გააჩერეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 40 წლამდე მამაკაცს ე.წ. სამართალდამცველებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მალევე მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი.
ამის შემდეგ კარბაია განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაპირისპირება გაგრძელდა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იძულებულები გახდნენ, რომ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა მედიკოსებმა თემურ კარბაიას გადარჩენა ვერ შეძლეს.