ავტორი:

"ხაბეიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და მერე მოვიდა და ვაშაძე დაასვეს თავზე" - ხატია დეკანოიძე

"ხაბეიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და მერე მოვიდა და ვაშაძე დაასვეს თავზე" - ხატია დეკანოიძე

არ ვიქნები მართალი გითხრათ, რომ კონკრეტულად რაიმე პოლიტიკურ ჩარჩოზე გვისაუბრია, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთან მის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნიკა მელიასთან კომუნიკაცია მას არცერთ ეტაპზე არ შეუწყვიტავს და მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

"მე ნიკასთან კომუნიკაცია არ გამიწყვეტია ნამდვილად, მაშინაც კი, როდესაც მე პარტიიდან წამოვედი, მაშინაც კი, როცა ამ არჩევნებმა ჩაიარა, იგივე პოლიტსაბჭოს დანიშვნის შემდეგ და ა.შ. ამიტომ მე ნიკასთან ეს კომუნიკაცია მუდმივად მაქვს და, რა თქმა უნდა, ნიკასთან თანამშრომლობა არასდროს, საჯაროდ თუ ღიად, არ გამომირიცხავს. არ ვიქნები მართალი გითხრათ, რომ კონკრეტულად რაიმე პოლიტიკურ ჩარჩოზე გვისაუბრია, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება. ბატონ რომანთან [რომან გოცირიძესთან] დაკავშირებით ვერ გეტყვით, ეს მისი ინდივიდუალური გადასაწყვეტია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ კომუნიკაცია და რაღაც საუბარი მასაც ექნება [ნიკა მელიასთან]“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით დეკანოიძემ განაცხადა, რომ ალტერნატიული "ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა შეიქმნას.

"ალტერნატიული "ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნება თუ არა, მე, რა თქმა უნდა, ნიკას ნაცვლად ამისი თქმა გამიჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა არ უნდა შეიქმნას. კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩამოკიდებული იქნება ერთი ადამიანის და ერთი ბელადის ყალიბზე, ვერ იქნება ისეთი პოპულარული, თუნდაც ახალგაზრდებში, როგორიც უნდა იყოს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, მასთან დაკავშირებით დეკანოიძემ განაცხადა, რომ მას ვაშაძე "თავზე დაასვეს“.

"მე საერთოდ უცნაურად მეჩვენებოდა, როცა ხაბეიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და მერე მოვიდა და ვაშაძე დაასვეს თავზე. "ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა თავმჯდომარე, შემდეგ იმიტომ, რომ ვიღაცებს შეიძლება მოეჩვენათ, რომ ვაშაძით უფრო გაკეთილშობილება შეიძლებოდა რაღაცა კონფიგურაციის, ვაშაძე მოიყვანეს“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე, ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, რომ "რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას ცდილობს“, რაზეც განაცხადა, რომ, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილია.

"მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ფრთხილია. მას შეუძლია ძალიან მკვეთრი და მჭახე განცხადებების გაკეთება, რაც არაერთხელ გვინახავს. მას შეუძლია ღიად და საჯაროდ თქვას ყველაფერი. მე ვიტყოდი, რომ ამ შეფასებებში იგი ძალიან ფრთხილია.

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იყოს გაცილებით უფრო მკვეთრი, რა თქმა უნდა, იგი არის უპირველესად ელექტორალური წონის მატარებელი იმ პარტიისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენდი, მაგრამ მას შეუძლია, გაცილებით მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ვიდრე ახლა აკეთებს კონკრეტულად ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.