ჟერარ დეპარდიეს სექსუალური ძალადობისთვის უკვე მეორე მსახიობი ქალი უჩივის სასამართლოში. არაერთი ფრანგული გამოცემის გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ჰელენე დარასმა საჩივარი შეიტანა დეპარდიეს წინააღმდეგ, რომელთანაც ის 2008 წელს ფილმ "დისკოს" გადაღებებზე მუშაობდა. ქალის მტკიცებით, მსახიობმა მას ფილმის გადასაღებ მოედანზე სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა.
"ჩვენ ჯერ საჩივრის გაანალიზების პროცესში ვართ. ვცდილობთ დავადგინოთ, ცალკე უნდა განვიხილოთ ის, თუ მიმდინარე საქმის ნაწილად",- განაცხადა პროკურატურის სპიკერმა და 74 წლის დეპარდიეს წინააღმდეგ მიმდინარე გაუპატიურების საქმეზე მიუთითა.
მსახიობს 2020 წელს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე წაუყენეს ბრალი. თუმცა ოქტომბერში დეპარდიემ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან განაცხდა, რომ ქალზე არასდროს უძალადია: "ქალი თავისი ფეხით მოვიდა ჩემს ოთახში, დღეს კი ამბობს, რომ ის გავაუპატიურე. არადა, ის მეორედაც მოვიდა ჩემთან",- წერდა მსახიობი. იმის მიუხედავად, რომ დეპარდიეს წერილში არ დაუკონკრეტებია, ვისზე იყო საუბარი, მოგვიანებით გამჟღავნდა, რომ ის შარლოტა არნოლდს გულისხმობდა.
შარლოტა არნოლდი 2020 წლის სარჩელში ამტკიცებს, რომ ის 2018 წელს, დეპარდიემ საკუთარ სახლში გააუპატიურა. დეპარდიემ ბრალდება 2021 წელს უარყო და განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო და არაფრის ეშინოდა.
აპრილში ფრანგულმა საგამოძიებო გამოშვებამ 13 სხვა ქალი გამოავლინა, რომლებიც მსახიობს სექსუალურ შევიწროვებაში ან ცალკეულ ინციდენტებში ადანაშაულებდნენ. გამოცემამ დასძინა, რომ საჩივრები იმ "მსახიობებისგან, ვიზაჟისტებისა და საპროდიუსერო პერსონალისგან" შევიდა, რომლებთანაც დეპარდიე 2004-2022 წლებში მუშაობდა.
წყარო: people
მოამზადა: ანა სიბოშვილმა