ავტორი:

"მალაკნების ბაზარი", "მალაკნების ხიდი" - საიდან მოდის ეს ეტიმოლოგია და ვინ არიან მალაკნები?

"მალაკნების ბაზარი", "მალაკნების ხიდი" - საიდან მოდის ეს ეტიმოლოგია და ვინ არიან მალაკნები?

"მალაკნების ბაზარი,“ "მალაკნების ხიდი,“ "მალაკნების უბანი“ - ამ ფრაზებს თბილისელების მეტყველებაში დღესაც მოისმენთ... რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან მალაკნები, რა კავშირი აქვთ თუნდაც ბაზართან თუ ხიდთან, ეს ბევრმა არ იცის.

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისში რუსეთიდან რელიგიური ჯგუფის წევრების - მალაკნების გადმოსახლება დაიწყო. თავდაპირველად, ისინი რიყეზე სახლდებოდნენ, მოგვიანებით მათი დასახლება ახალი კუკიის ტერიტორიაზე გაჩნდა, რკინიგზის გაღმა. მალაკნებს თავისი სასაფლაო და ბაზარი ჰქონდათ. ბაზარი XX საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა, რომელიც რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და "საბჭოს ქუჩის“ შესაყართან მდებარეობდა. ის "მალაკნების საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და 1860-იან წლებში იყო დაარსებული.

მალაკნები ძირითადად მედროგეები და მეეტლეები იყვნენ. ბაზარში თევზით, მარილით, ბოსტნეულითა და რძით ვაჭრობდნენ. თბილისელი მალაკნები, ძირითადად, ხელოსნობას მისდევდნენ, რაიონში დასახლებულები კი - სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეფუტკრეობას.

როგორც უკვე ვთქვით, "მალაკნების ბაზრის" სახელი ადგილს, სადაც ის არსებობდა, დღემდე შემორჩა, ხოლო "მალაკნების ხიდს“ კი იმ ტერიტორიის სიახლოვეს არსებულ სარკინიგზო ხიდს უწოდებენ.

  • პრეისტორია

რუსეთის ხელისუფლების მიერ, 1830 წელს გამოცემული სამთავრობო განკარგულებით, "მალაკნები“ ამიერკავკასიაში გადაასახლეს. საქართველოში თბილისის გარდა, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკასა (ილიაწმინდა) და საგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნოგორკაში (სათაფლე) დასახლდნენ. დღეს მათი რიცხვი საქართველოში ძალიან შემცირდა.

უმეტესი მათგანი საცხოვრებლად რუსეთში, სარატოვის ოლქში გადავიდა, საიდანაც მათი წინაპრები 1876-1878 წლებში რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ გამოაძევა.

ამიერკავკასიაში მცხოვრები მალაკნების ყრილობა ულიანოვკაში

  • დევნის მიზეზი

მალაკნები იმპერატორს ღვთისგან ცხებულ მეფედ არ აღიარებდნენ, თუმცა მორჩილებას უცხადებდნენ და მის მიმართ ლოცვებსაც აღავლენდნენ. ამას თან დაერთო ცნობილი საეკლესიო განხეთქილებაც. XVII საუკუნეში რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა საეკლესიო რეფორმა გაატარა, მალაკნები რუსეთის პატრიარქს არ დაემორჩილნენ.

ამ რელიგიური მიმდინარეობის წინამორბედად "დუხობორებს“ მიიჩნევენ, ჩამოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად და იმ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, რომლებიც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისგან დაცარიელებული იყო. მათი სოფლები რუსეთის ცენტრალური გუბერნიებისთვის დამახასიათებელი სოფლებისა და დაბების ასლს წარმოადგენდა.

მალაკნები - ფოტო XIX საუკუნის ბოლოსაა გადაღებული

  • ძირითადი პრინციპები

ისინი არ ცნობენ წმინდანებს, ხატებს, ჯვარს, მონაზვნობას, საღმრთო გარდამოცემას და ა.შ. მათთვის მიუღებელია სამხედრო სამსახურიც.

თავიდანვე საზოგადოების ყურადღება იმით მიიპყრეს, მძაფრი რეაქცია ჰქონდათ ნათლისღების რიტუალზე, რაზეც უარი თქვეს. აღიარებენ ამ საიდუმლოს მხოლოდ სულიერ მხარეს. ნათლობას უწოდებენ მოძღვრების აღქმას, ზიარებას - უფლის სიტყვის შთანერგვას.

ისინი ერთად კვირა დღეს სამლოცველო სახლში იკრიბებიან, რომელსაც "საბრანიას“ ეძახიან.

თბილისში მცხოვრები მალაკნები კი ის ჯგუფი იყო, რომელთანაც 1867 წელს გერმანიიდან ჩამოსულმა ბაპტისტმა კოლვეიტიმ იქადაგა, შედეგად მალაკნების ნაწილმა წყლით ნათლობა აღიარა და სარწმუნოება შეიცვალა. თბილისელი მალაკნების რიცხვი სწორედ ამ ფაქტის გამო შემცირდა.

  • სიტყვის განმარტება

"მალაკანს“ სხვადასხვანაირად განმარტავენ. ერთი თვალსაზრისით, უკლეინის მიმდევრებს ასე იმიტომ ეწოდათ, რომ ისინი მარხვის დროს რძეს სვამდნენ. ე.ი. "მალაკანი“ მომდინარეობს სიტყვისაგან "მოლოკო“ (რუს.). მეორენი ამ სახელს მდინარე მოლოჩნაიასთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზე მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. სხვა ეტიმოლოგიის თანახმად, ასეთი სახელდების მიზეზი მათი მცირერიცხოვნებაა.

თავად მალაკნები თავიანთ თავს და მოძღვრებას "სუფთა სულიერ რძეს“ ადარებენ და თვლიან, რომ ეს მათი თვითსახელწოდებაა, დაფუძნებული პეტრე მოციქულის სიტყვებზე: "თქვენ, როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“...

  • ფიროსმანის ტილო

სიღნაღის მუზეუმში დაცულია 1905 წელს ნიკო ფიროსმანის მიერ შესრულებული ნახატი "მალაკნების ქეიფი“.

ფიროსმანის ტილო - მალაკნების ქეიფი

როგორც ცნობილია, ფიროსმანი თბილისში სწორედ მალაკნების დასახლების ("მალაკნების ბაზართან“) სიახლოვეს ცხოვრობდა, სადაც ადვილი შესაძლებელია, მათთან ხშირი ურთიერთობაც ჰქონდა. ამიტომაც, თავის ნამუშევრებშიც მათ გარკვეული ადგილი დაუთმო კიდეც.