"დემეტრე ჩემი ერთადერთი თვალის ჩინია... თუ გროშებად დაიწყებენ მისი სიცოცხლის შეფასებას, სარჩელი გასცდება საქართველოს" - 20 ივნისის აქციაზე დაშავებული დემეტრე ნაყოფია სახელმწიფოს უჩივის.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური "პოლიციის შესახებ" კანონში, ასევე სხვა სამართლებრივ აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს "პოლიციის შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს. მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე იცავს.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 20 ივნისის კიდევ ერთმა დაზარალებულმა დემეტრე ნაყოფიამ. ზუგდიდის თეატრის მსახიობი ერთ-ერთი იყო, რომელიც იმ ღამეს მძიმედ დაშავდა. ფოტომ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ სდის ახალგაზრდა კაცს თვალიდან სისხლი, სხვა ფოტოებთან ერთად, უცხოური გამოცემები მოიარა.
დემეტრე ნაყოფიას დედა, მედეა ფიფია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ქალბატონი მედეა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შვილის სოლიდარობის ნიშნად თავადაც სათვალეს ატარებს.
- დემეტრეს აქამდე პირველადი დახმარებები ჩაუტარეს იარაელში. ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში შუბლზე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა, დროებითი ლინზა დაუმზადეს დაზიანებული თვალისთვის, რომელიც ვერ მოირგო და არ იყენებს.
ერთ წელიწადში ანუ 2022 წლის შემოდგომაზე ისევ უნდა წასულიყო კონტროლზე, მაგრამ როგორც ყოველთვის, შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროსთან კავშირი. არასდროს მოუკითხავთ თავადაც. ჯერაც ვერაფერს ხედავს და და ვიზუალიც დამახინჯებული აქვს.
მისი ფსიქიკური და სულიერი მდგომარეობა გაცილებით უარეს დღეშია. ვიდრე ფიზიკური. ვერ ხედავს წინ ვერაფერს, მომავალს ვგულისხმობ. არც არავინ “იმჩნევს” საქართველოში მის ნიჭს, რომ გააგრძელოს მსახიობობა. თეტრში მის ადგილს ამ მდგომარეობაში საერთოდ ვერ ხედავს.
რაც შეეხება სარჩელს, გადაწყვიტა სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სრულად მოსთხოვოს “ევროპაში ინტეგრირებად ქვეყანას” ევროპული კრიტერიუმებით. ზიანის ანაზღაურებასთან ერთად მკურნალობის ბოლომდე მიყვანაც აუცილებელი მოთხოვნაა. დემეტრეს სრულადაც რომ აღუდგეს ფიზიკურად ყველაფერი, დროს, სულიერ ტკივილს და ტანჯვას რაც გამოიარა, ვერანაირი ციფრი ვერ აღადგენს.
- რა მოლოდინი გაქვთ ამ სარჩელიდან ქალბატონო მედეა?
- მე ევროპაში ვცხოვრობ 2015 წლიდან და მხოლოდ ერთხელ 2019 წლის შემოდგომაზე ერთი თვით ვიყავი საქართველოში, რათა დემეტრეს რეაბილიტაციისთვის ხელი შემეწყო. არ მაქვს დასვენების ფუფუნება, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს საემიგრაციო სფეროში და ევროკავშირთან ვთანამშრომლობ. არ ვიცი, საქართველოში როგორ განვითარდება, მაგრამ იმედი მაქვს ნებისმიერი, ვინც პასუხისმგებელია (შსს, ჯანდაცვა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, სხვათაშორის, დემეტრეს მამა აფხაზეთის მკვიდრი იყო, მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტი, თბილისი მერია) დემეტრეს სიცოცხლის, ცხოვრების და მომავლის ხელყოფაში, თანაბრად უნდა გადაინაწილონ პასუხისმგებლობა.
ამ ადამიანის დამახინჯებული მომავალი და ცხოვრება მაქსიმალურად (ხაზს ვუსვამ) შეუმსუბუქონ, ზუსტად ისე, როგორც ამას ნებისმიერი “თავმოყვარე”/ევროპული სახელმწიფო მიუდგებოდა.
სასამართლომ თავისი სიტყვა უნდა თქვას და ყველა მოქალაქეს და სახელმწიფო მოხელეს, ვისაც დემეტრეს ტრაგედია ეხება, წარმოიდგინონ მხოლოდ ერთი წუთით თავიანთი შვილები, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ, რომელიმე სახელმწიფოს რომ დაეზიანებინა, რას მოითხოვდნენ იმ სახელმწიფოსგან... შემდეგ, ასე უფრო გაუადვილდებათ გაიგონ დემეტრეს და ჩემი მდგომარეობა.
დემეტრე ჩემი ერთადერთი თვალის ჩინია. ჩემი გული და არსებაა, ვისთვისაც მე სიცოცხლესაც არ დავიშურებ. სამართალს თუ საქართველოში ვერ მივაღწევ და გროშებად დაიწყებენ დემეტრეს სიცოცხლის, დროის, ტრავმის, მომავლის შეფასებას, სარჩელი აუცილებლად გასცდება საქართველოს. დემეტრე ქართველების დიდ ნაწილში დღეს გმირია, ზუსტად ამ სიტყვებით მიუმართავთ მისთვის: შენ იმ საღამოს ჩვენს მაგივრად იდექიო იქ… და ჩემთვისაც უთქვამთ: ჩემს გმირ ძმას მოკითხვაო.
წაიკითხეთ ასევე: