"კარიკატურისტების თვალით დანახული ძველი თბილისი“ - ქართველმა მხატვარ-კარიკატურისტებმა ასე დაარქვეს საერთაშორისო პროექტს, რომელშიც 30 ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობდა. როგორც ორგანიზატორები (არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ ენდ სოსაიეთი“ ) ამბობენ, პროექტის განხორციელების იდეა ძველი ტრადიციის აღდგენისა და თანამედროვე კარიკატურისტების თბილისით დაინტერესების მიმართულებით გაჩნდა, რასაც ხელი შეუწყო ქართველი და უცხოელი მხატვრების მეგობრობამ.
"გამოფენა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს დედაქალაქის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობდა, რომელიც ყოველთვის კულტურათა გადაკვეთის ადგილს, ტოლერანტობის და განსხვავებულ ადამიანთა თავშესაფარს წარმოადგენდა, სადაც ქართველი და უცხოელი შემოქმედები თავიანთ ნამუშევრებს ქმნიდნენ. თბილისის თემაზე ნახატები ქართველმა და უცხოელმა არტისტმა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ კარიკატურისტებმა ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ იმუშავეს,“ - ამბობს მხატვარ-კარიკატურისტი კემო.
მისივე თქმით, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
კემო:
- გადავწყვიტეთ კარიკატურების ჯგუფური გამოფენა გაგვემართა, რომელშიც ქართველ მხატვრებთან და კარიკატურისტებთან ერთად მონაწილეობას უცხოელებიც მიიღებდნენ. მე და ჩემმა კოლეგა, ზალიკო სულაკაურმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი უცხოელი მხატვრი გავიცანით. საერთოდ, უცხოეთში მიწევს ხოლმე სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა. ამერიკაშია ყველაზე ცნობილი კონკურსი, რომელიც წელს ჩატარდა. ამასთანავე, ინტერნეტ-კონკურსიც იმართება, რომელშიც ერთი თვის წინ, პირველი ადგილი დავიკავე. ამის ფონზე მოხდა ჩვენი უცხოელი კარიკატურისტების დამეგობრება.
საერთოდ, როდესაც გამოფენის ჩატარებას ვაპირებთ ხოლმე, ცდილობენ, თავიანთი მენტალური კალაპოტებიდან გადმოვიდნენ და ჩვენსას მოერგონ. ამჯერად მათთვის თბილისის თემაზე ინფორმაციის ზუსტად გადაცემა ცოტა გართულდა, რომ ნათლად დაენახათ ჩვენი თემა. მიუხედავად ამისა, ყარაჩოღელს, მექისეს, თბილისის სიუჟეტებს ბოლოს მაინც აუღეს აუღეს. მათ შორის იყვნენ: ბრაზილიელი, ამერიკელი, ესპანელი, იტალიელი, პოლონელი, ფრანგი, რუმინელი არტისტები - სულ 30 ნამუშევარი შეიქმნა...
მეც დავხატე V საუკუნის ხოხობი, ოღონდ, ვიდრე ცხელ წყალში ჩავარდებოდა და თბილისი დაარსდებოდა იმჟამინდელი...
- ალბათ კიდევ აპირებთ მსგავსი პროექტების ორგანიზებას...
- ეს ნამუშევრები აქ დარჩება და როდესაც შესაბამის სივრცეს შევქმნით, იქ განთავსდება. წინა წლებშიც გვქონდა რამდენიმე მსგავსი ფესტივალი. გეგმაში მსგავსი კონკურსის ისევ ჩატარება. ოღონდ, გვინდა, რომ უკვე უცხოელი არტისტები ჩამოვიყვანოთ და ფიზიკურად მიიღებენ გამოფენაში მონაწილეობა.
გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, კარიკატურისტი:
- ჩვეულებრივი თემა არ არის, ამიტომ საინტერესო იყო მასზე მუშაობა. ძალიან ველოდებოდი დღევანდელ დღეს, რომ მენახა ჩემი კოლეგების და არა მარტო ქართველების ნამუშევრები, მათი თვალით დანახული ძველი თბილისი. გამოფენა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი აღმოჩნდა ჟანრობრივად და თვისობრივადაც. მიხარია, რომ ბევრი კარგი კარიკატურა აღმოვაჩინე... ჩემი ნამუშევარი თბილისის დაარსების თემაზეა.
კარიკატურისთვის რთული შემოთავაზებაა, სარკაზმიც უნდა იყოს, იუმორიც, თბილისსაც მოსწონდეს, ქალაქის ისტორიას ესადაგებოდეს. ჩემს კარიკატურაში ასეა - ხოხობს მოუვიდა თბილისის დაარსების იდეა და არა ვახტანგს, ვახტანგი ჩახოხბილზე ფიქრობდა...
ზალიკო სულაკაური:
- ეს გამოფენა დედამიწას აპატარავებს. ჩვენს უცხოელ კოლეგებს ასე მოვეფერეთ. ამასთანავე, შევთავაზეთ საქართველოზე და მის ძველ დედაქალაქზე კარიკატურის სახით რამე შეექმნათ... ახსნა დაგვჭირდა. მათთვის რთული თემა იყო. ვინც მონაწილეობდა, თავისი ქვეყნის აღიარებული კარიკატურისტია.
ამ საქმეში მე და კემო რომ არ ვყოფილიყავით, უცხოელები შეიძლება, არც ჩართულიყვნენ. ჩვენ საერთაშორისო ფესტივალზე რამდენჯერმე ვიყავით, ისინი იქ გავიცანით და დავიმეგობრეთ.
- გამოვიდა, რომ თქვენ მათთვის საქართველოს და თბილისის ელჩები აღმოვჩნდით..
- ასე გამოვიდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. სასიამოვნოა, რომ უკვე იციან ჩვენი ქვეყის და მისი არაჩვეულებრივი დედაქალაქის შესახებ... კარიკატურა ისეთი რამ არის, რომ სათქმელს ძალიან ლამაზად ამბობს. ეს მომავალი კარგი საქმისთვის ერთი კარგი ნაბიჯია.
თბილისს მეც ჩემებურად ჩავეხუტე. საერთოდ კარიკატურის გარდა ძველი თბილისის თემაზე რაღაცებს ისედაც ვხატავ და ამჯერად დიუმას თემა ავირჩიე, როდესაც ის კავკასიაში ჩამოვიდა. ქართველებს ხომ ჩვევა გვაქვს, უცხოელები უნდა დავათროთ, ჰოდა, პირიქით მოხდა, დიუმამ იქეთ დაათრო ქართველები. ჩემი ნამუშევარი ღვინით, თელავში ნაჩუქარი საფერავით დავხატე. მერე მასალად ყავაც გამოვიყენე... მოკლედ, ენერგია და შრომა არავის დაგვიკლია.