"ნაციონალური მოძრაობაშის" არეულობა გრძელდება. 4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" 13-დან 7-მა წევრმა პარტია დატოვა. მათ გარდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმაც.
"ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ვტოვებთ პარტიას და ერთგული ვრჩებით "ვარდების რევოლუციის" იდეალების. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ცხოვრების ნახევარი ამ პარტიაში ვიყავით და ჩვენთვის ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება", - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ.
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ, მაშინ დაიწყო, რაც ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა და თავმჯდომარე ნიკა მელია დამარცხდა. ხაბეიშვილსა და მელიას შორის დაძაბულობა მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც "ფორმულას“ ღამის ეთერში მოქმედმა თავმჯდომარემ მის წინამორბედზე განაცხადა: "საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის მისი წევრი და ვერ ილაპარაკებს "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“.
მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის გამარჯვებით კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჯგუფის გავლენები გაძლიერდა პარტიის შიგნით სულ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა.
პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ პროცესმა შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, თუმცა იმედოვნებენ, რომ "ქართული ოცნება“ საწადელს ვერ მიაღწევს და "ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება.
"ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ პარტიის რიგების დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილება ენმ-ს ახლანდელ მმართველებთან უთანხმოებას დაუკავშირა და ახალი პარტიის შექმნის შანსებზე ისაუბრა.
"როცა დავრწმუნდით, რომ ერთობის პერსპექტივა ნულამდე დავიდა, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და პარტიაში ამ უაზრო შიდა ამბავს თვითონვე დავუსვით წერტილი. იქ, სადაც არ გვჯერა, რომ არის შანსი წარმატებას მივაღწიოთ, უნდა წახვიდე. ჩვენ ვსაუბრობდით ერთობაზე, ვიღაცეები "მგლის ბილეთებზე“ გვესაუბრებოდნენ. აქეთა მხრიდან იყო შეთავაზება, ნდობის საბჭო, ან ბორდი გავაკეთოთ, ერთ შემთხვევაში ამას მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაც ჰქონდა, მეორე შემთხვევაში ნიკა მელიას განცხადებაზე 40 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი და ამასობაში, ღამით, პირდაპირ ეთერში, მოქმედმა თავმჯდომარემ საერთოდ პარტიიდან გარიცხა ყოფილი თავმჯდომარე. თან გვეუბნებოდნენ, ამას მიშას სახელით ვაკეთებთო, არადა, ჩემთვის დაუჯერებელია, რომ, მაგალითად, ქალბატონი დარეჯან ცხვიტარია მიშას მოეხსნა ფოთში თანამდებობიდან. მოკლედ, უამრავი ამბავი იყო, რომლითაც ნათლად ჩანდა, რომ პარტიაში ერთობის შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნებოდა. ფაქტია, პარტიის შიგნით ერთობა ვერ მოხერხდა, ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვთვლით, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, თან ამავდროულად გვგონია, რომ სიმართლე არ იკარგება, უნდა ვცადოთ დამოუკიდებლად პოლიტიკური აქტივობები. დიდი შანსია და ამის იმედი მაქვს, რომ შეიქმნება ახალი პარტია, რომელშიც არა მხოლოდ მელია, ბევრი ადამიანი იქნება ჩართული. მიშას მოწოდება ერთობაზე არ გამოვიდა, გვახსოვს, რომ იმავე ღამეს ლევან ხაბეიშვილმა მგლის ბილეთით უპასუხა ყველას. ახალ პარტიას ალბათ უახლოეს პერიოდში იხილავთ,“ - გვეუბნება გიორგი კირთაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი წევრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსები ცხრა თვეა გასულები არიან პარტიიდან და ამ ხნის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად და მიზანმიმართულად ცდილობდნენ, როგორმე მეტად დაეზიანებინათ პარტია. მისივე აზრით, რა გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს, დაგვიანებულია და უკეთესი იქნებოდა, ეს დროზე გაეკეთებინათ.
"სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები იმას ვერ შეეგუენ, რაც არჩევნებში ერთი მხარის გამარჯვებით დასრულდა. ისინი გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად ცდილობდნენ, როგორმე მეტად დაეზიანებინათ პარტია. რა გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს, დაგვიანებულია, უკეთესი იქნებოდა დროზე გაეკეთებინათ, თუმცა ეს დასასრული უნდა იყოს. ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით ენმ-ს აღარ წარმოადგენენ და იმედს ვიტოვებთ, სამიზნეს გაასწორებენ და რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებენ იმ დროსა და ენერგიას, რასაც შიდაპარტიულ ბრძოლებში ხარჯავდნენ. საწუხაროდ, უკვე ჩვენმა თანაპარტიელებმა, ფაქტობრივად, უარი თქვეს მიშას და ენმ-ს იდეაზე - სააკაშვილი ბევრს ეცადა, ამ ადამიანებს როგორმე სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ და ერთად გვებრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. რა პროცესებსაც ამ 9 თვის განმავლობაში ვხედავდით, ჩემი აზრით, გაგრძელება ექნება სხვა რეგიონებშიც. 2012 წლის შემდეგ ბევრი ასეთი გვინახავს - პარტიიდან გადიოდნენ, ჰქონდათ სხვა პარტიის შექმნის მცდელობები, ქმნიდნენ კიდეც, მაგრამ ისიც ნანახი გვაქვს, რა შედეგებზე გადიოდნენ. ასე იქნება მელიას შემთხვევაშიც.
ბიძინა ივანიშვილს 2012 წლიდან აქვს ენმ-ს დაშლის მცდელობა, ჩვენს პარტიაში გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ირიბად თუ მიზანმიმართულად, ბიძინას უწყობენ ხელს, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა და ვერც ახლა მიაღწევენ ენმ-ს დაშლას. სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი მიზნად ისახავდა, როგორმე შეთანხმებისთვის მიგვეღწია და ყველა გავერთიანებულიყავით ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ამ ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს. სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს ამ ყველაფერზე, არ შეუერთდნენ მანიფესტს. იმედს ვიტოვებ, ვინც თვლის, რომ "ოცნების“ დასამარცხებლად ენმ და მისი უპირობო ლიდერი სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი, ვისაც მისი სჯერა, პირად წყენა-ამბიციებს გადადებს და ამ ბრძოლას შემოუერთდება. მაგრამ თუკი გადაწყვეტილი აქვთ, რომ მიდიან, რაც მალე დასრულდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი. საზოგადოება კარგად ხედავს, რას ემსახურება ეს პროცესი. ჩემი აზრით, მელია ვერ შეეგუა დემოკრატიულ არჩევნებში წაგებას და გაქცევა და ტალახის სროლა ამჯობინა იმაზე, ვინც არჩევნები მოგიგო, რაც არასწორია. პარტიის თავმჯდომარეს მელია არ გაურიცხავს, არამედ თქვა, რადგან მელია მანიფესტს არ შეუერთდა, მისი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს აღარ წარმოადგენსო, ეს იყო მისი განცხადების მთავარი შინაარსი და არა გარიცხვა“.
როგორც წყარო ენმ-დან გვეუბნება, მიშას თუ მართლა პარტიის გაერთიანება უნდა, მანიფესტი ვერაფერს იზამს, სხვა ნაბიჯი უნდა გადადგას და ეს ერთადერთი გამოსავალია:
"ენმ-ში,ფაქტობრივად, ვანომ არია მონასტერი, მან რიგგარეშე არჩევნებით გამოიწვია პარტიაში განხეთქილება. ახლა ის "მოტეხილია“ საზღვარგარეთ და ისეთ ხმებს ავრცელებს, თითქოს მის წინააღმდეგ შსს-ში საქმე აღძრეს. ეს თუ მართალია, ჟურნალისტებს ამის გაგება და გახმაურება გაუჭირდებოდათ? ვანო უცხოეთში ზის და წყნარად ადევნებს თვალს პროცესებს. რა თქმა უნდა ეს ღრჯო, კეზერაშვილთან ტანდემში მუშაობს, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მალე ერთმანეთს დაერევიან.
ხაბეს ფრთამ პოლიტსაბჭოდან მელიას მომხრეები გარიცხა და თავისი ხალხი შეიყვანა, რაც, თავისთავად, პარტიის გახლეჩას გამოიწვევდა. მიშა, დიდი ალბათობით, ორივე ფლანგს დაუჭერს მხარს - ძირითადად მისი ელექტორატი კია, მაგრამ იმ აჭარის დეპუტატებს თავიანთი ამომრჩეველიც ჰყავთ. ერთი რამაა საკვირველი, რატომ იქცევა ასე სააკაშვილი - მას შეუძლია თვითონ გახდეს თავმჯდომარე, გენმდივანი კი სხვა დანიშნოს. უნდა დაისვას ეს კითხვა - მას თუ ერთიანობის შენარჩუნება უნდა, რატომ არ აკეთებს ამას? იქნებ ეს კომფორტში ყოფნისა და ციხეში არგადაყვანის სანაცვლოდ ხდება? მას რომ ეთქვა, ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და მე ვიღებ მასში მონაწილეობასო, ბუნებრივია, თავმჯდომარედ მას აირჩევდნენ, ის კი გენმდივანს დანიშნავდა, საბოლოოდ, პარტია არ გაიხლიჩებოდა და მიშას წინააღმდეგაც არ წავიდოდნენ.
მელიას რაც შეეხება, ის ცალკე ჯგუფით გამოვა. ის თუნდაც არ გარიცხონ, სიაში არ შეიყვანენ, დეპუტატობის კანდიდატად არ დაასახელებენ და კლერკად ხომ არ იქნება? ბათუმელი დეპუტატებიც იმიტომ გამოვიდნენ ენმ-დან, რომ იცოდნენ, მომავალ არჩევნებში არსად შეიყვანდნენ (ვინც მელიას დაუჭირა მხარი). მელია ცალკე პარტიის შექმნას აპირებს და პოლიტიკაში დარჩენას, არავისთან არ გაერთიანდება. მას ცოტა რესურსი კი არ აქვს - თბილისის 70-80% მას უჭერს მხარს, სერიოზული მხარდაჭერა აქვს აჭარასა და სამეგრელოშიც და ამ რესურსს ხომ არ დაკარგავს?
"ნაციონალებმა“ ასე თუ გააგრძელეს, მას დაახლოებით ის ბედი ელის, რაც ედპ-ს 90-იანებში. პარტიის გაერთიანების შანსი აღარაა, ეს პოლიტიკური სქიზმა უკვე შედგა, მანდ ერთადერთი ისღა დარჩა, ძალა მოიკრიბონ და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადონ - ვინ რას წამოკრეფს, ვინ რა კოალიციას შექმნის, ამაზე იფიქრონ. 2024-ში პროპორციული არჩევნებია და ბიძინამ ახლა თუ არ დაქსაქსა ოპოზიცია, მას პირწმინდად წაგებული აქვს. ახლა ბიძინასთვის ერთადერთი საფრთხე მიშას თავისუფლებაა, სალომემ თუ ეს გააკეთა, მაშინ არ ყოფილა ერთობლივი თამაში. თუ გამოვიდა, მიშა იქნება არა მარტო ენმ-ს მაკონსოლიდირებელი, არამედ მთელი ოპოზიციის, ყველა შეეცდება მისი ქოლგის ქვეშ დაიკავოს ადგილი (აქვს მიშას ამის ნიჭი და ქარიზმაც). მგონია, მისი გათავისუფლება დღეს დასავლეთს არ აწყობს, ეს არც სალომეს აწყობს, მას უნდა შუაშისტების ლიდერად ჩამოყალიბება. მიშამ უნდა თქვას, ვინ ჩამოიტყუა საქართველოში, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი მას სერიოზულ ჯგუფებმა შესთავაზეს, შესაძლოა, სულაც დასავლეთმა მისცა გარანტიები და მერე რაღაც დროით ბიძინას მისი იზოლაცია ურჩია. პარტიაში არის კითხვები: 1. რატომ არ ამბობს მიშა, ვინ ჩამოიტყუა და 2. რატომ არ სურს თვითონ გახდეს პარტიის თავმჯდომარე, დანიშნოს გენმდივანი და ამით დაამთავროს ეს არეულობადა და მოახერხოს პარტიის ერთიანობის შენარჩუნება?"