ავტორი:

22-ე საუკუნის მოქალაქეები უკვე ჩვენს შორის არიან - 11 დაუჯერებელი და განსაცვიფრებელი ფაქტი დროზე

22-ე საუკუნის მოქალაქეები უკვე ჩვენს შორის არიან - 11 დაუჯერებელი და განსაცვიფრებელი ფაქტი დროზე

1963 წლის 23 ნოემბერს, სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სერიალი, "დოქტორი ვინ“ BBC-ზე პირველად გავიდა ეთერში. სერიალში ნაჩვენებია დოქტორის თავგადასავალი. იგი არის დროის მბრძანებელი პლანეტა გალიფრეიდან. როგორც ყველა დროის მბრძანებელს, მას შეუძლია რეგენირება - როგორც კი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, იგი იცვლის სხეულს. დოქტორი დროსა და სივრცეში მოგზაურობს "ტარდისით", მისი მგრძნობიარე კოსმოსური ხომალდით. ხშირად მას თან ახლავს კომპანიონები, თუმცა სხვადასხვა ცივილიზაციებისა და რიგითი ინდივიდების გადარჩენისას, უამრავი მტერიც გაიჩინა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრიტანულმა სერიალმა შეიძინა თაყვანისმცემლების მრავალმილიონიანი არმია მთელს მსოფლიოში, რითიც გლობალურ კულტურულ ფენომენად იქცა.

საკულტო სატელევიზიო შოუს 60 წლის იუბილეზე BBC Future-მა მასალების სერია მოამზადა, რომელიც ფიზიკას, ფსიქოლოგიას და დროის ისტორიას მიეძღვნა.

გთავაზობთ 11 აბსოლუტურად მეცნიერულ და განსაცვიფრებელი ფაქტებს დროის შესახებ:

  • 1. დროის აღქმა თქვენს მშობლიურ ენაზეა დამოკიდებული

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ დრო, როგორც ვექტორი, რომელიც იწყება რაღაც მომენტში.

რა მიმართულებით არის შემობრუნებული ეს ვექტორი? ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად? ან იქნებ დრო საერთოდ არ არის შენთვის ხაზი და სულ სხვანაირად გამოიყურება?

ამ კითხვებზე პასუხები, სავარაუდოდ, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეებს შორის განსხვავებული იქნება.

მაგალითად, ინგლისურად, წარსული აღწერილია, როგორც რაღაც "მწოლიარე“ ჩვენს უკან, მომავალი წინ არის და ზოგადად დრო ყველაზე ხშირად გამოსახულია ჰორიზონტალური ხაზის სახით, რომელიც მიმართულია მარცხნიდან მარჯვნივ.

მაგრამ ჩინელებისთვის დრო ყველაზე ხშირად ჰგავს ვერტიკალურ ხაზს, რომელზეც მომავალი წარსულის ქვემოთაა.

ბერძნები დროსაც კი აღიქვამენ, როგორც სამგანზომილებიან ცნებას - ის შეიძლება იყოს "დიდი", შეიძლება იყოს "ბევრი", მაგრამ ჩვენთვის ნაცნობ გამოთქმას "დიდი დრო" ბერძენისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

შორეულ ავსტრალიელ აბორიგენულ დასახლებაში, სახელად პორმპურავე, დრო საერთოდ არ არის დამოკიდებული ადამიანის პოზიციაზე სივრცეში, რადგან ის ყოველთვის ერთი და იმავე მიმართულებით მიედინება: აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ენა, რომელსაც ვიყენებთ დროის მსვლელობის აღსაწერად, ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გვახსოვს ინფორმაცია და ზოგადად, როგორ ვფიქრობთ.

  • 2. როდესაც სამყაროში სიცოცხლე დასრულდება, წარსული და მომავალი არსებობას შეწყვეტს

ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, დროთა მსვლელობაც ასაკთან ერთად იცვლება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ სამყაროს დაბერებაზე. ზოგადად მიღებულია, რომ "დროის ისარი“, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ გადის, დიდი აფეთქების მომენტში იღებს სათავეს.

უცნობია, როგორ დასრულდება სამყაროს ისტორია, მაგრამ ერთ-ერთ ჰიპოთეზაში ნათქვამია, რომ როდესაც მატერიის ენტროპია მაქსიმუმს მიაღწევს (მატერია მთლიანად აირია, ანუ როცა ნებისმიერი წესრიგი გაქრება), დროის ისარი და მიმართულება აზრს დაკარგავს.

  • 3. არსებობს ვერსია, რომ დროის გარეშე არანაირი შეგნებული გამოცდილება შესაძლებელი არ არის

შეგვიძლია დათვლა - ამიტომ ვარსებობთ. დროის მსვლელობა, როგორც ცხოვრების უხილავი გულისცემა, გავლენას ახდენს ჩვენი ცნობიერების ყოველ მომენტში.

დრო და პიროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული: ღრმა გამოქვაბულში მყოფი ადამიანიც კი, სრულ სიბნელეში აგრძელებს სხეულის შინაგან საათს - ე.წ. ცირკადულ რიტმებს.

ჰოლი ანდერსენის აზრით, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში მეცნიერების ფილოსოფიასა და მეტაფიზიკას სწავლობს, დროის შეგრძნების დაკარგვამ შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს.

ის ირწმუნება, რომ დროის დინებაში ჩაძირვის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმე ცნობიერი გამოცდილების მიღება.

  • 4. არ არსებობს 100%-ით ზუსტი საათები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მეტროლოგები დროის გასვლის, რაც შეიძლება ზუსტად მონიტორინგისთვის ახალ გზებს იგონებენ და წამებს, წუთებსა და საათებს გულდასმით ზომავენ.

და მიუხედავად იმისა, რომ მათი უახლესი გამოგონება, ატომური საათი, სიზუსტით მნიშვნელოვნად აღემატება ყველა ადრე გამოგონილ მოწყობილობას, სრულყოფილი ისიც არ არის.

სინამდვილეში, დედამიწაზე არ არსებობს "აბსოლუტურად ზუსტი" საათები.

სინამდვილეში, დროის მითითების პროცესი დღემდე მრავალი საათის წაკითხვის შედარებას ემყარება, რომლებიც მთელს მსოფლიოში დროს ინარჩუნებენ.

თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი დროის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც თავისი საათის მონაცემებს პარიზის წონისა და ზომების საერთაშორისო ბიუროს რეგულარულად უგზავნის. იქ კი, ყველა ამ მაჩვენებლის საფუძველზე, მიმდინარე დროის საშუალო შეწონილი მნიშვნელობა გამოითვლება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრო ადამიანის გამოგონებაა.

  • 5. ჩვენს თავში მუდმივად იქმნება დროის შეგრძნება

ჩვენი აღქმა მრავალი ფაქტორის უწყვეტი გავლენის ქვეშაა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მეხსიერება, კონცენტრაცია, ემოციური მდგომარეობა და ზოგადი განცდა, რომ დროს აქვს რაიმე სახის სივრცითი განსახიერება.

დრო არის განზომილება არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, არამედ იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ მასში.

ერთის მხრივ, ეს გარკვეულწილად საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ჩვენი გამოცდილება. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ერთფეროვანი, განმეორებადი, რუტინული საქმიანობით დაკავებული ადამიანების აღქმაში დრო უფრო სწრაფად მიფრინავს.

  • 6. 22-ე საუკუნის მოქალაქეები უკვე ჩვენს შორის არიან

ზოგჯერ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ 22-ე საუკუნე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა და ამ დროისთვის დედამიწაზე იცხოვრებს თაობა, რომელიც არც კი დაბადებულა.

ამასობაში ჩვენს შორის უკვე 22-ე საუკუნის ასიათასობით მომავალი მკვიდრი დადის - ადამიანები, რომლებიც საკუთარი თვალით იხილავენ ახალი 2100 წლის დადგომის მაუწყებელ ფეიერვერკებს. 2023 წელს დაბადებული ბავშვი 22-ე საუკუნეში 80 წლისაც არ იქნება.

ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, წარსულიც და მომავალიც ბევრად უფრო ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ოჯახური კავშირები საშუალებას გვაძლევს "ერთი ნახტომით" ვიყოთ როგორც წარსულში და ამავდროულად მომავალში.

  • 7. ნებისმიერს შეუძლია დროის მორევში ჩავარდნა.

დრო ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარით არ მიედინება ყველასთვის. როდესაც ტვინი დარღვეულია (მაგალითად, ეპილეფსიის ან ინსულტის შემთხვევაში), მას შეუძლია დროსთან თამაშიც დაიწყოს - იგულისხმება დროის დაჩქარება ან მისი მთლიანად შეჩერება.

დრო საკმაოდ მყიფე ილუზიაა. ერთი მომენტი და, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეცვლილ რეალობაში აღმოჩნდეს.

  • 8. მთელ მსოფლიოში საათის შეცვლას ერთ კონკრეტულ ადამიანს უნდა ვუმადლოდეთ

ზაფხულისთვის საათების შეცვლას სხვადასხვანაირად შეიძლება მივუდგეთ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია გაქვთ საათის შეცვლასთან დაკავშირებით, ამ იდეის არსებობა ერთ ძალიან კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება: ბრიტანელ მშენებელს, სახელად უილიამ ვილეტს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში ქვანახშირის მწვავე დეფიციტი იყო - სწორედ მასზე მუშაობდნენ პირველი ელექტროსადგურები.

ქვანახშირის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა მშენებლისთვის აშკარა ჩანდა: საათის დღისით შეცვლა რეალურად ნიშნავდა, რომ დღის სინათლის "დამატებითი“ საათი სამუშაო საათად იქცა, რითაც შეამცირა სამრეწველო სახელოსნოებში განათების საჭიროება.

ეს მარტივი ლოგიკა იმდენად აშკარა ჩანდა, რომ ვილეტას არ გაუჭირდა ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერების დარწმუნება და წელიწადში ორჯერ მთელმა ქვეყანამ, და თითქმის მთელმა მსოფლიომ, საათის შეცვლა ფულის დაზოგვის მიზნით დაიწყო.

ღონისძიება იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთი კიდევ უფრო შორს წავიდა და ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, დროებით "ორმაგ ზაფხულის დროზე", გრინვიჩის დროზე ორი საათით ადრე გადავიდა.

აქ, სხვათა შორის, არ იქნება ურიგო გავიხსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრინვიჩის ობსერვატორია ლონდონში მდებარეობს, გრინვიჩის დრო (GMT) უცვლელი რჩება და არანაირად არ არის დამოკიდებული საათის ცვლილებაზე.

  • 9. არცერთი ჩვენგანი რეალურად აწმყო დროით არ ცხოვრობს

ამ სიტყვების წაკითხვისას ადვილია ვივარაუდოთ, რომ ამ მომენტში ჩვენ ვართ აწმყო დროში, "ახლავე“. თუმცა, ეს არ არის მთლიანად სიმართლე.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ესაუბრებით თქვენგან მაგიდასთან მჯდომ ადამიანს. თანამოსაუბრის ტუჩების მოძრაობის შესახებ ვიზუალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, უფრო ადრე აღწევს, ვიდრე მისი ხმა (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სინათლის სიჩქარე შეუდარებლად აღემატება ბგერის სიჩქარეს). თუმცა, ტვინი სინქრონიზებს ამ არხებს ისე, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვევა.

თუმცა, ეს არც არის ყველაზე გასაკვირი.

თეორიულად მხოლოდ მათემატიკურ გამოთვლებზე დაფუძნებული ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონები იძლევა საშუალებას, რომ ზოგჯერ დრო საპირისპირო მიმართულებითაც კი მიედინება. მართალია, ეს მხოლოდ მიკროსკოპულ, კვანტურ დონეზე ხდება, როდესაც კონკრეტული დახურული სისტემის ენტროპია მცირდება.

  • 10. მთვარის მიზიდულობის გამო დედამიწაზე დღეები უფრო გრძელი ხდება

შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ მთვარე, ჩვენი პლანეტის მუდმივი თანამგზავრი მზის გარშემო უსასრულო ბრუნვაში, ძალიან ნელა და თითქმის შეუმჩნევლად შორდება დედამიწას.

ყოველწლიურად მათ შორის მანძილი დაახლოებით 3,8 სმ-ით იზრდება, რაც ისევე ნელა და შეუმჩნევლად ახანგრძლივებს დღეს.

ეს ხდება მთვარის გრავიტაციის გავლენის ქვეშ. მბრუნავი მთვარის გრავიტაცია დედამიწაზე მიქცევას და მოქცევას იწვევს. ოკეანის ფსკერზე წყლის ხახუნის შედეგად ჩვენი პლანეტის ბრუნვა თანდათან ნელდება. ამის გამო, მთვარე იძენს დამატებით პოტენციურ ენერგიას, იზრდება უფრო მაღალ ორბიტაზე, ანუ უფრო და უფრო შორდება დედამიწას.

ბოლო 3,5 საუკუნის განმავლობაში თანდათან შენელებული ბრუნვის გამო (როდესაც დაიწყო რეგულარული დაკვირვებები), ყოველ ას წელიწადში დედამიწის დღე დაახლოებით 1,09 მილიწამით გრძელდებოდა.

ერთი შეხედვით, ეს დრო შესაძლოა, უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესი 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ეს ცვლილებები კვლავ გროვდება.

  • 11. ამჟამად ყველასთვის 2023 წელი არ არის

ბევრი ნეპალელისთვის ეს სტატია გამოქვეყნებულია არა 2023 წელს, არამედ 2800 წელს. ნეპალის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი მინიმუმ ოთხ განსხვავებულ კალენდარს იყენებს.

ივლისი ისლამური კალენდრით, 1445 წლის დასაწყისი იყო, ებრაელებისთვის კი უკვე 5784 წელი დგას.

მიანმარში ახლა 1384 წელია, ტაილანდში 2566, ხოლო ეთიოპიაში, სადაც წელი სრული 13 თვე გრძელდება, ჯერ კიდევ 2016 წელია.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა