Украинская правда-ს წყაროების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთ მეთაურთან მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით საუბრობს. ეს სიტუაცია კი ზალუჟნის ხელს უშლის, რომ მთლიანი ჯარი ორგანიზებულად მართოს.
"თითქოს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზელენსკის აზრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ორი კატეგორიაა - "კარგები“, რომლებსაც სირსკი და მისი ფავორიტები მართავენ და "ცუდები“, რომლებიც ზალუჟნის ემორჩილებიან. ეს გარემოება მთავარსარდლის დემოტივაციას იწვევს და ჯარის მართვაში ხელს უშლის“, - ამბობს წყარო.
გამოცემის მიხედვით, ზელენსკიმ ფაქტობრივად, სხვადასხვა ტიპის დანაყოფებთან ზალუჟნის გვერდის ავლით დაამყარა კავშირი.
მაგალითად, ის ქვეითთა არმიის მეთაურთან ალექსანდრ სირსკისთან და სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურთან ნიკოლაი ოლეშუკთან ასე, ანუ ზალუჟნის გვერდის ავლით კონტაქტობს.
მსგავსი სახის კონტაქტი პრეზიდენტისთვის საქმეს ამარტივებს, სამაგიეროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის ხელს უშლის. ინფორმაციის ნაწილს ის შემთხვევით, ან საერთოდ ვერ იგებს ხოლმე.
ერთ-ერთი ინციდენტი კომისრების გარიცხვას მოჰყვა. Украинская Правда-ს გამოძიებამ ის კომისრები ამხილა, რომლებიც ომის პერიოდში მდიდრდებოდნენ, ზელენსკიმ ყველა საოლქო კომისრის გარიცხვა და მათი ქონების შემოწმება მოითხოვა.
"სწრაფი რეაგირების ხელმძღვანელი სუხაჩევი მოვიდა თათბირზე და დაიწყო ანგარიშის ჩაბარება, როგორ გარიცხეს კომისრები. ამის შემდეგ სიტყვა ზალუჟნის გადასცეს, რომელმაც ტაქტიანი მინიშნება გააკეთა: "მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, კორუფციის თემა მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გავაჟღერო მობილიზაციის უახლესი მონაცემები“, - თქვა ზალუჟნიმ.
"მობილიზაციის მიმართულებით კი ყველა ოლქის მიხედვით მკვეთრი გაუარესება იყო,“ - ანონიმურობის პირობით ჰყვება შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.
გამოდის, რომ რაც პოლიტიკური შეხედულებით სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება ჩანდა, სამხედრო გადმოსახედით სირთულეების მომტანი აღმოჩნდა.
ასეთი ეფექტი აქვს საკადრო ცვლილებებსაც, მაგალითად, თანამდებობიდან გაუშვეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ხორენკო, მედძალების მეთაური, ოსტაშენკო. ყველა ეს მეთაური ზალუჟნის ორბიტიდანაა და მათი გარიცხვა სამეთაურო ვერტიკალში დესტაბილიზაციას იწვევს.
გამოცემა წერს, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის ურთიერთობაში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების მომენტიდან.