ქალი, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა სასტიკად აწამა, დახმარებისთვის პროკურატურას მიმართავს. ექიმი გურანდა აბულაშვილი მოძალადე კაცისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. ცნობილი ექიმი ეჭვობს, რომ დამნაშავეს ფსიქიატრიულიდან მალე გამოუშვებენ, რადგან გავლენიანი ნაცნობები ჰყავს. ინფორმაციას "ტვ პირველი“ ავრცელებს.
გურანდა აბულაშვილის წერილი უკვე გენერალურ პროკურატურაშია. ქალი ასევე მიმართავს პრემიერ-მინისტრს და სთხოვს საქმით დაინტერესდეს.
"წერილი დავტოვე გენერალური პროკურორის სახელზე, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე. ამ წერილის შინაარსი არის ის, რომ პრეტენზია გამაჩნია პროკურორ ანა კაპანაძის მიმართ და ასევე, პრეტენზია გამაჩნია ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც დადო სამხარაულის ექსპერტიზამ. მე არანაირად არ ვარ დარწმუნებული, რომ იქნება ჩემი უსაფრთხოება დაცული და ის არ ჩაიდენს კვლავ ასეთ სასტიკ დანაშაულს, ასეთი დამნაშავე, რომელიც შეიძლება 2-3 წელიწადში აღმოჩნდეს ქუჩაში და თავისუფლად გადააგილდეს.
ასევე, მინდა მივმართო საქართველოს პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გაეცნოს ამ საკითხს და დაავალოს შესაბამის ორგანოებს, საქმის სირღმისეული შესწავლა და ხელახალი გამოძიება.
33 ჭრილობა მქონდა, მათ შორის თავზე, მუცელზე, თირკმელზე. თავზე პლასტიკური ოპერაცია ჩამიტარდა და დაზიანებული მაქვს ასევე ხელები, - ამბობს გურანდა აბულაშვილი ტვ პირველთან კომენტარში.
უმძიმესი შემთხვევა ზაფხულში მოხდა. 45 წლის ლევან გადელიამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა. აღნიშნულის შესახებ გადელიასთვის წარდგენილ ბრალდებაშია მითითებული.
განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის მკვლელობის მცდელობას თვითმხილველი არავინ ჰყავს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სახლში მხოლოდ ბრალდებული და დაზარალებული იმყოფებოდნენ. შესაბამისად, უცნობია, მომხდარს წინ უძღოდა თუ არა რაიმე სახის კონფლიქტი.
ლევან გადელიას, რომელიც მოქმედი საჯარო მოხელე გახლდათ და აუდიტის სამსახურში მუშაობდა, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19/109-ე მუხლით ჰქოდნა წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადელია ცოლის, გურანდა აბულაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს.
წაიკითხეთ ასევე: