უკრაინაში, სავარაუდოდ ნაღმზე აფეთქების შედეგად, რუსი გენერალი დაიღუპა - 45 წლის გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე იყო.
ამჟამინდელ თანამდებობამდე იგი ელიტარული კანტემიროვსკის სატანკო დივიზიის მეთაურის პოსტს იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი ოთხშაბათს, შუადღისას დაიღუპა.
უცნობია, სად მოხდა ინციდენტი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მისი ქვედანაყოფი იმ დროს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა. ზავადსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით რუსული მხარის მიერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის - მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სულ მცირე, ექვსი რუსი გენერალი დაიღუპა.