ავტორი:

არასასურველი სტუმარი - სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც შეხვედრა დატოვა და სხვებს არ მოუსმინა: რა მოხდა სკოპიეში: განცხადებები და პირველი კადრები

არასასურველი სტუმარი - სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც შეხვედრა დატოვა და სხვებს არ მოუსმინა: რა მოხდა სკოპიეში: განცხადებები და პირველი კადრები

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრება.

ამის გამო მინისტერიალს რამდენიმე ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიპლომატების შეხვედრა დიდწილად დაჩრდილა ღონისძიებაში მოსკოვის მონაწილეობამ და ამის გამო პოლიტიკოსების აღშფოთებამ.

აღსანიშნავია, რომ გახსნით შეხვედრაზე უკვე გამოვიდა სიტყვით სერგეი ლავროვი, რომელმაც გამოსვლის შემდეგ გახსნის ღონისძიება დატოვა და სხვებს არ მოუსმინა.

  • "ეუთო უფსკრულის პირას არის" - განაცხადა ლავროვმა.

"მოდით, ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია უფსკრულის პირას არის. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი მისი გაცოცხლებისთვის ძალების მობილიზებას. ეუთო არსებითად ნატო-სა და ევროკავშირის დანართად იქცევა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტერიალის გახსნით ღონისძიებამდე ლავროვი სომხეთის წარმომადგენელს შეხვდა

აღსანიშნავია, რომ მანამდე არაერთი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა კრიტიკული განცხადება რუსეთის მიმართ.

  • "რუსეთის აგრესია უკრაინაში ამ ორგანიზაციის ღირებულებების უგულებელყოფაა. ომი ძირს უთხრის სანდოობას, დიალოგს“, - ამბობს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტი ბუჯარ ოსმანი.

ეუთოს შეხვედრას ლავროვის გამო პროტესტის ნიშნად, არ ესწრებიან უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და პოლონეთის წარმომადგენლები.

"ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ამ ორგანიზაციის მაგიდასთან, ორგანიზაციის, რომელმაც უნდა დაიცვას მშვიდობა და უზრუნველყოს უსაფრთხოება ევროპაში“, - განაცხადა გუშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ შინკოვსკიმ.

ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ლავროვი ეუთოს შეხვედრას გამოიყენებს, როგორც პლატფორმას "რუსული პროპაგანდის“ გასავრცელებლად.

  • ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე წინ აღუდგნენ რუსეთის "იმპერიალისტურ სიგიჟეს“.

თავის მხრივ, რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს მისი ოფიციალური პირების დაბლოკვის მცდელობაში. კრემლში აცხადებენ, რომ ასეთი მცდელობები საფრთხეს უქმნის "ორგანიზაციის არსებობას".

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ მისი აზრით, ლავროვის დასწრება მინისტერიალზე კარგი შესაძლებლობაა მოსკოვის უმაღლესი დიპლომატისთვის ეუთოს წევრებისგან მოისმინოს, "რატომ გმობენ რუსეთის ქმედებებს და რატომ არის ის იზოლირებული".