ირანში სიკვდილით დასაჯეს 17 წლის მოზარდი, ასევე 22 წლის ახალგაზრდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს სიკვდილით დასჯის სასჯელის ზომად გამოყენება.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, შეშფოთებულები არიან მომხდარის გამო. "17 წლის ჰამირეზა აზარი, რომელიც მკვლელობაში იყო ბრალდებული, სავარაუდოდ, გახდა ასაკით ყველაზე პატარა, რომელიც ირანში სიკვდილით დაუსჯიათ", - ამბობს გაეროს სპიკერი, ელიზაბეტ ტროსელი.
მან შეახსენა თეირანს საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს აკრძალონ 18 წლამდე პირების სიკვდილით დასჯა.
"ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ 22 წლის მილად ზოჰრევანდის სიკვდილით დასჯით. ის არის მერვე პირი, რომელიც 2022 წლის სექტემბრის საპროტესტო აქციების კონტექსტში დასაჯეს სიკვდილით“, - თქვა ტროსელმა.
გასულ წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე, 582 ადამიანი.