ავტორი:

როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მთავარი ნაძვის ხე?

როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მთავარი ნაძვის ხე?

15 ნოემბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე კი 15 დეკემბერს აინთება. როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერიამ, ნაძვის ხის შესაძენად სატენდერო წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო. შესყიდვის მიწოდების ბოლო ვადად კი განსაზღვრული იყო 15 ნოემბერი. სატენდერო განაცხადის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.

"თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 730 000 ლარი. "თბილსერვისმა" შეთავაზება მხოლოდ შპს "ღამის შოუს სტუდიისგან" მიიღო. მან "თბილსერვისს" შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე - 730 000 ლარზე, 10 000 ლარით ნაკლები შესთავაზა. ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა“, - ვკითხულობთ "თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადავწყვიტეთ, გადაგვევლო თვალი, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მთავარი ნაძვის ხე და რა უჯდებოდა ის ბიუჯეტს?

2005 წლიდან 2015 წლამდე თბილისში ერთი და იგივე ნაძვის ხე იდგმებოდა. იგი 22 მეტრი სიმაღლის გახლდათ. მერიამ მის შეძენასა და მორთვაში ჯამში 175 573 ლარი გადაიხადა.

2016 წელს თბილისი ახალ წელს იმავე ნაძვის ხით შეხვდა, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებული მორთულობით. იმჟამინდელმა მერმა დავით ნარმანიამ, ოჯახთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ, ოქროსფერი და წითელი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით მორთული ნაძვის ხე აანთო.

თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით და განსხვავებულად მორთული იმავე 22-მეტრიანი ნაძვის ხით შეხვდა. ის ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით მოირთო.

2019 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა მთავარი ნაძვის ხის ჩამოტანასა და განათებაში, მისი სიმაღლე 25 მეტრი გახლდა და გაფორმებული იყო LED განათებებით, თუმცა ძვირადღირებული შენაძენი მერიას საზოგადოებამ დაუწუნა. შეიძლება ითქვას, რომ ნაძვის ხე საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

საინტერესოა, რომ იმჟამად დედაქალაქის მთავრობას საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა ჯამში 3 177 944 ლარი დაუჯდა.

იმავე ნაძვის ხით შეხვდა დედაქალაქი 2020 წელსაც.

2021 წელს მერიას ახალი ნაძვის ხე არ უყიდია, 2019 წელს იტალიაში მილიონ ლარად ნაყიდი ხე გადააკეთეს და დაუმატეს ტოტები. მორთვა-გაფორმებაში დაახლოებით 103 850 ლარი დაიხარჯა, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლანდაში -70 950 ლარი, "სტრინგი" კაბელის შეძენა კი 21 ათასი დაჯდა.

2022 და 2023 წლებსაც იმავე ნაძვის ხით შევხვდით, ოღონდ განახლებული განათებებით.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი