16-18 ნოემბერს გაიმართა სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სადაგი“ ერთობლივი დალაგებების სერიის მეორე ეტაპი. ამჯერად, დალაგებები USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორ სკოლებთან ერთად განვახორციელეთ.
ჩვენდა გასახარად, 170-მა სკოლამ გამოთქვა დალაგებების ამ ეტაპში მონაწილეობის სურვილი. ლოგისტიკური და ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, ამ ეტაზე 39 სკოლა შევარჩიეთ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში. სულ ერთდროული დალაგებების მეორე ეტაპში 1010-მა მოსწავლემ და მათმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. სხვა მსურველ სკოლებს დალაგებების შემდეგ ეტაპებზე მოვიწვევთ და გვჯერა, რომ მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დალაგებების ღონისძიებების მხარდაჭერის პარალელურად, მოვიფიქრეთ ერთდროული დალაგებების სერიის სახელწოდება - „მე ვალაგებ საქართველოს“. ეს მოწოდება თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ივანე ხაინდრავამ გვიკარნახა პირველი ეტაპის მიმდინარეობის დროს. უმალ დავამზადეთ საცდელი სტიკერები, რომლებიც თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დავურიგეთ. მათი მოწონების შემდეგ, მეორე ეტაპის ყველა მონაწილეს დავურიგეთ ეს სტიკერები. ძალიან მოსწონთ ბავშვებს, რომ საკუთარ სამშობლოს ალაგებენ და უფროსებიც ვუერთდებით ამ სიხარულში. სიამოვნებით მივიღეთ - „მე ვალაგებ საქართველოს“ - მოსწავლეების, მასწავლებლების, სადაგის და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გარემოს ერთად დალაგების ღონისძიებების სახელად.
მონაწილე სკოლების სიმრავლიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე სკოლაზე ვახერხებთ მოგითხროთ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედან დავიწყებთ. ხოვლე ივანე ჯავახიშვილის მშობლიური სოფელია და განსაკუთრებით გვინდოდა იქ სტუმრობა. 16 ნოემბერს დაგეგმილი დალაგების ღონისძიება ლოგისტიკური საკითხების გამო ვერ ჩავატარეთ და გულდაწყვეტით 23 ნოემბრისთვის გადავდეთ. ამასობაში აცივდა. საქმეს მომავალი წლისთვის გადადების პირი უჩანდა. 23-ში დილით უკვე აღარ ვფიქრობდით ხოვლეს მოსწავლეებთან ერთად დალაგების ღონისძიების გამართვას და სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული. ამასობაში, დილით ადრე, თავად სკოლის მოსწავლეებმა დაგვირეკეს ლალი მასწავლის (ბახტაძე) ტელეფონით და გვთხოვეს ჩავსულიყავით - მოსწავლეები შევიკრიბეთ, მზე გამოვიდა და ძალიან გვინდა თქვენთან ერთად დალაგებაო.
სიხარულით ჩავედით ხოვლეში. ბავშვებიც და ლალი მასწავლებელი დიდი ენთუზიაზმით დაგვხვდნენ. ლამაზი და კარგად მოწყობილია ხოვლეს სკოლა, მისი ეზო და ძველ შენობაში მოწყობილი საკალათბურთო დარბაზი. 30 მოსწავლე ჩაერთო და ძალიან გაისარჯნენ საერთო საქმისთვის. დალაგების შემდეგ გამართულ პიკნიკზეც საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ბავშვებთან. შესანიშნავი მოსწავლეები არიან ხოვლეში და დიდი სიამოვნება იყო მათთან ურთიერთობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხისი მწერალ დათო ტურაშვილის წინაპრების მშობლიური სოფელია. მისი “ტყეების მეფე” მოსწონთ მოხისელ ბავშვებს. ახლახანს, 14 ნოემბერს, მათ ასტრიდ ლინდგრენის დაბადების 116 წელი უზეიმიათ. ძალიან მოსწონთ ამ დიდი საბავშვო მწერლის წიგნები და თანაც ჰქონდათ წამოღებული, სკოლის გზაზე წასაკითხად. სამწუხაროდ, მოხისის სკოლის შენობა დაზიანებულია და ბავშვები ორი წელია მეზობელ სოფელ ფცაში დადიან, ნახევარი საათის დაშორებით.
მასწავლებელი ია ლურსმანაშვილი იყო დალაგების ორგანიზატორი. ის ისტორიის და მოქალაქეობის სიყვარულს უნერგავს მოხისელ მოსწავლეებს. ისტორიული პერსონაჟებიდან დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე მოსწონთ ბავშვებს. ვახტანგ გორგასალიც ახსენეს. ასევე, ილია ჭავჭავაძე მოსწონთ ახლო წარსულიდან. მოგვიანებით შემოგვიერთდა დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია გრიგალაშვილი. ასე ჩანს მოხისის სკოლის ტერიტორიის დალაგებაზე შეკრებილ 24 ბავშვს ორივე მასწავლებელი უყვართ და გულისყურით ეპყრობიან მათ დარიგებებს.
ვარიანი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი, იაკობ გოგებაშვილის მშობლიური ადგილია და აქაური სკოლაც მის სახელს ატარებს. ოცმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა დალაგების ღონისძიებაში მასწავლებელ მაია ბალახაძის ხელმძღვანელობით. მაია მასწავლებელი საქართველოს მოქალაქეობის არსს და ამით სიამაყეს ასწავლის ბავშვებს. ვარიანელ მოზარდებთან ერთად, აქ მოსწავლე არაშენდელი ბავშვები შეუერდნენ შიდა ქართლის ისტორიულ სოფელში გამართულ დალაგების ღონისძიებას.
ვარიანში და მის გარშემო მრავლადაა მშვენიერი ალვის ხის ხეივანი, რომლებიც ლამაზად არის გაყვითლებული და ნოემბრის მზიან დღეს უფრო სასიამოვნოს ხდის. სკოლის შენობა სიმპათიური და მოვლილია. ერთადერთი მცირე ხინჯი პლასტმასის კარ-ფანჯარის დამცავი ჭყეტელა ფირებისგან დაგვრჩა. სამწუხაროდ ეს მხოლოდ ვარიანს არ ეხება, სხვა სკოლებშიც შეგვხვდა და ჩვენს ქალაქებშიც მრავლად არის უშნოდ აჭრელებული კარ-ფანჯარა. კარგი იქნება, რომ ჩვენმა მშენებლებმა და მერემონტეებმა ამ ფირების აძრობა დაიდონ წესად და ამით მოზარდების ესთეთიკურ ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. სამაგიეროდ, სასიამოვნო იყო ბავშვების მიერ დაწკრიალებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის საბავშვო სკვერის და წინ ჩამავალი რუს ნახვა.
წეროვანის მესამე საჯარო სკოლა დაარსდა 2008 წელს. ბავშვები რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გახდნენ დევნილები. მათ იძულებით დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილები ახალგორში და წეროვანში დასახლდნენ. როდესაც ბავშვები სკოლაში პირველად მივიდნენ, თითქმის ტრიალი მინდორი იყო ირგვლივ. ერთობლივად დაიწყეს ზრუნვა, რომ მოევლოთ, დაესუფთავებინათ, და მწვანე ნარგავებით გაემშვენიერებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. მათ უკვე ტრადიციად აქვთ, რომ თითქმის ყოველ სემესტრში მოაწყონ დასუფთავების ღონიძიება და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ მონაწილეობა მიიღონ ასეთ წამოწყებაში და ერთმანეთისთვის მისაბაძი მაგალითი გახდნენ. ჩვენც სიხარულით შევუერთდით წეროვნელ მოსწავლეებს და ერთობლივად დავასუფთავეთ სკოლის ეზო მოსწავლეებთან და მათ მასწავლებლებთან ერთად.
სოფელი ძველი ქანდა მცხეთის მუნიციპალიტეტში საინტერესო ისტორიებით არის აღსავსე. აქ ასირიელები ცხოვრებენ და გერმანელი კოლონისტების მიერ აშენებული რამოდენიმე ნაგებობაც არის შემორჩენილი. სკოლის ტერიტორიას რომ ვუახლოვდებოდით, ნელ-ნელა ვხედავდით ფერადდებოდა გვიანი შემოდგომის გარემო ბავშვების მიერ გაკეთებული ქმნილებებით. პატარები გულმოდგინედ უვლიან საკუთარ სოფელს, განსაკუთრებით სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას. სკოლის შესასვლელთან, დაბინძურებული არხები სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით გაწმინდეს. უმცროსკლასელებმა კი სკოლის ეზო გაწმინდეს პაწაწინა ნარჩენებისგან. სკოლის გარშემო 116 წლის წინ გაშენდა ფიჭვნარი და სხვა ხეების ხეივანი, რომელიც შემოდგომის მიწურულს გადაუბელიათ. უზარმაზარი კუნძებისგან ბავშვებმა გააკეთეს ლამაზი სკამები, რომლებიც დიდ წრეზე იყო განლაგებული განიერი მაგიდის ირგვლივ.
სკოლის ეზოში აშენებული შემორჩენილი ძველი კედლები, მოსწავლე გოგონას მიერ იყო მოხატული. ეს ილუსტრაციები, ძველი ქანდიდან ახალ ქანდაში გამოგზაურებდათ. სკოლის დერეფნები საინტერესო ხელნაკეთი პრეზენტაციებით იყო მორთული. ჩვენი ყურადღება ასევე მიიქცია ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიებმა რომლებსაც ბავშვების გულმოდგინე მუშაობის კვალი ატყვია. ქანდელ მოსწავლეებს მრავალფეროვანი სურვილები და მისწრაფებები აქვთ. ამავე დროს, ყველას აერთიანებს აზრი, რომ ჩვენს მიერ ბუნებაში გადაგდებული ყოველი ნარჩენი ერთი ნაბიჯით უკან გვხევს წარმატებისგან.
საშაბუროს საჯარო სკოლა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მცირე ზომის შენობით და განსაკუთრებით დიდი გულითადობით დაგვამახსოვრდა. თბილი და გამრჯეები არიან აქაური მასწავლებლები და ბავშვები. ბევრი მათგანი მეზობელი სოფლებიდან მოდის ამ სკოლაში ყოველდღიურად, კერძოდ: ბაგიდან, ჩანადირებიდან, ნაგლიანთ კარიდან, ლაზვიაანიდან და პანსიონატის დასახლებიდან სადაც სამაჩაბლოდან დევნილები დასახლებულან.
31 მოსწავლე და ექვსი მასწავლებელი ჩაერთო საშაბუროს სკოლის ლამაზი შემოგარენის დალაგებაში, სამოქალაქო განათლების მასწაბლებელ შორენა ბრეგვაძის ლიდერობით. ბავშვებმა დალაგებაში აქტიურობასთან ერთად, ლამაზი და ჭკვიანური პოსტერებიც დაგვახვედრეს. სასიამოვნო იყო აქაურ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საუბარი. საკუთარი შენობის გარდა, ისინი გვერდით მდგომ ისტორიულ სკოლის შენობასაც უფრთხილდებიან და მის შეკეთებას ელიან. კობიანთკარში გაზრდილი ამერიკელი მწერალი და მოქანდანე გიორგი პაპაშვილიც გავიხსენეთ ერთად პატივისცემით.
ქალაქ მცხეთის მეორე საჯარო სკოლის 50 მოსწავლე ჩაერთო სკოლის შემოგარენის და ახლომდებარე სტადიონის დალაგებაში სამოქალაქო განათლების პედაგოგ მაია გელაშვილის ლიდერობით. სასიამოვნო ოყო სამთავროს ეკლესიის სიახლოვეს დალაგება რომელსაც ჯვრის მონასტერი გადმოჰყურებს.
გულითადად გაისარჯნენ მოსწავლეები გარემოს დასალაგებლად. ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის თამაშს და იქვე, მოედანზე მოთამაშე თანატოლების მხარდაჭერას დალაგება ამჯობინა. რადგან წინასწარ დაგეგმილზე ორჯერ მეტი ბავშვი გამოვიდა დალაგების ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ხელთათმანები არ იყო საკმარისი. ამას არ შეუდრკნენ და ცალ-ცალი ხელთათმანით იშრომეს მცხეთელმა ბავშვებმა. ასევე, მათ გამორჩეული სითამამე გვაჩვენეს საკუთარი აზრის გამოთქმაში და ინტერვიუს ჩაწერაში.
ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში, რომ მივედით უკვე დალაგებული ჰქონდათ სკოლის შემოგარენი იქაურ 17 მოსწავლე გოგონას. რუსუდან მასწავლებელს და კოორდინატორებს პიკნიკზე შევესწარით ლამაზ სკოლის სასადილოში. ახალციხის ამ სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები თავმდაბლები და თავაზიანები იყვნენ. მათ თამარ მეფე მოსწონთ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის სკოლა ლამაზ გარემოშია და ეზოც ყვავილებით მოურთავთ. ჩვენი მისვლისას ბავშვებს დალაგება დასრულებული ჰქონდათ და ყვავილნარს უვლიდნენ. ოცამდე ბავშვი ჩაერთო სკოლის შემოგარენის დალაგებაში ეთერ მასწავლებლის და სკოლის დირექტორ ქალბატონი მაროს ლიდერობით. გამრჯე და სათნო მოსწავლეები და მასწავლებლები არიან არალში, სამცხის ამ ისტორიულ სოფელში რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სმადის სკოლაში სტუმრობა გულის გასახარი იყო ჩვენთვის. ოცდაათზე მეტი მოსწავლე ლამაზ ეზოს აწკრიალებდა თინათინ მასწავლებლის ლიდერობით. დიდი სიამოვნება იყო ამ ბავშვებთან საუბარი - მათი თავაზიანობის და მონდომების შეგრძნება სწავლაში და გარჯაში. იქაური გოგონების საფეხბურთო გუნდს არაერთი წარმატება მოუპოვებია. წიგნის კითხვის სიყვარულითაც ბევრმა სმადელმა მოსწავლემ გაგვახარა. ზოგიერთი მათგანი მეზობელი სოფლებიდან მგზავრობს აქ სასწავლად. ეს მაღალმთიანი სოფელი ლამაზი მთებით არის გარშემორტყმული და იქაური გზები ფიჭვის და ალვის ხის ხეივნებით იწონებენ თავს, რომლებიც ავადმყოფობით გახმობას, ფითრს და მოჭრას გადარჩენილან. მაღალმთიან სამცხეში ზამთრის მოახლოვება იგრძნობა - თოვლით დაფარულა მთების ტყიანი ფერდობები.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ინიციატივა სადაგის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის და ლიდერთა ათეულების წევრი მასწავლებლების ინიციატივით დაიწყო მიმდინარე წლის ოქტომბერში და ყოველწლიურად გაგრძელდება სულ 5-7 ეტაპად. პირველ ეტაპზე, დალაგებები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში გაიმართა და მასში 24 სკოლის 1027 მოსწავლემ და მათმა მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მე ვალაგებ საქართველოს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს. ღონისძიებების სერიის პლატინის მხარდამჭერია პროკრედიტ ბანკი საქართველო. ოქროს მხარდამჭერი - დიპლომატ-ჯორჯია და პალიტრა მედია. ვერცხლის - ნიკორა, ფინბიურო და ელიტ ელექტრონიქს. მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება, რაც შესაძლებელს გახდის სკოლების მაქსიმალური ოდენობის მონაწილეობას დალაგების ღონისძიებებში.
ერთდროული დალაგების ღონისძიებების პირველი სერია მომავალ წელს გაგრძელდება. მორიგი ეტაპი 2024 წლის აპრილში გაიმართება და მას არანაკლებ ორი ტური მოჰყვება, 5 ივნისს დაგეგმილი ფინალური დალაგების ჩათვლით. საბოლოო ეტაპზე ასობით სკოლის მონაწილეობას ვვარაუდობთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
სადაგის გუნდი