საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა, რითაც, მათი თქმით, საჯარო და კერძო სკოლებს მეტი ავტონომიურობა მიანიჭა. ცვლილებები სწავლა/სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესი და უკმაყოფილება მაინც იმ ნაწილს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა. რას გულისხმობს ეს ცვლილება, როგორ შეუძლიათ სკოლებს შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში, როგორ მიდის სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა საჯარო სკოლებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე, უახლოეს პერიოდში, კონკურსის გამოცხადება, ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, თამარ მახარაშვილს ესაუბრა:
- ქალბატონო თამარ, რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მათ შორის მოსწავლეების შეფასების ნაწილში, ცვლილებები შევიდა, რომელმაც საზოგადოების ერთი ნაწილი დააბნია და აფიქრებინა, რომ სკოლებში განმსაზღვრელი შეფასების სისტემის სამივე კომპონენტი (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) გაუქმდა, თუმცა ეს ასე არ არის. პირიქით, ცვლილების მიხედვით, სკოლა თავად გადაწყვეტს რა ფორმით შეაფასოს მოსწავლეების ცოდნა. მეტი სიცხადისთვის, რატომ ახლა და უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს ცვლილება?
- განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, ვიცით, რომ მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან შემოდის. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში. განმსაზღვრელი, ნიშნიანი შეფასების აქამდე არსებულ რედაქციაში ეწერა სავალდებულო კომპონენტები, ის შედგება: საკლასო დავალებისგან, საშინაო დავალებისგან და შემაჯამებლისგან. შემაჯამებლის ნაწილში განსაზღვრულიც კი იყო, როგორ და რამდენი შემაჯამებელი იყო საჭირო. შესული ცვლილების მიხედვით, არავის არათუ არაფერი გაუუქმებია, არამედ, მეტი შესაძლებლობა მიეცა სკოლას. სკოლას შეუძლია ეს სამი კომპონენტი: საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი ძალაში დატოვოს, თუ მას ასე მიიჩნევს, ხოლო კონკრეტული საგნის მიმართულებით განსხვავებული შეფასება, კომპონენტი შემოიტანოს. მაგალითად: შესაძლოა, სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგანსა ან ჰუმანიტარულ საგანში მასწავლებელმა მიიჩნიოს, რომ სჭირდება საკლასო დავალებაც, საშინაო დავალებაც, შემაჯამებელიც და პროექტული დავალებაც სჭირდება, დიაგნოსტიკური, სხვადასხვა მიმართულებით. მას ამაში თავისუფლება ეძლევა. რა თქმა უნდა, ეს კომპონენტები, საბოლოო ჯამში, 10-ბალიან სისტემაში უნდა დაკონვერტირდეს. ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო შემდეგი: მასწავლებლებისგან ძალიან ხშირად იყო უკუკავშირი - „ნუ, გვკარნახობთ, მაინცდამაინც, საშინაო, საკლასო თუ რამდენი შემაჯამებლით უნდა გავიდე მე საბოლოო შედეგზეო. არის ისეთი, სადაც მინდა კომპონენტების ლავირება ან კომპონენტების ცვლილება და ამას ასე ნუ გვკარნახობთო“. ჩვენ აქ მათ ვაძლევთ თავისუფლებას, თუმცა უნდა დაადასტუროს, რომ ამით გავა კონკრეტულ შედეგზე. თავისუფლება მიეცემათ მათ, თავად განსაზღვრონ საბოლოო შედეგზე როგორ გავლენ, საშინაო დავალების, საკლასო დავალებისა და შემაჯამებლის კომპონენტით თუ აქედან ორს დატოვებს და მესამეს ახალ შემოიტანს, თუ კიდევ რაღაცას დაამატებს. განმსაზღვრელი, ე.წ. ნიშნიანი შეფასება არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, შეფასების გზებსა და საშუალებებშია თავისუფლება - ან იმავეს გამოიყენებს სკოლა, რომელიც აქამდეც ჰქონდათ, ან ექნებათ აქ თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, სასწავლო-სასკოლო გეგმაში ეს უნდა აისახოს. თუკი სკოლა გადაწყვეტს, რომ კონკრეტული საგნების მიხედვით ახლა სჭირდება მას რაიმე ასახოს, კომპონენტი დაამატოს ან ჩაანაცვლოს, აქ, რა თქმა უნდა, მას ამის საშუალება ექნება, მაგრამ ამ ყველაფერს სასკოლო საზოგადოება აკეთებს. მათ ამისთვის დროც აქვთ, დასხდნენ, გაიარონ, კონკრეტულ შედეგზე როგორ გავიდა კონკრეტული საგნის პედაგოგი, ხომ არ ჯობდა პროექტული დავალება ჩაერთო, დიაგნოსტიკის სხვა ფორმები გამოეყენებინა... ამ თავისუფლებაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, არათუ განმსაზღვრელი შეფასება არ გაუქმებულა, არამედ ის კომპონენტებიც კი, რომელიც აქამდე იყო, სკოლებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ.
- სკოლის ავტონომიურობისა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების გაცხადებული მიზნის მიუხედავად, სკოლის მიერ მოსწავლის ავტონომიური, უნიკალური შეფასების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში რა ფორმით იქნება სამინისტრო ჩართული? თუნდაც რჩევის სახით, ხომ არ იქნება შემუშავებული რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, რომელთაგანაც სკოლას მისთვის სასურველის არჩევა ან ნაწილობრივ გაზიარება შეეძლება?
სამინისტრომ გადაწყვიტა, სკოლამ მასთან კი არ შეათანხმოს შეფასების სისტემა, არამედ ავტონომიურობის ფარგლებში, თავად გადაწყვიტოს, რა კომპონენტებს გამოიყენებს ქულა რომ დაწეროს და შეფასება მიიღოს, მაგრამ თუ ამ მოდელში მას დასჭირდება, დაინახავს, რაღაც სხვა მეთოდები უნდა რომ გამოიყენოს, მთლად ამით კმაყოფილი არ არის, სამინისტრო როგორც სერვისის მიმწოდებელი, მხარდამჭერი, ამხსნელი, დამკვალიანებელი, რა თქმა უნდა, რჩება და არა შემთანხმებელი.
- ანუ შეფასების კომპონენტის მონახაზი, პედაგოგებს რა საგანში როგორ შეუძლიათ შეფასების სისტემის გამრავალფეროვნება, სამინისტროს მხრიდან მათ ექნებათ თუ აბსოლუტურად თავისუფლები იქნებიან ფანტაზიასა და არჩევანში?
- როცა ჩვენ სკოლის ავტონომიურობაზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს გადაწყვეტილება სწორედ აქეთკენ არის მიმართული - ამ ნაწილში, ჩვენ არაფერს აღარ შევუთანხმებთ. თუმცა, ვაპირებთ, დარგობრივი მიმართულებით მხარდაჭერასაც ანუ სპეციფიკებზე როცა ვსაუბრობთ, რა შეიძლება გამოყენებული იყოს, მე ვთქვი, ჩემი ვერსიები, მაგრამ ეს უფრო დარგობრივი ექსპერტების მიმართულებაა.
- როდემდეა ბოლო ვადა, როცა სკოლებმა უნდა გადაწყვიტონ, რა შეფასების სისტემას დანერგავენ სკოლაში მოსწავლის ცოდნის შესამოწმებლად?
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არ გეუბნებათ, რომ საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალება აღარ უნდა გქონდეთ. რა არის უკეთესი და რით შეიძლება [შეფასების კომპონენტების] ჩანაცვლება, ამაზე უკვე ჩვენგან ექნებათ მხარდაჭერა. რაც შეეხება დროს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ [ამ ცვლილების გაზიარება]. ცვლილების არსი არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე რაღაც უნდა შეცვალონ. ცვლილების არსი არის მეტი შესაძლებლობის მიცემა, მეტი თავისუფლება და არა ის, რომ არსებული, რაც აქამდე იყო არ შეიძლება რომ გამოიყენონ.
- დღეისათვის, დაწყებითი კლასის საფეხურზე არის განმავითარებელი შეფასების სისტემა. არ იწერება ნიშნები და მოსწავლე კლასიდან კლასში გადასასვლელად ქულებით არ ფასდება. რამდენად გამართლა დაწყებით საფეხურზე განმავითარებელი შეფასების სისტემამ და ხომ არ ფიქრობთ, ამ შეფასებების სისტემის გადახედვასაც, ცვლილებას?
- განმავითარებელი შეფასებების მოდელი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში ძალიან სერიოზულად მუშაობს. კითხვაზე პასუხს, რამდენად გაამართლა, სჭირდება შესაბამისი კვლევა. სამი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ძალიან მალე დაიდება, მაგრამ განმავითარებელი და განმსაზღვრელი მოდელები სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის შეფასებაში, მის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ეს აპრობირებული მოდელებია შემოტანილი სკოლაში. შინაარსობრივი კვლევა თუ როგორ იმუშავა, რა ეფექტი დატოვა, სჯობს განვითარდეს, როგორ წავიდეთ წინ და ა.შ. ამაზე გვექნება კვლევის პასუხები.
- და მაინც, ხომ არ ფიქრობთ დაწყებით საფეხურზეც შეფასებების სისტემის გადახედვას ან/და ცვლილებას?
- განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით, წინმსწრებით, ვერაფერს გეტყვით, რას და როგორ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ასეთი განზრახვა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, ამ ცვლილების მთავარი არსი იყო შემდეგი - განმსაზღვრელ ნიშნიანი შეფასება რჩება, კომპონენტები კი, რომელიც აქამდე იყო, ყველასთვის სავალდებულო არ არის. თუკი კონკრეტული სკოლა, კონკრეტულ საგანში მიიჩნევს, რომ შეუძლია შესაბამის კათედრებთან კომუნიკაციით გაიაროს ეს თემა, კომპონენტი ან ჩაანაცვლოს, ან დამამატოს ან იგივე დატოვოს, ამ გზაზე განათლების და მეცნიერების სამინისტრო მათ მარტო არ დატოვებს. ჩვენგან იქნება არამხოლოდ ზოგადი კონსულტირება, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, დარგობრივიც. განაგრძეთ კითხვა