ავტორი:

"სააკაშვილს ესმის, რომ ფულის წყალობით პარტიაზე კეზერაშვილის კონტროლი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ თუ ამას დაუპირისპირდება, პარტია შეიძლება საერთოდ ჩამოეშალოს" - ექსპერტი

"სააკაშვილს ესმის, რომ ფულის წყალობით პარტიაზე კეზერაშვილის კონტროლი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ თუ ამას დაუპირისპირდება, პარტია შეიძლება საერთოდ ჩამოეშალოს" - ექსპერტი
  • ფოტო არქივიდან

23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" მეოცე წლისთავზე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში საიუბილეო ღონისძიება გამართა. პარტიამ თავისი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების გარდა, სამომავლო ხედვები წარმოადგინა. საინტერესო იყო პატიმარი ექსპრეზიდენტის მიმართვა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის იტვირთოს პარტიის პოლიტიკური ლიდერობა. მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოში ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი. 22 ნოემბერს მან პარტიასთან ერთად გამოაქვეყნა მანიფესტი, სახელწოდებით "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე". 11- პუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად". ღონისძიებას არ დასწრებია ნიკა მელია, შესაბამისად, არც მანიფესტისთვის მოუწერია ხელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, მისი და პარტიის გზები საბოლოოდ გაიყოფა, თუმცა მისი შინაარსი ბევრს არ მოსწონს. ერთი მხრივ, სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით "ნაცმოძრაობის" წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები. მეორე მხრივ, პარტიის ლიდერები მანიფესტს, რომლის ტექსტი ისედაც არაერთ კითხვას ბადებს, ერთგვარ წყალგამყოფად წარმოადგენენ. რა ხდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ლიდერები რას ამბობენ, არამედ ის, თუ რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" ელექტორალური თვალსაზრისით. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია უკვე გახლეჩილია და თან უკვე დიდი ხანია. დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, რა რიტორიკა აქვთ. პარტიაში აშკარად ჩრდილოვანი მმართველობაა. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც "ქართულ ოცნებას" ვაკრიტიკებთ, მაგრამ იგივე ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". კიდევ უარესი, ამ პარტიაში ორმაგი ჩრდილოვანი მმართველობაა. ერთია მიხეილ სააკაშვილი - არაინსტიტუციური ბელადი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი იყოს, და მეორე არის ფული, ანუ კეზერაშვილი. ეს ვითარება პარტიაში ბევრს აწუხებს, აწუხებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მნიშვნელოვან ნაწილსაც. რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს, ჩემი აზრით, მისი მთავარი ამოცანა დღეს პარტიის შენარჩუნებაა. ის მშვენივრად ხვდება, პარტიაში გადაულახავი წინააღმდეგობებია და მანევრებს მიმართავს. ერთი მხრივ, მას ესმის, რომ ფულის წყალობით პარტიაზე კეზერაშვილის კონტროლი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დაუპირისპირდება, პარტია შეიძლება საერთოდ ჩამოეშალოს. მეორე მხრივ, არ უნდა იმ აქტივის დაკარგვაც, რომელიც ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. მისი ეს უცნაური რიტორიკა სწორედ ამით არის განპირობებული.

გაგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ მან მიიჩნია, რომ მელიასთვის თავისი ადგილი უნდა მიეჩინა და სამაგალითოდ დაესაჯა. შესაბამისად, ზუგდიდში დანიშნული შეხვედრის წინ შეუტია, ფაქტობრივად, უთხრა, თუ რამე არ მოგწონს, წადი პარტიიდანო, მაგრამ მეორე დღეს ნახა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, საკმაოდ მასშტაბური შეკრება ზუგდიდში მაინც გაიმართა, რამაც დაანახა სულ სხვა რეალობა და მეორე დღეს ისევ მოეფერა მელიას. ამით მეორე მხარე გაღიზიანდა და სააკაშვილს უკვე ულტიმატუმით დაუწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ მას მოუწია არჩევანის გაკეთებამ არსებული მენეჯმენტის სასარგებლოდ, მაგრამ ახლა მელიას იზოლირებას ცდილობს.

- მელია ხომ მარტო არ მიდის პარტიიდან, მასთან სერიოზული ჯგუფია, და სააკაშვილი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ეს ჯგუფი რამენაირად შეინარჩუნოს - პოლიტსაბჭოში ხალხის მიწვევა სწორედ ამას ემსახურებოდა. ამით ფიქრობს მელია მარტო დატოვოს. ეს მანევრები ბანალური და თეთრი ძაფით ნაკერია, მაგრამ გაყოფა გარდაუვალია. როგორც უკვე გითხარით, ელექტორალურად პარტია უკვე გაყოფილია, ახლა ეს ტექნიკურად როგორ გაფორმდება, ვინ რა პოზიციაზე დარჩება, ამისთვის მიდის ბრძოლა.

მელია პარტიიდან წასვლისთვის საუკეთესო მომენტს არჩევს, რათა ელექტორატის ნაწილი მას გაჰყვეს. ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ დაუპირისპირდება, მშვენივრად ესმის, რომ მისი ფაქტორი მის ელექტორატშიც მნიშვნელოვანია და ამას ანგარიშს გაუწევს. უახლოეს პერიოდში უკვე ვნახავთ ამ საკმაოდ ბანალური ისტორიის დასასრულს, რაც პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. საქმე ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა მნიშვნელოვანი იქნება იმ მთავარი პრობლემის მოგვარებისთვის, რასაც ჰქვია ქართული პოლიტიკის ყოვლად მანკიერი ორპოლუსიანობა.

არც კეზერაშვილის ფრთას აქვს მანევრისთვის დიდი სივრცე. მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილი თუ გავიდა თამაშიდან, მათი პარტიული პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება. გააგრძელეთ კითხვა