ავტორი:

2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა

2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო  მე-14 ადგილზე გავიდა

2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო 16 კონკურსანტს შორის მე-14 ადგილზე გავიდა. ქვეყანა საერთაშორისო კონკურსზე "რანინას" მეექვსე სეზონის გამარჯვებულმა ანასტასია ვასაძემ და "რანინას" 2022 წლის ფინალისტებმა - ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა წარადგინეს.

მათ შეასრულეს სიმღერა Over The Sky, რომლის ავტორები არიან მებო ნუცუბიძე (მუსიკისა და ტექსტის) და ბეთხო - ირაკლი მანჩხაშვილი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, რომელიც ასევე მუშაობდა სასცენო დადგმაზე ქორეოგრაფ გიორგი ტორიაშვილთან ერთად.

ანასტასიასთან, ნიკოლოზსა და ოთოსთან ერთად "ევროვიზიის" სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვიდა, მხატვრული ტანმოვარჯიშეები - ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია.

  • ქართველმა მომღერლებმა 74 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს.

საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა. კონკურსის მასპინძელმა ქვეყანამ გამარჯვება წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში სულ მესამედ მოიპოვა.

რიგით 21-ე საბავშვო "ევროვიზია" საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჩატარდა.

ზოგადად, საქართველო საბავშვო "ევროვიზიის" წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. ისევე როგორც წლევანდელ გამარჯვებულ საფრანგეთს, კონკურსი ჯამში სამჯერ აქვს მოგებული საქართველოსაც.

პირველად 2008 წელს "ბზიკებმა" გაიმარჯვეს, 2011 წელს პირველ ადგილზე გავიდა ჯგუფი "ქენდი", 2016 წელს კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო, 2022 წელს კი მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ: