შაბათს, რუსეთმა უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინის დედაქალაქ კიევზე ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა.
"სულ დაახლოებით, 75 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ორი მიმართულებით - პრიმორსკო-ახტარსკიდან და რუსეთის კურსკის რეგიონიდან. უპირველესი სამიზნე იყო ქალაქი კიევი“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების Telegram-ის პოსტში.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ჯარები, ტაქტიკური ავიაცია, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ირანული წარმოების 71 თვითმფრინავის განადგურება მოახერხა. დნეპროპეტროვსკის რეგიონში ასევე განადგურდა მართვადი რაკეტა Kh-59. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის მიხაილო შამანოვის თქმით, სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ლოკაციას ცეცხლი გაუჩნდა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსს. ასევე, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა - ერთს დნიპროვსკის რაიონში, მეორე ჰოლოსიევსკის რაიონში.
საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერხიი პოპკოს თქმით, სოლომიანსკის რაიონში დრონის ჩამოგდების შედეგად, ცეცხლი საბავშვო ბაღს გაუჩნდა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხასებით, თავდასხმის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი გაწყდა, რის გამოც 77 საცხოვრებელი კორპუსი და 120 დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. არსებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა 5 ადამიანი.